
პუტინი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს „აფხაზური და ოსური სცენარებით“ ემუქრება
11:38:58     12-07-2012
საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტირიაზე, იქ, სადაც კრემლმა სამხედრო აგრესიითა და ექსპანსიით უშუალოდ რუსეთის პასპორტების დარიგება და სხვადასხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა რუსეთის მოქალაქეებად ქცევა ვერ მოახერხა, პუტინი ახალი გეგმის რეალიზებას იწყებს. მისი ინიციატივა სიახლე არ არის და ის საბჭოთა კავშირის ან სულაც, რუსეთის იმპერიის რაიმე ფორმით აღდგენას ისახავს მიზნად და მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის მოქალაქის პასპორტის აღება მარტივად უნდა შეეძლოთ: საბჭოთა კავშირის ყოფილ მოქალაქეებს და მათ პირდაპირ შთამომავლებს, რომლებიც სსრკ-ში დაიბადნენ და ასევე, თვით რუსეთის იმპერიის მოქალაქეთა შთამომავლებსაც.
„საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა როლის საფუძვლიანი გააზრება უნდა მოხდეს. ბევრს სურს სარგებელი მოუტანოს თავის ისტორიულ სამშობლოს, ჩვენი უცხოური წარმომადგენლობები კი ამ განწყობილებას სათანადოდ არ აფასებენ“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პირველი, განგაში უკრაინამ ატეხა. პოლიტოლოგი სტანისლავ ფედორჩუკი ამბობს, რომ პუტინის ინიციატივა უკრაინის პირდაპირი ანექსიის ტოლფასია და ზოგადადაც, ყოფილი საბჭოთა სივრცის შემადგენელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად: „ეს არის ანექსიის მცდელობა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა. ქვეყნები, რომლებიც თავის მოქალაქეებს უფლებას მისცემენ ჰქონდეთ რუსეთის მოქალაქეობა, არ მიიღებენ დადებით შედეგს... ეს პირდაპირი მუქარაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომელიც პასპორტების დარიგებით განხორციელდება“ - განაცხადა ექსპერტმა.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. თუკი პუტინის ინიციატივა ძალაში შევა, ის თავიდანვე აგრესიული იქნება „სამიზნე ქვეყნების“ მიმართ, რადგან საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამ ქვეყნების კანონმდებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პუტინმა ცალმხრივად გადაწყვიტა დემონსტრირება მოახდინოს, რომ მას შეუძლია ისე წაართვას მოქალაქეები ქვეყნებს, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებს არაფერი ჰკითხოს.
ამ ნაბიჯის დესტრუქციულობაზე ექსპერტები საუბრობენ.
ვლადიმერ ვიატროვიჩი (უკრაინელი ექსპერტი): ეს იმ კურსის გაგრძელებაა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ატარებს და თავისი არსით იმპერიალიზმია: გააფართოვოს რუსეთი მის საზღვრებს გარეთ. ცხადია, ასეთი ნაბიჯი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას მოახდენს ქვეყნებში, რომლის მოქალაქეებიც, ოდესღაც, საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ და მათ ჯერ კიდევ შერჩათ საბჭოთა აზროვნება. ამ ხალხს რუსეთი თავისი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს.
... არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გეგმები (უკრაინაში) „ქართული სცენარის“ რეალიზაციამდე მივა, რადგან მან თვით რუსეთშიც ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, მაგრამ ასეთი ოპერაციის მასშტაბები უკრაინაში გაცილებით დიდი იქნება, ეს კი, თავად რუსეთისთვის არის საშიში. სხვა საქმეა, რომ „ქართული სცენარით“ შეშინება შეუძლიათ და შესაძლოა, ამისთვისაც კეთდება კიდეც ყველაფერი.
რომან იაკოვლევი (ბელორუსი ექსპერტი):
ვლადიმერ პუტინი სიტყვებს ფუჭად არ ამბობს და მის მიერ დაპირებული პასპორტიზაცია
გვაგონებს იმას, რაც მან ეს უფრო მცირე მასშტაბებში გააკეთა აფხაზეთსა და სამხრეთ
ოსეთში, როცა უცბად, ამ ქართული რეგიონების მცხოვრებლების უმრავლესობა რუსეთის
მოქალაქეები გახდნენ.
მის განცხადებას იმპერიული ელფერი აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ პოლონელები და
ფინელები - ევროკავშირის წევრები, რატომღაც რუსეთის მოქალაქეები გახდებიან. ეს
წარმოუდგენელია... თუმცა ამით, შეიძლება
ცუდად შეეხონ უკრაინას.
იგორ ლუბაშენკო (პოლონელი ექსპერტი): ვფიქრობ, პუტინის ინიციატივა ორიენტირებულია სამხრეთ კავკასიაზე, უკრაინასა და ბელორუსზე.
ანდრეი ოკარა (რუსი პოლიტოლოგი): „თანამემამულეების“ პასპორტიზაციის სტრატეგია გულისხმობს, რომ ისინი გახდებიან რუსეთის აგენტები მის საზღვრებს გარეთ და რუსეთი მათ თავისი პოლიტიკის არგუმენტად გამოიყენებს.