
რას ვფიქრობ ბ. ივანიშვილზე?!
11:54:18     11-07-2012
გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი, რომელიც ბ.ბ. ივანიშვილის პოლიტკურ მოღვაწეობას შეეხება. ესაა ერთი კაცის - ჩემი კერძო მოსაზრება... თუმცა, მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს...
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო თვალსაჩინო ხდება „ხელისუფლების მთავარი ოპონენტის“, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური უნიათობა და ფაქტობრივად, სრული კრახი ქართულ პოლიტიკაში. გრანდიოზული გეგმებით, უსაზღვრო ამბიციებით და მყვირალა ლოზუნგებით მოსული ოლიგარქი, მთელი ამ ხნის მანძილზე, ვერაფრით გარდაიქმნა ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსად.
მიუხედავად იმისა, რომ სასახლიდან გამოსვლა როგორც იქნა გაბედა, ივანიშვილის ყოველი „ხალხში გასვლა“ ამ დრომდე იმდენად უფერული, უღიმღამო და უინტერესოა, რომ თვით ჩასაფრებულმა ოპონენტებმაც კი დაკარგეს მისადმი ინტერესი.
პიარ–კამპანიის დამგეგმავმა ქართულ–უცხოურმა ჯგუფებმა, ვერაფრით შეძლეს სულ ელემენტარულიც კი: მილიარდერის საუბრის, მანერის, ადამიანებთან ურთიერთობებისათვის, სხვა თუ არაფერი, უბრალოდ, ბუნებრიობა მაინც შეეძინათ.
რაც მთავარია, ამ ხნის მანძილზე ოლიგარქმა ვერაფრით შეძლო საკუთარი პოლიტიკური ხედვის, პროგრამის, კონცეფციისა და უბრალოდ, მთავარი თეზისების ხალხამდე მიტანა. პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, მილიარდერმა „პირველი ჩვენება“, სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, ათასჯერ შეცვალა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდა...
მის გარშემო „გუნდიც“ შესაბამისი შეიკრიბა: მედასავლეთეების ტყავში გამოკერილი ძველი „კაგებეშნიკები“, „მასონების“ მითიური აჩრდილის ფობიით შეპყრობილი ულტრანაციონალისტები, ღია თუ ფარული რუსეთუმეები, და უბრალოდ, სრულიად უპრინციპო, ფულზე დახარბებული პოლიტიკური პარაზიტები და დაჯგუფებები, რომელთაც მილიარდების წარმოსახვითი სინათლე ამბრმავებთ და აყრუებთ.
რას მიაღწია მთელი ამ ხნის მანძილზე მილიარდერმა? რა შედეგი მიიღო იმ უცნაური საარჩევნო კამპანიით, რომელსაც ამ თვეების მანძილზე აწარმოებს?
თუ რამდენიმე წლის წინ, ქართული ოპოზიციის აქტიურობის პერიოდს გავიხსენებთ და დღევანდელს შევადარებთ, რთული არ იქნება იმის შემჩნევა, რამდენად ჩამორჩება ივანიშვილი თვით „ლეგენდად ქცეულ“ „გრეჩიხასაც“ კი.
ოლიგარქი, რომელიც თავდაპირველად დაბეჯითებით და თავდაჯერებით აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად მიტინგები არ დასჭირდებოდა, რეალური სურათის დანახვის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა. მოგვიანებით, „რადიკალური ქუჩის ოპოზიციის“ უკვე მრავალჯერ ნაცად, გაცვეთილ და დამარცხებულ გზას თავადაც დაადგა, თუმცა, გაცილებით სუსტად და გაუბედავად.
აბა, სად „გრეჩიხას“, ბურჯანაძის, ნათელაშვილის და მათ მსგავსთა შემართება, „ქარიზმა“ და ომახიანი შეძახილები და სად "შუშის კოლბაში" დამწყვდეული, სახლიდან გამოუსვლელი, მიტინგებზე ფურცლების დასტით მოსიარულე, ტრიბუნასთან მორცხვად ატუზული მილიარდერი და მისი ხელოვნური ხმა, ნაძალადევად შეკრული მუშტის ფრიალითურთ...
მოკლედ, თვეები გადის, ოლიგარქი კი თავისი ბიუჯეტით, ფსიქოლოგებით, ლოგოპედებით, უბრალო მუქთამჭამელებით გარშემორტყმული ჯერ ისევ უშედეგოდ ცდილობს საკუთარი კომპლექსების დაძლევას.
რეგიონიდან რეგიონში სიარულმაც ბევრი არაფერი მოუტანა მილიარდერს: ხალხი ან აგრესიით ხვდება ან დაინტერესებას საერთოდ არ იჩენს ან ძალიან მწირი რაოდენობით, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობისათვის გამოდის ოლიგარქისა და მისი თბილისიდან ჩაყვანილი სოლიდური პარტაქტივის საჭვრეტად...
სამაგიეროდ, ბიძინას „ფეისბუქზე“ ალბომებს ალბომები ემატება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ივანიშვილი, მთელ ამ თავის ე.წ. საარჩევნო კამპანიაში, მხოლოდ ამ კონკრეტული სოციალური ქსელის საკუთარი გვერდისათვის პოზიორობასა და თავისი ვაჟის კონცერტებს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.
ბევრი, მისი გარემოცვიდანაც, უკვე დიდი ხანია განხიბლულია იმ პირველი ექსტაზის მერე, რაც „ხელისუფლების მეორე პოლუსის“ გამოჩენამ გამოიწვია... მილიარდერის ხატება თვით მის თაყვანისმცემლებშიც კი, დღითიდღე ფერმკრთალდება და უფერულდება...