Guardian: ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა, მეუღლე კი უკვე რუსეთში გადააფრინა
17:02:05     19-07-2012
დამასკოში, ნაციონალური უშიშროების სამსახურის შენობაში ტერორისტი-თვითმკვლელის მიერ გუშინ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც თავდაცვისა და შს მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები ემსხვერპლნენ, პრეზიდენტი ბაშარ ასადი გაქრა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. ბრიტანული Guardian-ისა და თურქული Hurriet-ის ცნობით ტერაქტის შედეგად დაიჭრა პრეზიდენტი ბაშარ ასადიც, რომელიც ამ დროისთვის ლატაკიაშია ევაკუირებული, მისი მეუღლე ასმა ასადი კი, რუსეთში გადაფრინდა.
ლატაკია საპორტო ქალაქია, რომელიც პორტ ტარტუსის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაა განთავსებული. იმის შესახებ, რომ ასადი გუშინდელი ტერაქტის შემდეგ საჯაროდ აღარსად გამოჩენილა, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმაც დაადასტურა, ტომი ვიტორმა კი განაცხადა, რომ ასადი კარგავს კონტროლს სირიაზე და მისთის უკვე გარდამტეხი მომენტი დგება. ასადის ოპოზიციის აქტივისტებიც ამტკიცებენ, რომ სამთავრობო არმიაში მასობრივი დეზერტირობა დაიწყო.
გუშინდელი ტერაქტის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის შესახებ რეზოლუციის განხილვაც გადადო. ასევე ცნობილი ხდება, რომ ასადს 160 მილიონი დოლარის ოდენობის აქტივები გაუყინა დიდმა ბრიტანეთმა. აქტივების დიდი ნაწილი იმ კერძო კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, რომლებიც ასადის მოკავშირეები არიან.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, ასადი ლატაკიადან ტერაქტის საპასუხო ოპერაციას ხელმძღვანელობს, თუმცა მისი ძალები უკვე დასუსტებულია. პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის უსაფრთხოებას სპეცსამსახურები ვეღარ უზრუნველყოფენ. თავად სირიაში გავრცელებული ხმების თანახმად, რეჟიმი მყარად ვეღარ დგას, რადგან ასადი უჭვე ეჭვებმა მოიცვა. ერთ-ერთი ვერსიით გუშინდელი ტერაქტი სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული, - არასანდო პირების ლიკვიდაციის მიზნით, რადგან ასადი ფიქრობს, რომ ისინი მას სახელმწიფო გადატრიალების გზით ჩამოიშორებდნენ.
თუმცა მეორე ვერსიით, ტერაქტი დამასკოში ბაშარ ასადის პირადი დაცვის წევრმა მოაწყო, რითაც სერიოზული დარტყმა მიაყენა რეჟიმს. ტერაქტმა იმსხვერპლა თავდაცვისა და შს მინისტრები, ასევე დაზვერვის შეფი, ასადის სიძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
ბოლო ინფორმაციით, დამასკოში ოპოზიციას ცენტრალური გზები უკვე ბლოკირებული აქვს და იერიში ასადის სასახლეზე მიაქვს. თავად ასადი კი ლატაკიადან ტერაქტის გამო შურისძიების ოპერაციას ატარებს. ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით სირია უკვე დატოვა არა მარტო ასადის ცოლმა, არამედ მისმა ახლო ნათესავებმაც.