
ივანიშვილმა, ნოდარ ჯავახიშვილს 6 მილიონი ლარი ჩაურიცხა
19:47:01     11-07-2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მორიგ აფერაში ამხილა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის საბანკო ანგარიშებიდან, „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე, 6 მილიონ ლარამდე თანხა ჩაირიცხა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჯავახიშვილმა თანხა ჩარიცხვისთანავე გაიტანა ბანკიდან.
„რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები, შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს.
იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიღოს გონივრული რწმუნება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს სთხოვა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში წარუდგინოს დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ“- აღნიშნავენ მონიტორინგის სამსახურში.