კობა ხაბაზი: პუტინისტი ივანიშვილი ჩვენზე რას ფიქრობს, ნაკლებად გვაღელვებს...

  12:19:28     18-07-2012

მმართველი პარტია  საპარლამენტო არჩევნების თარიღს უახლოეს დღეებში დაასახელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი, დარწმუნებულნი არიან, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში უმრავლესობით გაიმარჯვებენ, რადგან ქართველი ხალხი მხარს იმ ძალას დაუჭერს, რომელიც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას შეეწინააღმდეგება.  პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი დეპუტატს, კობა ხაბაზს ესაუბრა:

- თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვის მიზნით, მმართველმა გუნდმა ერთობლივი ოთხ პუნქტიანი დეკლარაცია შეიმუშავა, რომლის მიხედვით, უმრავლესობა საარჩევნო კამპანიის პროცესში, ძალადობასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე უარს ამბობს. საპარლამენტო ოპოზიცია ამ დოკუმენტს მიესალმება, ხოლო „ქართული ოცნება“ დოკუმენტს ხელს არ აწერს. რატომ ეწინააღმდეგებიან დეკლარაციას, მაშინ, როდესაც კოალიცია კამპანიის წარმართვისას, ხშირად დაპირისპირებების ეპიცენტრში ხვდება?  

- თავდაპირველად გეტყვით, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ვიცნობ, რადგან ეს არის „რუსული ოცნება“ საქართველოში. რაც შეეხება დეკლარაციას, გაუგებარია ამ დოკუმენტს პროტესტს რატომ უცხადებენ, რადგან დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვაზე უარს ამბობს და მზად არის განუხრელად დაიცვას ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე. ფაქტია, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ორიენტირებულია იმ ძირითადი გამოწვევების  მოგვარებაზე როგორიცაა - დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ჩვენი ოპონენტები ორიენტირებულნი არიან ქვეყნის დესტაბილიზაციასა და საქართველოს წარუმატებლობაზე. „ქართული ოცნების“ მიზანია ქვეყნის წარსულში დაბრუნება, რასაც თავადაც არ მალავენ.

- რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპონენტებთან შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, თქვენი რეიტინგი ვარდნას განიცდის. რატომ?

- იცით, რომ „ქართული ოცნება“ ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს და მათ შეფასებებზე გულიანად მეცინება, რადგან NDI არის ორგანიზაცია, რომელსაც ბევრი საერთასორისო კვლევა აქვს ჩატარებული. ამასთან, იცით, რომ კვლევების შედეგები ხშირად არჩევნების შედეგებს ემთხვევა. მართალია,  „ქართული ოცნება“ ამ კვლვებს არ ენდობა, მაგრამ სამაგიეროდ, ისინი  პუტინს ენდობიან, აქედან გამომდინარე კი მათი შეფასებები არც მიკვირს.  რაც შეეხება ჩვენი რეიტინგის ვარდნას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოგვიცხადებია და მაინც ამხელა მხარდაჭერა გვაქვს, რაც ჩვენი საქმიანობის შედეგია. ჩვენ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ და ამისთვის მთავრობამ ახალი სამოქმედო გეგმაც კი წარადგინა.

- თუმცა, თქვენს პროგრამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზარზეიმით წარმოადგინა მთავრობის პროგრამა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური პლაგიატი და „ქართული ოცნების" პროგრამების მითვისების მცდელობა“. . .

- პუტინისტი ჩვენს პროგრამას რას უწოდებს - ეს ნაკლებად გვაღელვებს.. .

- ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობა დადო. მმართველი პარტია რას ფიქრობს ამ ბაზრობის აღდგენაზე? 

- ივანიშვილი საქართველოს წარსულში დაბრუნებას რომ ცდილობს, ამისი ერთ-ერთი გამოძახილი სწორედ ეს განცხადებაა. მათ ერგნეთის ბაზრობის აღდგება მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ ამისი დავალება კრემლიდან აქვთ მიღებული, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ კომუნისტური რეჟიმიდან დაწყებული ერგნეთის ბაზრობა კორუფციით, ქრთამითა და ნარკოტიკების გასაღებით იყო სახელგანთქმული, ჩვენ კი ეს ყველაფერი აღვკვეთეთ.

- რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების თარიღს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი როდის გამოაცხადებს ამ  დღეს?

- სავარაუდოდ, თვის ბოლომდე.

- პოლიტიკურად რამდენად ცხელი ზაფხული გველოდება და მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვების რას შანსები აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი კვლავ აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობით მოვა?

- ქართველების ხასიათიდან გამომდინარე, მართლაც ცხელი პოლიტიკური ზაფხული  გველოდება. უახლოეს მომავალში, წინასაარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოვაცხადებთ და საქმიანობას კიდევ უფრო აქტიურად შევუდგებით. რაც შეეხება ჩვენს შესაძლებლობებს, ოპონენტებისგან განსხვავებით, საოცარი რწმენა მაქვს, რომ ქართველი ხალხი და საქართველო წარსულ, რუსულ სივრცეში არ დაბრუნდება და ზუსტად ვიცი, რომ უმრავლესობით მოვალთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალიან კარგები,  არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობა აუცილებლად  მხარს იმ ძალას დაუჭერს, რომელიც  საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას შეეწინააღმდეგება.

- თქვენ იქნებით საარჩევნო სიებში?

- ამ გუნდში ჩემი ყოფნა იმით არასოდეს ყოფილა განპირობებული, რომ  რაიმე  თანანმდებობა მქონოდა, არამედ ჩემი აქ ყოფნა იმ წარმატებებიდან გამომდინარეობს,  რომელსაც ქვეყანა ეწევა და მიხარია, რომ ამ გუნდში ვარ. ვიქნები თუ არა სიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ გუნდის წევრი დავრჩები.