ნიკო სამადაშვილი - „ატენის სიონი“
12:50:34     19-07-2012
1905 წლის 19 ივლისს სოფელ ხიდისთავში, გორთან ახლოს, მიხეილ და ოლღა სამადაშვილების ოჯახში დაიბადა შესანიშნავი ქართველი პოეტი ნიკო სამადაშვილი.
მალე ოჯახს ქალიშვილიც შეეძინა. მომავალი პოეტი მცირეწლოვანი იყო მამა რომ გარდაეცვალა.
1917 წელს გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მოგვიანებით ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა.
1920 წელს ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლს მიაბარა, საიდანაც ერეკლე ტატიშვილმა წაიყვანა და საკუთარი ხარჯით მზრუნველობდა. სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში.
1928 წლიდან ბორჯომის რაიონის სოფელ საგდერში ცხოვრობდა და სოფლის დაწყებით, ოთხკლასიან სკოლაში ასწავლიდა.
1929 წელს დაბრუნდა თბილისში და ბურალტრად დაიწყო მუშაობა. დაქორწინებული იყო ორჯერ. მეორე ქორწინებიდან სამი შვილი შეეძინა.
1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით და 5 წელი მიუსაჯეს.
ციხიდან გამოვიდა ომის შემდგომ.
დაუფასებელი გენიოსი გარდაიცვალა 1963 წლის 1 მაისს...
მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს "ლიტერატურულ საქართველოში", ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" გამოვიდა 1973 წელს. მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ნიკო სამადაშვილის ლექსს „ატენის სიონი“. ნიკო სამადაშვილის შესანიშნავ ლექსებს ისევ გავიხსენებთ.
ატენის სიონი
დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა
პირქუში, როგორც ამაოება.
შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით
გამოქვბული და მყუდროება.
სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ,
ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა.
ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.
უფლის ნათელი დაბარბაცებდა
გაუთენარი გზების ბოლომდე.
კერპები თვლემდენენ გაღმით ბორცვებთან,
ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ.
დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს
მდინარე ტანა ჩაუდიოდა,
საიქიოდან წუთისოფელი,
როგორც მამალი, ისე ყიოდა.
სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი,
ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს.
მოციქულებს კი, გარდატანის კლდეზე,
ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს.
წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.
ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.
მოსულ შეთქმულთა ნათელ ოცნებას,
გუმბათის სვეტი გარს იტბორებდა,
მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს
სამრეკლო ღამე იმეორებდა.
სიონში მრევლის ტევა არ იყო,
გარეთ გალობდნენ მწირი ბერები.
ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან,
ვით ხანშესული ქალდეველები.
ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ.
ელავდა მთვარე - ქურუმთა ოდა.
მოჰქონდათ ჯვარ, ჭრაღები ენთო,
და დანახვისზედ ჭოტი კიოდა?.