იეთიმ გურჯი - „ყველას თითო რამე უყვარს“
11:18:06     16-07-2012
1940 წლის 15 ივლისს, გარდაიცვალა ცნობილი თბილისელი აშუღი, სახალხო მგოსანი და მომღერალი იეთიმ გურჯი. იეთიმ გურჯი, როგორც ცნობლია ლექსებს თხზავდა ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ამ ფაქტში კარგად ჩანს, მისი ცხოვრების ბიოგრაფიაც და მაშინდელი კავკასიის ყოფაც.
იეთიმ გურჯი (დაბღიშვილი) დაიბადა 1875 წელს ტფილისში, ღარიბი ხელოსნის - დაბაღის (მეტყავის) ოჯახში. მისი წინაპრები ქართველები იყვნენ, რომლებიც თურქებს ჩავარდნიან ტყვედ და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი გურჯი ანუ ქართველი სწორედ მაშინ მიიღეს.
იეთიმ გურჯის მამა იბრაჰიმი თბილისში ჩამოსახლდა და ცოლად შეირთო სომეხი ქალი სარა. სიმამრს იბრაჰიმი მოუნათლავს სომხურად და თავისი სახელი გრიგოლი დაურქმევია მისთვის. გრიგოლს როცა ვაჟი შეეძინა, სახელად იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს.
15 წლის ასაკში იეთიმს მამა გარდაეცვალა და ოჯახი, დედა და და, მისი სარჩენი გახდა. მომავალი პოეტი შეგირდად დაუდგა მუსიკალური საკრავების ოსტატს და შეისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტების (ჩონგურის, ჭიანურის, დაირის და სხვა) დამზადება. დაოსტატების მერე თვითონ ამზადებდა საკრავებს. პარალელურად ვაჭრობდა წიგნებით. წერა-კითხვა ქარალდის პარკებზე ისწავლა, სკოლაში არასდროს არ უვლია ნიჭიერ მგოსანს. მამის სიკვდილიდან სამი წლის მერე დედაც დაეღუპა. ობოლი და-ძმა ხარფუღიდან მეტეხის ხიდის ახლოს, პატარა მიწურში გადასახლდა.
იეთიმი ახალგაზრდებს სიმღერებს ასწავლიდა. მაშინ ეს საქმიანობა საკმაოდ პოპულარული იყო, ადრე პრესა.გე“-ს მკითხველს ვუამბეთ ცნობილი მელექსის, დაირაზე დაკვრის ოსტატის, აშუღების უსტაბაშის ჰაზირას (აბრამ აბრამოვის) შესახებ, რომელიც შესანიშნავ, საქართველოსადმი სიყვარულით სავსე, პატრიოტულ ნაწარმოებებს ქმნიდა და თავად ამღერებდა ქართულ ენაზე.
„აშუღი“ (არაბ. აშიკ - მიჯნური, მეტრფე), სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი)“.
აშუღები თხზავდნენ ტექსტს, შეუწყობდნენ ჰანგს და მღეროდნენ რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით. ხშირად სხვათა ლექსებსაც ამღერებდნენ. თავიდან სამიჯნურო თემატიკა სჭარბობდა მათ შემოქმედებაში, თუმცა, მერე საგმირო ჟანრს, სოციალურ და პატრიოტულ თემატიკასაც მიმართეს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აშუღები მომრავლდნენ საქართველოში. ხალხს ძალიან მოსწონდა აშუღური შემოქმედება.
1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში, იეთიმ გურჯი ბაქოში მუშაობდა ნავთობის რეწვაზე. მონაწილეობას იღებდა მუშების კრებებსა და საპროტესტო დემონსტრაციებში, რისთვისაც ციხეში და გადასახლებაში მოუწია ყოფნა. იქვე ისწავლა ხატვა, მზარეულობა, მძივების კეთება, რაც ციხეში მჯდომებს დროის გაყვანაში ეხმარებოდა და მერე ხელობადაც ადგებოდა. 1912 წელს იეთიმ გურჯი დაბრუნდა სამშობლოში, ცოტა ხანში დაწერა შესანიშნავი ლექსი: „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“.
იეთიმ გურჯმა ლექსების გამოთქმა დაიწყო 1895 წლიდან. თავის ლექსებისათვის სასიმღერო მოტივებს თავად ქმნიდა. ჰყავდა დასტა (მეზურნეთა ანსამბლი). იეთიმს კარგი ხმა ჰქონია და ამიტომ ძალიან პოპულარული იყო. მის სახლის შესასვლელთან ოთხენოვანი (ქართული, რუსული, ფრანგული და სომხური) წარწერა იყო გაკრული - იეთიმ გურჯი. მისი პირველი წიგნი - პოემა: „ანაბაჯის ლექსი“ გამოვიდა 1909 წელს.
ერთხელ იეთიმ გურჯს ესტუმრნენ ნიკოლოზ ვერჟბიცკი და სერგეი ესენინი. მათ, განსხვავებით იმპერიალისტებისაგან, ძალიან უყვარდათ ქართველობა და საქართველო. ქართველმა აშუღმა სთხოვა ესენინს ლექსი წაეკითხა. ესენინმა წაუკითხა ერთ-ერთი თავისი ლექსი. იეთიმი ადგა, აიღო ღვინით სავსე თასი და თქვა: „გაუმარჯოს ჩემს რუს ძმას, დიდ პოეტს“. მერე უამბო იგავი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ესენინის ერთი ლექსი.
ჩვენს მკითხველს გავახსენებთ იეთიმ გურჯის ორ ლექსს. მის შესახებ საუბარს სხვა დროს კიდევ განვაგრძობთ.
ობოლი ქართველი
ყველა მოკვდება, რაცა ჩანს,
უკვდავი უხილავია,
რასაც კი თვალი იხილავს,
სუყველა წასავალია!
სიცოცხლე ტყვეობა არის,
ესე ქვეყანაც - გალია,
დარაჯად გვიდგა სუყველას
თითონ სიკვდილის თვალია!
ვერვინ გაიგო ჯერეთა
გამჩენი ვინ უფალია
და ვინ ბატონობს სამყაროს
ანუ რომელი ძალია!..
ჰაერი მიუწვდომელი,
არა აქვს ბოლო, თავია,
ჩვენი ქვეყანაც ჰაერში
მიჰქრის - პატარა ნავია!
ისეც ჩავქრებით სწრაფადა,
რად გვინდა თოფი, ხმალია?
უნდა ძმურადა ვცხოვრობდეთ
გრიქულ, ივანე, ალია!
კეთილი საქმე ვაკეთოთ,
ქვეყანა შესაბრალია,
ზავი, მშვიდობა, ერთობა,
იეთიმ, თქვი, ვისი ვალია?!
1916 წელი
ყველას თითო რამე უყვარს
ყველას დაკვრას ყურს არ ვუგდებ,
სალამურში ვინც რა ბეროს!
ყველამ თავის საქმე იცის,
თუგინდ ჭრას და თუგინდ კეროს.
მე არავის ხელს არ ვუშლი,
მეც არავინ დამემტეროს;
სწორე თქმისთვის კი მზადა ვარ,
სხვასაცა ვთხოვ, არ მეფეროს!
ყველას თითო რამე უყვარს,
მე კი ჩემსას შემაბეროს!
"სხვისი ჩემზედ ლამაზია", -
ეს ვერავინ დამაჯეროს.
რაც ვიყავი სწორედ ის ვარ,
იეთიმ-გურჯმა სწორედ სწეროს.
სიყვარულის ჩონგურს დაჰკრას,
თანაც ჩაგრულებს უმღეროს!
მე სახალხო მგოსანი ვარ,
თბილის-ქალაქს, საქართველოს!
1920 წელი