
ლიუბას "მორბენალი სტრიქონები"...
00:33:28     12-07-2012
„ქართულ ოცნებაში“ ფულის შოვნის ყველას თავისი გზა აქვს. თუმცა, ლიუბა ელიაშვილს ერთერთი ყველაზე შემოსავლიანი „ცეხი“ აქვს ხელთ ჩაგდებული. ლიუბას „ცეხი“ სოფლელი გოგო–ბიჭებისაგან, პატარ–პატარა „ჟურნალისტუკებს“ ჩორკნის.
დაახლოებით, ისე „პაპა კარლომ“ რომ ხის ბიჭუნა გამოჩორკნა. მერე მათ „ინფო 9“ –ში ასაქმებს, ხელში მოკროფონს დააკავებინებს და შუკა–შუკა, შარა–შარა არბენინებს. ლიუბა ეშმაკი ქალია და ოლიგარქი ადვილად "დააბოლა", რომ მისი „ცეხი“ იდეოლოგიური მანქანაა, რომელიც პოლიტიკაში კლიმატს შექმნის.
ამაში ოლიგარქს ბლომად ფულიც გამოართვა. სხვათაშორის, ლიუბა ოლიგარქისაგან განსხვავებით საკუთარ ნათესავებზე გადამტერებული არ გახლავთ. პირიქით - საკუთარი და დაასაქმა „ინფო9“–ში. აბა რა, ბიძინას იმდენი ფული აქვს, ლიუბას ნათესავების ცხოვრების მოწყობა და ოცნებების ასრულება რა პრობლემაა. მითუმეტეს, როცა ოლიგარქს სჯერა, რომ ლიუბას მიერ გამოთლილი „მორბენალი სტრიქონები“ გაამარჯვებინებენ არჩევნებში.
მოკლედ, დაც დაასაქმა, თავადაც დიდებულად აიწყო ცხოვრება, მაგრამ მაინც არ კმარა... ამიტომ ლიუბამ ბიძინას გაბრიყვების ახალი ეტაპი დაიწყო. ოლიგარქს ისევ არწმუნებს, 300 კაციანი ჯგუფი კიდევ მჭირდება, რომ ყველა სოფელი ავითვისო და ყველგან ჩვენი დესანტი იყოსო.
ისე, საკითხავია ლიუბა, იმ ბიბი-ინფოში ვინც გყავთ რაში გამოიყენეთ? ბანკი „ქართუს“ მეცამეტე სართულზე დატრენინგებული „ინფოელებიდან“ რომელმა შეძლო რეალურ სიტუაციასთან გამკლავება? არ ეყო მაგ საქმეს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის, ივანიშვილის პირადი მიუნჰაუზერის, ლაშა ნაცვლიშვილისა და შენი შესაძლებლობები... ოლიგარქი მოწველეთ და ახლა კიდევ 300 "წყვილის" დასაქირავებელ ფულს სთხოვთ...
საინტერესოა, სად უნდა იპოვოს ლიუბამ 300 ჟურნალისტი და ოპერატორი? თუმცა, ვინ იცის, იქნებ ელიავას ცნობილი ბირჟა დაცარიელდეს... მად მაინც ყველაფრისმცოდნეები იყრიან თავს - ერთდროულად მალიარ-შემდუღებელ-მშენებელ-მგრეველები არიან და ე.წ. ოპერატორ-ჟურნალისტებად ვერ გადაკეთდებიან?
დარბიან სოფელ–სოფელ გზააბნეული "მომზადილი" „ინფოელები“. თავს და ბოლოს რომ ვერ იგებენ, მერე ჩივიან, ხელს გვიშლიან მუშაობაშიო. განა იმაში გიხდით ოლიგარქი ასი ათასებს, ფული თავად ჩაიჯიბოთ და დილეტანტებს ფორმალურად დაურიგოთ კამერები?!
თავისი საქმისა ოლიგარქმა იცის, მაგრამ ჭკვიანი კაცი, ლიუბა ელიაშვილისა და მისი დის "ცეხს" არ დააფინანსებდა. პოლიტიკა რომ ასე არ კეთდება ლიუბამაც იცის, მაგრამ, მისთვის ახლაა სეზონი და ვიდრე ხუხაშვილივით ჩააჩოჩებენ, უნდა მოსწროს. ოლიგარქი არაპროგნოზირებადი, ხუშტურებიანი სუბიექტია. ხვალ იქნებ სხვა ლიუბა გამოუჩნდეს...