
"არ მოიყვანოთ ესენი ხელისუფლებაში, თორემ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია"
10:49:37     13-07-2012
საქართველოს დევნილთა სახალხო პარტიის თავმჯდომარის, ბორის კაკუბავას განცხადებით, „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს. „მათი საქმიანობა ამ კუთხით ჯერ კიდევ 1992–1993 წლების მოვლენებამდე დაიწყო. ისინი დიდი ხანია რუსული სპეცსამსახურების მიერ დაქირავებულნი არიან და მუშაობენ ამ თემაზე. კონკრეტულად, ესენი იყვნენ ძმები ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა და ასევე ირაკლი მაჭავარიანიც მუშაობდა მათთან ერთად“, – განუცხადა ბორის კაკუბავამ presa.ge-ს.
– სავარადოდ, „რესპუბლიკელებს“, აფხაზეთის დამოუკიდებლობის გეგმა ჯერ კიდევ არძინბას მოსვლამდეც ჰქონდათ შემუშავებული?
– ალბათ, ჰქონდათ შემუშავებული, რადგანაც ჯერ კიდევ არძინბას ხელისუფლებაში მოსვლამდე ისინი ჩადიოდნენ აფხაზეთში, ოჯახებშიც დადიოდნენ, მაგრამ, ეტყობა, მანამდე აფხაზეთის ხელისუფლებაში ვერ მონახეს ის ხალხი, ვინც მათ წინადადებებს გაიზიარებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, ბორის ადლეიბა უკვე გაათავისუფლეს და მოიყვანეს ვოვა ხიშბა, რომელიც ისეთი პიროვნება გახლდათ, რომ იმხელა ავანტიურაზე, რასაც არძინბამ მოაწერა ხელი, არასოდეს წავიდოდა.
ამიტომ, შემდეგ უკვე რუსებმა არძინბა მოიყვანეს, რომელიც მათი სპეცსამსახურების მიერ იყო „დავერბოვკებული“. იგი მოსული იყო პირდაპირი დავალებით, დეპუტატიც არ იყო, ისე დანიშნეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
არძინბას ჩამოსვლის შემდეგ, სოხუმში პირველი ვიზიტი „რესპუბლიკელების“ მიერ იქნა განხორციელებული. შემდეგ მათ კიდევ უფრო მოუხშირეს ვიზიტებს. მაშინ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ვიყავი და აფხაზეთის ერთიანობის კავშირის თავმჯდომარედ ამირჩიეს. ამ კავშირში ყველა ქართული პოლიტიკური ორგანიზაცია იყო გაერთიანებული და ჩვენ დავიწყეთ ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობა. ჩამოდიოდნენ, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე და ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის სხვა ლიდერები, რომლებიც გხვდებოდნენ ჩვენ. ჩამოდიოდნენ ასევე „რესპუბლიკელებიც“, რომლებიც ჩვენ არასოდეს შეგვხვედრიან. ესენი ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობას არ გვეკარებიან, მაგრამ ყველგან ტივტივებენ.
ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, მალხაზ პატარაია (აფხაზეთში ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი) მეუბნება, „რესპუბლიკელები“ არიან ჩამოსულები, სასტუმროში არიან და თუ ეს იციო. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რატომ გვემალებოდნენ, როცა ჩამოდიოდნენ და ავედით სასტუმროში. იქ სხვებიც იყვნენ ჩასულები, მაგრამ ნომერში ივლიანე ხაინდრავა დაგვხვდა, გამოვიდა დერეფანში, ვისაუბრეთ, მაგრამ არ გვითხრა, რომ არძინბასთან ყოფილა ჩასული. ეს ის პერიოდია, როდესაც სიტუაცია ქართველებსა და აფხაზებს შორის იძაბება.
არძინბა პრესაში ანტიქართულ წერილებს აქვეყნებდა წერდა დამოუკიდებლები ვართო. ქუჩაში შეიარაღებული აფხაზები გამოჩნდნენ, ჩვენც გვითვალთვალებდნენ და გვსურდა არძინბასთან გაგვერკვია რა ხდებოდა. ამიტომ, 10–12 კაცი შევედით მასთან და როგორც ეროვნული ერთიანობის საბჭოს თავმჯდომარემ დავიწყე საუბარი, ვუთხარი ჩვენ ყველანი, მათ შორის თქვენც, ვართ–მეთქი საქართველოს მოქალაქე.
ამაზე არძინბამ არ მიპასუხა, მაგრამ ვუთხარი, ეს საქართველოა და მასში შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაც. თქვენამდე ვცხოვრობდით, როგორც ძმები, ერთი ოჯახის წევრები და ახლა ვხედავ ისეთ ნაბიჯებს დგამთ, რაც საზიანოა ქვეყნისთვის. არაო. ეს თბილიდან დაიწყესო, მითხრა. მაშინ გაზეთი ვუჩვენე და ვუთხარი, თქვენ აქ წერთ, რომ აფხაზეთი დანოუკიდებელი რესპუბლიკაა.
თქვენ უნდა გეთქვათ, რომ საქართელო არის დამოუკიდებელი და მაშინ ხელს ჩამოგართმევდით. სახე მაშინვე შეეცვალა, გამოჰკრა მაგიდის უჯრას ხელი, გამოიტანა იქიდან ფურცლები, აი წაიკითხეთო. თბილისიდან ჩამოდიან პოლიტიკური მოღვაწეები, ისინი პროექტს გვთავაზობენ, როგორ გავთავისუფლდეთ ჩვენ თქვენგან და ვიყოთ დამოუკიდებლები და თქვენ აფხაზეთის მცხოვრებნი ამის წინააღმდეგნი ხართ?
მე მგონი სამი, თუ ოთხი ფურცლისაგან შდგებოდა პროექტი და ეწერა „რესპუბლიკური პარტია“. მერე ეს „რესპუბლიკური პარტიაა–მეთქი“. მითხრა, დიახ, თბილისს სურს ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვცეს და თქვენ ეს არ გინდათ? მაშინ წადით, ენგურს გაღმა და იქ მოიპოვეთ თქვენი დამოუკიდებლობაო. ვლადისლავს მაშინვე პირდაპირ ვუთხარი, ასე არ გამოვა–მეთქი და ერთმანეთს ხმაურით დავშორდით. ისეთ დაძაბული შეხვედრა იყო, რომ მარტო დედა არ გვიგინებია მისთვის. თითს გვიქნევდა, თქვენსას მიიღებთო, ხოლო მე მითხრა, შენ კი, კაკუბავა, შუბლში ტყვიას მიიღებო.
„კაზიოლ ტი“–მეთქი ვუთხარი და ამის შემდეგ არძინბასთან შეხების წერტილები არ გვქონია. ამის შემდეგ ჩვენ ჩამოვედით თბილისში და ჯონი ლატარიასთან ერთად გავახმიანეთ „რესპუბლიკელების“ ეს „ვაჟკაცობა“.
– რა რეაქცია მოჰყვა ამას?
– თბილისისთვის, ეროვნული მოძრაობისთვის ცნობილი იყო, რომ ეს ხალხი, „რესპუბლიკელები“ საქართველოს დაშლის მომხრენი იყვნენ. მაშინდელი ეროვნული მოძღაობა მათ ისე უყურებდა, როგორც ჩასმულ აგენტებს. ესენი სხვებს ეძახდნენ რუსეთის აგენტებს და თავად იყვნენ რუსული სპეცსამსახურების მიერ „დავერბოვკებულნი“. ამასთან ორმაგ თამაშს თამაშობდნენ, რადგანაც ამერიკელების მიერაც იყვნენ „დავერბოკებულნი“, ანუ ორმაგი აგენტები იყვნენ. ალბათ, დღესაც ასე არიან.
მოდით, ერთი წუთით დავუშვათ, რომ აგენტები არ არიან, უბრალოდ მაშინ შეცდომა დაუშვეს, ეგონათ, ასე უკეთესი იქნებოდა,მაგრამ გადის წლები და პოლიტიკოსმა დაშვებული შეცდომა ხომ უნდა გამოასწორო?
მაშინ რა დატრიალდა აფხაზეთში ხომ კარგად იცი, ამდენი დახოცეს, გამოყარეს იქიდან, იცი რომ ამაში შენი წვლილიცაა, რადგან შენ მიეცი იმ ხალხს საბაბი, ეთქვათ, რომ ამას საქართელოს პოლიტიკური პარტიები მიესალმებიან. ახლაც იგივეს აკეთებ, მაშინ რა ჰქვია ამას?
ან კიდევ მაშინაც და ახლაც ესენი საზღვარგარეთ დაჰქრიან და ყოველივე ამას პროპაგანდას რომ უწევენ, ვინ არიან ესენი?
ეს ქალი, თინა ხიდაშელი, ასე ურცხვად რომ იმეორებს საზღვარგარეთ კონფერენციებზე ჩვენ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა ვცნოთო. რატომ აძლევენ ამათ ამის უფლებას. მსგავსი რამ მხოლოდ რესპუბლიკელებისგან როდი მესმის. ე.წ. კავკასიოლოგი არეშიძეც ხომ იმას იძახის.
– ყველა მათგანმა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ მოიყარა თავი. როგორ ფიქრობთ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ?
– ხალხი, დევნილები მოდიან ჩემთან და იძახიან, თუ ჩვენ ივანიშილს მივცემთ ხმას, მაშინ გამოდის, „რესპუბლიკელები“ მოგვყავს და ამით, აფხაზეთის დამოუკიდებლობასაც ვაძლევთ ხმას. რატომ უნდა გავიბრიყვოთ თავი? რაღაც ერთჯერად დახმარებას დავხარბდეთ და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?
თუ ასე ვიზამთ, გასაგებია, „რესპუბლიკელები“ მოდიან ხელისუფლებაში, რომ ეს გააკეთონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მისცეთ ამის უფლებაო.
– თქვენ რის გაკეთებას აპირებთ, რომ ყოველივე ამას წინაღუდგეთ?
–ჩვენ თუ ვიცით, რომ ამათ ასეთი პროგრამა აქვთ, მაშინ რატომ უნდა მივცეთ ხმა? არ უნდა მივცეთ და ხელი შევუშალოთ. მე ვიცი, ერთი რამ – ხელი შევუშლო მათ მოსვლას.
„რესპუბლიკელებს“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ახლა ჰყავთ ივანიშვილის სახით ლოკომოტივი, რომ მოვიდნენ და მათ თუ ამაში ხელი შევუწყვე, გამოდის, ვყოფილვარ ჩემი ერის მოღალატე. ყველა დევნილი ვინც „რესპუბლიკელებს“ ამაში ხელს შუწყობს, ერის მოღალატე იქნება. ჩვენ, დევნილების სახალხო პარტია სულ მალე ყრილობა ჩავატარებთ და ავირჩევთ ჯან–ღონით სავსე 15 ათასამდე ადამიანს, ვინც საქართველოს ფეხით შემოივლის, ქართველ ხალხს დაუჩოქებს და შეეხვეწება, არ მოიყვანოთ ესენი ხელისუფლებაში, თორემ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია.