„კაზინო მათი მღელვარებისა“: ჯერ არარსებული კაზინო ყაზბეგში, რუს ჩინოვნიკებს უკვე ანერვიულებს...

  17:45:42     18-07-2012

მოსკოვს არ უყვარს მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ საქართველოს გამოსდის, მოსკოვს კი - არა. მართალია, მოსკოვს არ გამოსდის არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ არ სურს. მაგრამ განსხვავება იმდენად თვალშისაცემია, რომ მოსკოვს ეს აღიზიანებს - წერს ჟურნალისტი ალექსანდრ პოდრაბინეკი, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიციის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, სისიხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლა, ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი - ეს ყველა ქართული წარმატება კრემლს აცოფებს.

საქართველოზე გაუკუღმართებული წარმოდგენის შექმნა რუსეთში ჩვეულებრივი ამბავია. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი მოსკოვს ახალ იდეას აწვდის: სასწრაფოდ ატეხონ განგაში იმის გამო, რომ საქართველო, საქართველო-რუსეთის საზღვარის რაიონში კაზინოს გახსნის ინიციატივით რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას ემუქრება...

რა „საფრთხეს“ მოიცავს კაზინოს გახსნა ყაზბეგის რაიონში რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უკვე ხშირი სტუმრები არიან? მათთვის ეს „კანფეტი“ შეიძლება ძალიან გემრიელი აღმოჩნდეს, რადგან რუსეთში ასეთი სათამაშო დაწესებულებები აკრძალულია და მხოლოდ შორეულ აღმოსავლეთში, კრასნოდარის მხარეში, ალტაის მხარესა და კალინინგრადის ოლქში მოქმედებს.

რასაკვირველია, იქ არავინ დადის.

ეს ყველაფერი კი გაკეთდა იმისთვის, რომ სათამაშო ბიზნესი კრიმინალურ იატაკქვეშეთში გადასულიყო და ფული შემდგომ  საგადასახადოზე, პროკურორებსა და „ეფესბეშნიკებზე“ გადანაწილებულიყო. ახლა კი ეს იდეა ყაზბეგის რაიონში კაზინოს გახსნისა... ის უკვე ნერვებს უშლის რუს ჩინოვნიკებს, თანაც საზღვარზე, თანაც ისე, რომ რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ.
თანაც, რუსები იქ არა მარტო ითამაშებენ, არამედ ქართულ ეკონომიკას რუსული ფულით გაამყარებენ.

ამიტომ, თუ ასე გაგრძელდება, ძალიან მალე, „ეს ცუდი“ ქართული კაზინო შესაძლოა, მოსკოვში განხილული იყოს, როგორც პირდაპირი საშიშროება რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის.

საქართველოში საერთოდ არ ებრალებათ ჩრდილოელი მეზობელი. არავინ თანაუგრძნობს გადაუჭრელ რუსულ პრობლემებს, არ შეეთამაშებიან რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც თავისივე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს ებრძვიან. პირიქით, დასცინიან მათ სისულელეებს და აჩვენებენ, როგორ შეიძლება ყველაფერი გააკეთო ისე, რომ ზიანი არ მიაყენო ხალხსა და სახელმწიფოს. რუსეთში კი ეს წარმოუდგენელია, რადგან ვლადიმერ პუტინის სავიზიტო ბარათი და რუსეთის განვითარების მისეული სტრატეგია ავტორიტარიზმია - წერს რუსი ჟურნალისტი.