ატენის სიონი

  08:13:22     18-07-2012

ატენის სიონი მდებარეობს შიდა ქართლში, გორის რაიონში გორიდან 12 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. თარიღდება VII საუკუნის მეორე ნახევრით.
ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა თავდაპირველი ბაზილიკის ნაშთი. იგი VII საუკუნის გუმბათიანი სიონის ქვეშ არის მოქცეული. გაირკვა, რომ გრანდიოზულ სუბსტრუქციაზე თავდაპირველად, V საუკუნეში ბაზილიკური ტიპის ეკლესია მდგარა, რომლის ნაადგილარზეც, VII საუკუნის მიწურულს ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა აღუმართავთ ქართლის ერისმთავრებს ნერსესა და მის ძეს სტეფანოზ მამფალს.
ატენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ბაზილიკური ნაგებობის არსებობა დადასტურებულია წერილობითი წყაროებითაც, რის შესახებაც ცნობებს გვაწვდის სირიული ეპისტოლე, რომელიც ბეით მარ ისააკ გაბულელის მონასტრის წინამძღვარ თომას ეკუთვნის. ამ დოკუმენტის მიხედვით, ამავე მონასტრის ეპისკოპოსი სვიმეონი VI საუკუნის 40-50-იან წლებში ჩასულა საქართვალოში, ტანას მონასტერში და იქ არსებული კომფენსიონალური დარღვევების გამო, შეკრებილ ეპისკოპოსებს ანათემაზე გადაცემით დამუქრებია.
ზუსტი ცნობები იმის შესახებ თუ რა მოხდა ატენის საეპისკოპოსოში, კრების შემდგომ, ცნობილი არ არის. და ვინ იცის რა ბედი ეწია მაშინ ტაძარს? ძირფესვიანად დანგრეული ბაზილიკის ნაშთი იქნებ მკაცრი საეკლესიო განაჩენის შედეგი იყო.
ყოველივე ამის მიუხედავად, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ VI საუკუნეში ატენში უკვე არსებობს ისეთი დიდი ტაძარი, სადაც საეპისკოპოსო კრების მოწყობა იყო შესაძლებელი.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხეა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვადასხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ კულტურული ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.
ატენის სიონში არსებულ წარწერათა შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ მეფე ბაგრატ I-მა (937-945წ) სიგელით მისცა მიქაელ ბაღვაშს 940 წელს ატენის ქვეყანა, რის შესახებაც გვამცნობს ტაძრის ინტერიერში ამოკვეთილი ნუსხური შრიფტით შესრულებული დიდი ზომის ერთსტრიქონიანი წარწერა: „ქ. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე მ(იქაე)ლ ბ(ა)ღვაში [მისცა] [ბა] გ(რა)ტ მ(ე)ფ(ე)მ სიგელი ქ(რონონიკონ)ს რ“. აქედან გამომდინარე, ბაგრატ I ან კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში ყოფილა მიქაელ ბაღვაშთან, ან ქვეყანაში შექმნილი შიდა პოლიტიკური სიტუაცია აიძულებდა ატენის ქვეყანა ბაღვაშთათვის დაეთმო.
მიქაელ ბაღვაშის ღვაწლი დიდია ატენის ქვეყანის განვითარებაში, მისი ბრძანებითა და დაფინანსებით აუშენებიათ ზღუდე ატენის სიონისათვის 945 წელს. ამ მოვლენის შესახებ ზღუდის მშენებლობის სარქალს (სამუშაოთა ზედამდგომელს) ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე ორი წარწერა ამოუკვეთავს. სამხრეთის ფასადზე გამოსახული ორფიგურიანი ქტიტორული ქანდაკებიდან ერთი მათგანი სწორედ ეს დიდი ფეოდალია, რასაც გვაუწყებს წარწერა: „ქრისტე ადიდე ერისთავი მიქაელ ესე ზღუდეშექმნა“.
X საუკუნის დასასრულს ბაღვაშთა ფეოდალური სახლის ქტიტორობით ატენის სიონში ჩატარებულა ფართო სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც არაერთი სკულპტურა განუახლებიათ და ახლით შეუცვლიათ. ატენის სიონის მეორე სამშენებლო პერიოდის კუთვნილია რელიეფთა დიდი ნაწილი და მათი საერთო რაოდენობა ოცდაორია. X საუკუნის მრავალრიცხოვან ქანდაკებათა შორის ცამეტი საერო პირია გამოსახული. (მათ შორისაა სომეხი რესტავრატორის თოდოსაკისა და მისი ამქრის ოსტატ-ხელოსანთა პორტრეტულ-რელიეფური ქანდაკებებიც). ამასთანავე ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტების შემცველი რამდენიმე რელიეფი.
საყურადღებოა, ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტი, სადაც დავითის განუყრელი მოწაფე ლუკიანე სასწაულებრივად მოვლენილ ირემს წველის. ეს რელიეფი ეროვნებით სომეხი რესტავრატორის თოდოსაკის მიერაა ხელმოწერილი და X საუკუნით თარიღდება.
X საუკუნის 80-იან წლებში ატენის ქვეყანის მფლობელ ბაღვაშთა ფეოდალურ სახლს მეთაურობს ერისთავთ-ერისთავი რატი I, რომელსაც მოუწვევია ატენის სიონში სარესტავრაციო სამუშაოების საწარმოებლად ეროვნებით სომეხი რესტავრატორი თოდოსაკი და მისი ამქარი ოსტატების: გერგიუმ ერჰასანის ძისა და გრიგოლ დაპსის შემადგენლობით. სწორედ ამ რატი I-ის ქტიტორული ქანდაკებაა წარმოდგენილი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ეკლესიის მოდელით ხელში, ხოლო გვერდით არსებულ რელიეფზე მისი ძე ლიპარიტი გამოუსახავთ.
ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (24 X 19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაქონკის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაქონქი, რომლის წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით - ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს.
საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთ აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია კულტის მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელია: სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში - თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში - ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა და დასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.
სამეცნიერო ლიტერატურაში მოხატულობის თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებია გამოითქმული. წერის მანერის და ტექნიკის ხერხების მიხედვით გაირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათის მხატვრობა შემორჩენილია ფრაგმენტულად: გუმბათის კამარაში - ჯვარი, გუმბათის ყელში - წინასწარმეტყველები, ტრომპებზე - მახარებლები, ტრომპების ნახევარწრეებში სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. აფსიდებში დამოუკიდებელი იკონოგრაფიული ციკლებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ნიკოპეა, ბემის კამარაზე - ქრისტე ყოვლისმპყობელი და ოთხი წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე - თორმეტი მოციქული, ცენტრში - პატარა ჯვარი. ბემის კედლებზე ზიარების ორნაწილიანი სცენაა; ქვემო რეგისტრში ეკლესიის ათი მამის გამოსახულებაა, შუა სარკმლის წირთხლებხე - ორი მესვეტის, აფსიდის შვერილებზე - ორი დიაკვნისა.
სამხრეთ აფსიდი იყოფა ოთხ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან; კონქის აღმოსავლეთ ნაწილში - ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესაგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება. მეორე რეგისტრში - შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის დაბადება, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ტაძრად მიყვანება; მესამეში - ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი; მეოთხეში - შობა და ღვთისმშობლის მიძინება.
ჩრდილოეთ აფსიდიც ოთხ რეგისტრად იყოფა და აქაც ზედა რეგისტრში მთავარანგელოზია გამოსახული; კონქში - მირქმა და ნათლისღება; მეორე რეგისტრში - ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა; მესამეში - საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, მენელსაცხებლე დედანი; მეოთხეში - ამაღლება, სულიწმიდის მოფენა.
დასავლეთ აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. ბემის თაღში გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს; აფსიდის პირველ რეგისტრში - ვედრება მოციქულებით და ანგელოზებით (ნაწილი ფიგურებისა ბემში გადადის); მეორე რეგისტრში, ფანჯრის ზემოთ - ჰეტიმასია; აფსიდის სამხრეთ კედელზე, ორ რეგისტრში გამოსახულია სამოთხე წმინდანთა გუნდებით; ჩრდილოეთ კედლის ამავე რეგისტრებში კი ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენტებია შემორჩენილი; ქვედა რეგისტრში წარმოდგენილნი არიან წინასწარმეტყველები. მოპირდაპირე მხარეს ქვედა რეგისტრის გაგრძელებაზე კტიტორთა პორტრეტებია.
მეორე ფენის მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფრის სხვადასხვა ტონებზე - ბაცი მონაცრისფროდან სუფთა კობალტამდე და ამ ფერების მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან შეხამებაზე. სახეები მოდელირებულია ბაცი, ოდნავ მოყავისფრო ტონის ფართო მონასმებით. ატენის სიონის მოხატულობა ქართულ მონუმენტური მხატვრობოს მნიშვნელოვანი ნიმუშია.
გ. აბრამიშვილის თვალსაზრისით ატენის სიონი უნდა მოეხატათ გიორგი II-ის მეფობის შემდეგ, რადგან მისი მოღვაწეობის ბოლო წლამდე თურქ-სელჩუკების მიერ მოოხრებული საქართველო არა ერთხელ იდგა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე. ამდენად, ამ ძნელბედობის ხანაში, ქვეყანა მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნავდა. ერთობ დამაფიქრებელად მოსჩანს ის ფაქტიც, რომ ქართული ხელოვნების ისტორიაში, ხელოვნების ნებისმიერი დარგის, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო ძეგლიც კი არ არის ცნობილი, ამ პერიოდით დათარიღებული. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე ატენის სიონი მოუხატავს დავით IV-ს, მისი ზეობიდან ოთხი წლის შემდეგ 1093-1096 წლებში.
მეფე დავით IV აღმაშენებელმა ატენის ქვეყნის მნიშვნელობა კარგად იცოდა. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა და სძლია კიდეც ბაღვაშთა უძლიერეს ფეოდალურ სახლს.
ფეოდალური ხანის საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ატენის ქვეყნის მნიშვნელობა იმითაც შეიძლება შეფასდეს, რომ აქ მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით, დარბაზი აუშენებიათ, რასაც გვაუწყებს ატენის სიონის სამხრეთის ფასადზე განაწილებული ქალაქმშენებლობის მაუწყებელი ვრცელი ქართული ასომთავრული წარწერა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დავით აღმაშენებელს ატენში სამეფო საჭურჭლე დაუარსებია, თბილისის, ქუთაისისა და უჯარმის შემდეგ რიგით მეოთხე.
ტაძარი ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. შიგნიდან მომრგვალებულ აფსიდს გარეთ შეესატყვისება სამწახნაგოვანი შვერილი, რომელსაც ბრტყელი თაღოვანი ნიშებით უკავშირდება კუთხის ოთახების გლუვი კედლები. გუმბათი ფართო და დაბალია, გუმბათის ყელი - მასიური. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის კუთხის კედლები არასწორადაა ამოყვანილი - ზევით ვიწროვდება (ჩანს შეკეთების კვალი). კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა მასიურობისა და სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის.
განსაკუთრებით მორთულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას. სარკმლები შემკულია დეკორატიულ რელიეფური სათაურებით. ტაძრის მთავარი სამხრეთის შესასვლელი (აქ კარიბჭე მდგარა) მორთულია ორმაგი ბურთულებიანი კაპიტელებით, ბაზისებით და დეკორატიული ნახევარსვეტებით.
ატენის სიონის დასავლეთის ფასადზე ამოკითხულ იქნა მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072წ.), მეფე დავით IV-ისა (1089-1125წ.) და მისი ძის დემეტრე I-ის (1125-1156წ.) წარწერები, რომლებიც გვირგვინოსნებს საკუთარი ხელით უნდა შეესრულებინათ. შესაბამისად ეს პილიგრიმული წარწერები მათ ავტოგრაფებს უნდა წარმოადგენდეს.
გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ფასადზეც რელიეფური გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერაა. გუმბათის ყელის სარკმლების სათაურებიც ორნამენტირებულია. პროფილირებული სადა ლავგარდანები გვიანდელია.
ატენის სიონი ქართული კულტურის მრავალმხრივ საყურადღებო და გამორჩეული ძეგლია. ტაძრის კედლებზე დაცულია მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული და ფრესკული წარწერები. გამოვლენილ წარწერათაგან უძველესი 711 წლით თარიღდება. აღმოჩენილი წარწერებიდან რაოდენობრივად ჭარბობს ქართული (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) მათთან ერთად აქ დასტურდება: სირიული, ბერძნული, სომხური, არაბული, სპარსული, საეკლესიო სლავიანური, და ებრაული ტექსტები.
ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი საუკუნოვანი ქარტეხილების მიუხედავად დღესაც აოცებს მნახველს და ნათელს ხდის, რომ ქართული კულტურა უკვდავია.

წყარო