„ქართული ოცნების“ წევრთა პასუხები კითხვაზე - ვინ დაიწყო ომი...

  17:21:51     18-07-2012

„პრესა.ჯი“-მ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრები გამოკითხა. მათ მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვით - ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში... 

მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ამ კითხვას ან თავს არიდებენ ან მათი ბელადის მოსაზრებას იზიარებენ...

პრესა.ჯი: ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში? 


არჩილ კბილაშვილი: არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, არ შემისწავლია... ამიტომ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

- არ იცით ვინ დაიწყო ომი?

- არ ვარ კომპეტენტური...

პრესა.ჯი: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან, ეთანხმებით მის შეფასებას?

ირაკლი სესიაშვილი: კითხვას სვამთ არასწორად. ჯერ სწორად დამისვით შეკითხვა და შემდეგ გიპასუხებთ.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებაა ეს...

- არა, მასე არ უთქვამს. საომარი მოქმედებების დაწყებაზე იყო საუბარი და არა ომის დაწყებაზე. შეიძლება რაღაც საკითხებზე მქონდეს მე ჩემი მოსაზრება, მაგრამ ძირითად ნაწილს ვეთანხმები...

- ვინ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი?

- ...საქართველოს მოქმედებამ ხელი შეუწყო საომარი მოქმედებების დაწყებას, რასაც მოჰყვა შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომი. რუსეთის მხრიდან კი, საერთაშორისო სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

- ბატონო ირაკლი, ვინ დაიწყო ომი? კონკრეტულად გვიპასუხეთ...

- საომარი მოქმედებების პროვოცირება მოხდა საქართველოს მხრიდან...

პრესა.ჯი: ვინ დაიწყო რუსეთ საქართველოს ომი?

გიორგი ვოლსკი: იყო პროვოკაციები და შეცდომები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ომი.

- ომი ვინ დაიწყო - რუსეთმა თუ საქართველომ?

- საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები“...

„მეოცნებე“ იურისტმა ზაქრო ქუცნაშვილმა კი, მას შემდეგ, რაც ჩვენი შეკითხვა მოისმინა, განგვიცხადა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და კომენტარს ვერ გააკეთებდა...