სანდრო შანშიაშვილი - „უცნაურობა“
11:01:34     13-07-2012
1888 წლის 13 ივლისს სოფელ ჯუგაანში დაიბადა გამოჩენილი ქართველი პოეტი, XX საუკუნის ქართული დრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1911 წელს. მერე, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა გააგზავნეს სასწავლებლად ევროპაში. ისმენდა ლექციებს შვეიცარიაში, ციურიხის, შემდეგ, გერმანიაში, ბერლინისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1906 წელს გაზეთ „ისარში“. ლექსების პირველი კრებული „ბაღი სევდისა“ გამოვიდა 1909 წელს. 1916 წელს, გიორგი ლეონიძესთან ერთად გამოსცა ლიტერატურული კრებული „საფირონი“.
1916-1918 წლებში იყო გაზეთ „საქართველოსა“ და ჟურნალ „მერანის“ რედაქტორი. 1923 წლიდან მუშაობდა ჟურნალ „დროში“ პასუხისმგებელ მდივნად.
სანდრო შანშიაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული დრამატურგიის და თექტრის წინაშე. მისი ადრეული პიესებია: „უგვირგვინო მეფენი“, „ბერდო ზმანია“, „ლატავრა“ , შემდგომი პერიოდისა: „მათრახის პანაშვიდი“, „ანზორი“, „ფოლადაური“, „არსენა“, „გიორგი სააკაძე“, „კრწანისის გმირები“, „იმერეთის ღამეები“. მისი სცენარის მიხედვით არის გადაღებული ფილმი „არსენა“. დრამატურგიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის 1949 წელს მიანიჭეს სახელმწიფო პრემია.
სანდრო შანშიაშვილს თარგმნილი აქვს უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ და „დონ კარლოსი“, ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“.
სანდრო შანშიაშვილი გარდაიცვალა 1979 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მისი ქალიშვილი, ლატავრა შანშიაშვილი წერდა: ”– 1979 წელს გარდაიცვალა მოხუცებულობისგან. მამა თავისი კალმით ბოლომდე ემსახურა თავის საყვარელ სამშობლოს. ხშირად სთავაზობდნენ, იუბილეს გადაგიხდითო, მაგრამ მამა უარზე იყო. მხოლოდ სამოცი წლის იუბილე გადაიხადა. მახსოვს, თბილისსა და კახეთში დიდი ზეიმი იყო. ქართველმა ხალხმა მამას ოქროს კალმისტარი აჩუქა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. მასზე ასეთი წარწერაა: "დიდ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს სანდრო შანშიაშვილს, ქართველი ხალხისგან". ჯუგაანში მამას სახელობის სკოლაც არის. მისი დასაფლავება მთაწმინდის პანთეონში უნდოდათ, მაგრამ მამას ანდერძი ჰქონდა დატოვებული, რომ დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ, რადგან დედაც იქ იყო დასაფლავებული. მამაჩემი რუსთაველის თეატრიდან გაასვენეს, როგორც მათთვის საყვარელი დრამატურგი და დედას გვერდით დაკრძალეს“.
დღეს გთავაზობთ სანდრო შანშიაშვილის რამდენიმე ლექსს.
ბატონიშვილს გული უწუხს
ბატონიშვილს გული უწუხს
მარტო ვეღარ სძლებს!
უგვირგვინოდ ბაღში დადის,
რჩეულს სევდა სძლევს.
სდუმს ხუმარაც, აღარ ამობობს
იგავ-არაკებს...
თავს ყორანი დასტრალებთ,
შავი შავად ჰყეფს!
ბატონიშვილს გული უწუხს,
მარტო ვეღარ სძლებს!
ავად არის დედოფალი,
ფერმიხდილი წევს.
გრძნობს, საყვარელს დაშორდება,
ჩუმად ცრემლი სჩქეფს!
ბატონიშვილს გული უწუხს,
მარტო ვეღარ სძლებს!
სეფე ქალნი ქვითინებენ,
ტირილი აქვთ რძლებს!
გლოვის ზარი ჩამორეკეს,
თალხს აცმევენ ღერბს,
ბატონიშვილს აღარ სძინავს,
გულხელს დაიკრეფს...
ყორანი კვლავ დაყიალებს
და ყარყუმი ჰყეფს!
1918
უცნაურობა
არ მინახავს, დაეჭიროს
მტრედს მიმინო, ბატკანს მგელი,
გატეხილი კვლავ გამთელდეს,
კუტმა განვლოს შარა გრძელი!
ბრმამ თვალხილულს გზა უჩვენოს,
ყრუმ სიმღერა შეაფასოს.
ყინვა შეშად შეუკეთო
და საჭმელი მოგიხარშოს!
გიჟი ჭკუას ასწავლიდეს.
თევზი ცხვართან ბალახს ძოვდეს,
მკვდარს ცოცხალი აეკიდოს,
წყალი აღმა მთისკენ რბოდეს,
არ მინახავს არასოდეს!
1918
სინათლის რძალი
შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად, დილის მზის სატრფოდ,
კდემით
ჩაგიცვამს შუქის კაბა ჰაეროვანი...
ზღაპრული მძივი ყელს გიმშვენებს, მკერდს უამბორებს,
სხივის
სარტყელი დაგფრიალებს, წელს გინარნარებს.
გულის
საბამი
ვარდის
ძუძუს
ჩაჰკონებია
და ასე მოხვალ ღვთაებრივი დიდებულებით,
რომ სულის გზაზე მიმოფინო ოქროს ნათელი!...
შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად, ზაფხულის სატრფოდ,
სიბრძნის უშრეტი სიხარული შემოგიბურავს,
სიამოვნების სიოს ფლოსტი ფეხზე ჩაგიცვამს,
ნუგეშის სკიპტრა მოგიზიდავს ბრწყინვალე ხელში
და ასე მოხვალ ნათესავთა სულის წიაღზე,
რომ ღვთაებრივმა მიმოფინო საღმრთო ნათელი!
შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად და მგოსნის სატრფოდ...
შენ ხარ სიმბოლო განწმენდილი ტრფიალებისა.
შენ დაგვანახე უკვდავება სათნო თვალებში,
წმინდა
ხარ,
როგორც
სიყვარულით მიმქრალი გრძნობა.
ტკბილი
ხარ,
როგორც
უიმედო
მიჯნურის კვნესა,
ტკბილი
ხარ,
როგორც
ჩუმი
ნატვრა
შეყვარებულის,
წმინდა
ხარ,
როგორც
ტანჯულ
გულის
გამოძახილი.
ასეთი
მოხვალ
ნათესავთა სულის შარაზე,
რომ ღვთაებრივმა მიმოფინო წმინდა ნათელი!...
შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად, ერის საუნჯედ...
ვიდრე
გნახავდი, მეც ძველთაებრ წარმართი ვიყავ -
წარმართად დავრჩი, რადგან კერპი დღეს შენ ხარ ჩემი!
შენს
სადიდებლად ვმღერი ლოცვას, როს თვალს გარიდებ
და საღამოთი ვეხუტები შენს მოგონებას.
და გულში ვამბობ, გიხაროდეს, ქართლის მნათობო!
კვლავ
ასე მოხვალ ღვთაებრივი დიდებულებით,
რომ სულის გზაზე მიმოფინო ოქროს სხივები!
(1912)
თამარ დიელო
ხარ დედოფალი, ყვავილებით გვირგვინოსანი,
სინაზის ნიშნად ხელთ გიპყრია ნორჩი სოსანი.
იგია
შენი
ძლევის
სკიპტრა - ფერადოსანი,
შოთამ
მამხილა, ვყოფილიყავ შენი მგოსანი!...
და, აჰა, გიმღერ ქართვლის ქალო, სულო მზიერო!
ჩემი
დროების საუნჯეო, სოფლად ძლიერო!
ზაფხულის პირო, წმინდა ნებით მარად ციერო,
თამარ
ლამაზო
და ნარნარო ივერიელო!
როს ახლოვდება შენი დიდი დღესასწაული,
შემოგევლება მდელოს მწვანე გარს სამკაული!
ზეიმით
ხვდება
შენს
დიდებას დღე სხივოსანი,
ამ დროს ვერ იტყვი, თუ რად მღერის შენი მგოსანი!
(1915)