სვეტიცხოვლობა
11:02:07     13-07-2012
30 ივნისს (ახალი სტილით 13 ივლისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს კრებას წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტ მოციქულთა: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისასი (თადეოზისა), სიმონ მოშურნესი და მატათასი - სვეტიცხოვლობას.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველთათვის, რადგან სვეტიცხოვლის ტაძართან არის დაკავშირებული ერთ-ერთი ჩვენი უდიდესი სიამაყე. ამ ტაძრის წიაღში ხომ განისვენებს მაცხოვრის კვართი.
სვეტიცხოველი არის ტაძარი, რომელთანაც დაკავშირებულია რაც კი მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსათვის.
სვეტიცხოველი არის ტაძიარი, რომლის მშენებლობა დაიწყო პირველად ქართულმა სახელმწიფომ, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გახდა ჩვენი სახელმწიფო რელიგია.
სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის მშენებლობასთან არის დაკავშირეული ჩვენი სახელმწიფოს შესახებ პირველი ცნობები ქრისტიანულ სამყაროში. სვეტიცხოვლის მშენებლობის დროს გამოვლინდა საქართველოს მნიშვნელობა ქრისტიანულ, ახალი აღთქმისეულ ეპოქაში.
12 საკრალური რიცხვია. იაკობმა და მისმა 12 ძემ დაარსეს ახალი ისრაელი, ღვთის რჩეული ქვეყანა, ერი. 12 ქალწულმა, წმინდა ნინოს მოწაფემ, ანუ 12 დედამ და წმინდა ნინომ, მიიღეს მონაწილეობა 12 მოციქულის სახელობის ტაძრის მშენებლობაში და ჩვენ ვიცით, რომ სასწაულის მეშვეობით მოხდა იმ პირველი ტაძრის აშენება, რომლის საფუძველზე მეთერთმეტე საუკუნეში, გაერთიანებულმა საქართველომ აღაშენა ერის მთლიანობისა და სახელმწიფობრივი დიდებულების სიმბოლური გამოხატულება - სვეტიცხოვლის ტაძარი.
თორმეტი მოციქულის სახელობისაა ჩვენი საკათედრო ტაძარი სვეტიცხოვლისა. 12 დედამ ააშენა ის. იოანე ზედაზნელმა მისმა 12 მოწაფემ განამტკიცეს საქართველოს ეკლესია. მანამდე, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიიდან კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი გამოითხოვა...
დავით აღმაშენებელი 12 მეფის სუზერენი იყო... სვეტიცხოველთანაა, მცხეთასთანაა დაკავშირებული საქართველოს დიდება, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქრისტემ ერთადერთი თავისი ამქვეყნიური ქონება, კვართი, პერანგი დაუტოვა ქართველებს და ის სვეტიცხოველში ბრძანდება... ეს არის კაცობრიობისათვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. ამგვარი სიწმინდე მხოლოდ 2 აქვს ადამიანებს, ქრისტეს კვართი და მისი არდაგი...
მცხეთა არის ერთ-ერთი უდიდესი და უწმინდესი ადგილი ახალი აღთქმის მიმდევართათვის. სწორედ ახალი აღთქმის დამფუძნებელთა, 12 მოციქულის სახელზეა აშენებული ტაძარი სვეტიცხოვლისა, საქართველოს ერთიანობის სიმბოლო.
დღევანდელი დღე უდიდესი დღესასწაულია ქართველთათვის და ქრისტიანბისათვის მთელს მსოფლიოში.
გავიხსენეთ12 მოციქულის იდეოლოგია, ახლა 12 მოციქულის ტროპარი გავიხსენოთ. 12 მოციქული, ქრისტეს 12 მოწაფე იყოს საქართველოსა და ჩვენი ოჯახების მფარველი.
ტროპარი:
მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი:
შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსნებისა აღმასრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.