მაჟორიტარი კანდიდატების გამო, „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილებაა

  13:47:29     19-07-2012

„მეოცნებეთა“  მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია. ივანიშვილმა ის დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა. მართალია, ზოგიერთის დასახელების დროს გვარი შეეშალა, ზოგიერთის წარდგენისას კი უცნობი ტოპონიმიკური დასახელებები მოიშველია, მაგრამ ბიძინას კომიკური „სპიჩები“ უკვე აღარავის უკვირს.

ხალხს  გულიანად აცინებს, ხოლო მის იმიჯმეიკერებს თავსატეხს უჩენს, როგორ დააზეპირებინოს   ივანიშვილს დაწერილი ტექსტები უშეცდომოდ.

ბიძინა უშეცდომო არც მისივე „სპიჩების“ მსგავსი კანდიდატების წარდგენისას აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ „ოცნებისტების“ ნაწილმა, შესაძლოა, პარტიაც კი დატოვოს რეგიონებში წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების გამო.  ერთ-ერთი სკანდალი ამის გამო „ქართული ოცნების“ რიგებში ეკა ბესელიას ფოთის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენას მოჰყვა.

თუმცა ეს ერთადერთი ფაქტი არაა. მისმა წარდგენამ არა მხოლოდ რიგითი ფოთელების უკმაყოფილება, არამედ ფოთის „ქართული ოცნების“ ლამის  მთელი ოფისის აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული უკმაყოფილება მას შემდეგ წამოვიდა, რაც ბიძინამ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შემადგენლობა მოტყუებული დატოვა, ფოთში მათ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წარდგენას დაპირდა, რომლის დიდი ბაბუა ნიკო ნიკოლაძე ფოთელებისთვის სათაყვანებელი პიროვნება იყო.  

სალომე ზურაბიშვილი კი პარტიაში ეკა ბესელიამ  „დაბლოკა“, რომელიც ჯიუტად ითხოვდა ივანიშვილისგან მის მაჟორიტარად დაყენებას. ფოთში  ბესელიას  კანდიდატურის დაყენებამ კი „ქართული ოცნების“ იქაურ აქტივში ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ  „ფეისბუქი“ ააჭრელეს ბესელიას კანდიდატურის  კრიტიკული შეფასებებით.

მეტიც, ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გახოკიძემ,  ბიძინა ივანიშვილს ღია წერილითაც მიმართა და კანდიდატურა დაუწუნა, თუმცა ივანიშვილს, არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე პასუხი არ გაუცია თავისივე პარტიის წევრებისთვის. ეტყობა ასეთი დემოკრატიით ცდილობს გააკვირვოს ევროპა. 

ევროპა ჯერ ნამდვილად არ გაუკვირვებია, აი, ფოთელები კი არა თუ გაკვირვებულები , არამედ გაღიმებულები დატოვა. ფოთის ორგანიზაციის  ერთ-ერთი წამყვანი სახე , ლელა ებრალიძე ჯერ ღია განცხადებებისგან თავს იკავებს, თუმცა შეფასებებს სოციალურ ქსელში გამოთქვამს:

"...გელოდებით, როდის დაგვილაგებს თბილისი ფოთს. ჩვენ ხომ არ გვენდობიან ჩვენს ქალაქს".

 ,,კლანი-კლანია....მერკანტილთა დაუსჯელი პარპაში ოცნებაში ძალიან მიკვირს", - თუმცა ვისი მისამართით წერდა ებრალიძე სხვა შემთხვევების მსგავსად, არ დაუკონკრეტებია.

–"ბიძინასადმი ჩვენს დამოკიდებულებას, ვინ როგორ იყენებს ოცნებაში - სხვა საკითხია, ან როგორ ექცევიან ადამიანებს, რომლებმაც სრულიად გულწრფელად და უანგაროდ იმუშავეს 8 თვის განმავლობაში“.

 -"ფოთი არაფოთელებს!!! რა სჭირს ქალაქს ან ქალაქელებს და რატომ დღემდე სდუმან?.... თანაქალაქელებო მე დღეს ვხედავ თქვენში გამოღვიძებას და სურვილს იმისა, რომ ადგილობრივი კადრით ჩანაცვლდეს ყველა, მაგრამ ასევე ვხედავ რიგი ფოთელების არაკეთილსურვილს, რომელიც დაჟინებით იბრძვის კვლავ არაფოთელი გაიყვანოს ფონს.

მე ვუერთდები ფოთელთა უმეტეს ნაწილს, უმრავლესობას, რომელიც ითხოვს ადგილობრივ კადრს და მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, ხოლო რაც შეეხება უმცირესობას, თითზე ჩამოსათვლელ ფოთელებს ვუთხრათ: იქნებ გონს მოეგონ და გააკეთონ სამართლიანი არჩევანი და დადგნენ ჩვენს გვერდით!!"

ეს არასრული ამონარიდებია „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციიდან გამოთქმული უკმაყოფილებების, როგორც „პრესა ჯის“ თავად „ქართული ოცნების“ რიგითი წევრები  უყვებიან , ასეთი კანდიდატურებით, ეკა ბესელია-ფოთში, თინა ხიდაშელი-საგარეჯოში და ა.შ.პარტია  ფონს ვერ გავა და გამორიცხული არაა, ამ ფაქტებს  „ქართული ოცნების“ რიგებიდან უკმაყოფილო   აქტივისტების გადინება მოჰყვეს.

არადა, ივანიშვილი „ბრონირებული“ ტრიბუნიდან ხალხს „აბოლებდა“, კანდიდატურების დაყენება თქვენთან შეთანხმებით მოხდებაო.  საკვირველი დემოკრატიაა შუშის სასახლეში!!!