მინაშვილი: ივანიშვილი პოლიტიკურ კორუფციას ეწევა

  10:27:25     11-07-2012

მმართველი გუნდის წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემა არ არსებობს და პოლიტიკურ ოპონენტებსა და საზოგადოებას საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება აქვთ. მინაშვილის შეფასებით, მოსაზრების გამოხატვის საშუალება აქვს „ქართული ოცნების“ ლიდერ, ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც პოლიტიკურ კორუფციას ეწევა და დაბრკოლებების შექმნის შემთხვევაში, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოაჩენას ცდილობს. ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებთან და პოლიტიკური კონკურენტების გეგმებთან დაკავშირებით, "პრესა.ჯი" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს ესაუბრა: 

– ND–მ კვლევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის კუთხით, მოქალაქეთა აზრი უარესობისკენ შეიცვალა. გასულ თვეებთან შედარებით, რატომ შეიცვალა საზოგადოებრივი განწყობა? 

– მთავარია, რომ კვლევებით დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებზე მივიღეთ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. კერძოდ, ეს არის – პენსიები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დასაქმება და ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა და მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ამ პრობლემების მოგვარების მიზნით კი, ახალი პრემიერ–მინისტრის პროგრამა არის შექმნილი, სადაც კონკრეტულად გეგმები არის გაწერილი. რაც შეეხება დემოკრატიას, ამ თვალსაზრისით, ხელისუფლება ბევრ რეფორმას ახორციელებს და ერთ–ერთი იყო ე.წ. Must carry-ს პრინციპის შემოღება, რომლითაც საკაბელო ტელევიზიები ვალდებულები არიან მაუწყებლები საკუთარ ბადეში განათავსონ. ვინაიდან, დემოკრატია ქვეყნის განვითარების წინაპირობაა, ჩვენ ამ ნორმის შემოღებას დავეთანხმეთ და მოსახლეობა არჩევნებთან დაკავშირებით, ინფორმირებული იქნება. საზოგადოებას სრული თავისუფლება აქვს – საკუთარი პოზიცია გამოხატოს. მათ შორის ეს უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიებსაც და მათ შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, საინფორმაციო მიტინგები ჩაატარონ. საქართველოში დემოკრატიის პრობლემა არ არის. მართალია, ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელია, მაგრამ მუშაობა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაგრძელდება.  

– დემოკრატიასთან დაკავშირებით, მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობას,  ბიძინა ივანიშვილის გუნდის საქმიანობას უკავშირებთ?  

– საქართველოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს, თუმცა თავის ხედვებს როგორ წარმოაჩენენ ეს სხვა თემაა. რაც შეეხება ივანიშვილს, დემოკრატიისთვის პირველი დამაზიანებელი პოლიტიკური კორუფციაა, რომელსაც ეს ადამიანი ეწევა. თქვენ ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მოსაზრებები, რომ ადამიანების მოსყიდვა დემოკრატიისთვის სერიოზულ ზიანს წარმოადგენს. შეიძლება ადამიანებს დემოკრატიასთან მიმართებაში განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, მაგრამ დემოკრატიის ნიშანია, რომ მოსახლეობა საკუთარ აზრს გამოხატავს და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. 

– თუმცა, ხშირად, პოლიტიკური პარტიები იმაზე საუბრობენ, რომ მოქალაქეებს სამსახურებიდან განსხვავებული აზრის გამო ათავისუფლებენ. . .  

– შეიძლება ამ კუთხით ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ პრობლემების გადაჭრის მიზნით, უწყებათშორისო კომისია შეიქმნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.  ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, რეაგირება მოხდება და ამისი მაგალითიც იყო. რამდენიმე განცხადება ნახეთ, რომ გარკვეული პროცესები უნდა შეჩერდეს. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, რაც ნორმალური პროცესია, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო პერიოდია კომისიამ უწყებას ურჩია,  რომ ეს პროცესი შეაჩეროს, რადგან ბევრ ადამიანმა უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერა, თითქოს ადამიანებს სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, არადა ეს რეფორმის ნაწილია. მსგავსი თემები პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არის აჟიტირებული, თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ ასეთი  ხარვეზები გამოირიცხოს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. 

– NDI–ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება. თუმცა, პარლამენტის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებით, ივანიშვილს შესაძლებლობა აქვს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.  რატომ არის საზოგადოებაში ეს საკითხი ისევ აქტუალური? 

– ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, მაგრამ ის ამ უფლების გამოყენებაზე უარს თავად ამბობს. როგორც ჩანს, მას სურვილი არ აქვს საქართველოში, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და მისი მიზანია  საკუთარი თავი მხოლოდ მსხვერპლად წარმოაჩინოს. 

– რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მას უკვე ხელისუფლებაში მოიაზრებს. მართლაც, ასე ფიქრობთ? 

– ამ ადამიანის ეს პოზიცია განსაკუთრებით სასაცილოა. . .