რატომ დააკავეს კონსერვატიული პარტიისა და ეროვნული ფორუმის წევრები?

  12:37:07     17-07-2012

სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ბრალდებით კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი წევრი დააკავა. დაკავებულები არიან მერაბ კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით წაუყენებენ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ შეიტანოს წელიწადში 1200 ლარი, ხოლო მოქალაქეს შეუძლია პარტიის სასარგებლოდ წელიწადში განახორციელოს შემოწირულობა 60 000 ლარის ოდენობით.

ამავე კანონით იკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევრო შენატანის ან შემოწირულობის განხორციელება. გამოძიების ინფორმაციით, კანონის აღნიშნული მოთხოვნის გვერდის ავლით, პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც კოალიციის ხელთ არსებული ფული, მისთვის „კანონიერი“ სახის მიცემისათვის, უნდა გადანაწილებულიყო ათეულობით ფიზიკურ პირზე, რომლებიც საკუთარი სახელით პარტიისთვის შემოწირულობას განახორციელებდნენ“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების და სამართლადამცავების მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი „კონსერვატიული პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა.

აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ „კონსერვატიული პარტიის“ ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.

ამასთან, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იგივე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის“ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით „ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით.

პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე გამოძიება 2012 წლის მაისში დაიწყო.