ორი ლექსი ივანე მაჩაბლისადმი
09:17:22     11-07-2012
1898 წლის 26 ივნისს, მძიმედ დასნეულებული ივანე მაჩაბელი, გამთენიისას (თუ გვიან ღამით) შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
არ ვიცი, შეიძლება ჩავთვალოთ თუ არა, რომ 26 ივნისი (ახალი სტილით 8 ივლისი) ივანე მაჩაბლის გარდაცვალების დღეა... მაშინ მხოლოდ 46 წლისა იყო...
გამთენიისას მეუღლემ შეამჩნია, რომ ივანე შინ არ იყო. ეს ამბავი უმალ მოედო ტფილისსა და მთელ საქართველოს. უამრავი გულშემატკივარი ეძებდა ქალაქის გარშემო, ტყეებში, ტბებში, ვენახებში, ბაღებში.
მერე საზღვარგარეთ დაუწყეს ძებნა. ვერ იჯერებდნენ მის აღსასრულს. დედას ცოცხალი ეგონა, უცხოეთში გამგზავრებული. გაზეთებს ნეკროლოგის გამოქვეყნება ერიდებოდათ. ხუთი-ექვსი თვის შემდეგ პოლიციამ გაძიება და ძებნა შეწყვიტა.
საზოგადოება შეძრა ივანე მაჩაბლის გაუჩინარებამ... ქართველები დღესაც აღელვების გარეშე ვერ საუბრობენ ამ ამბავზე...
ივანე მაჩაბელი – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი...
ივანე მაჩაბელი დაიბადა 1854 წლის 27 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), სოფელ თამარაშენში, გიორგი მაჩაბლის ოჯახში.
ლექსებს წერდა 14-15 წლის ასაკიდან. სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში. გატაცებით ეწაფებოდა ქართულ და უცხოურ ლიტერატურას. 1871 წელს, გაემგზავრა პეტერბურგში, ძმასთან - ვასილთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
შევიდა უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებით ფაკულტეტზე, შემდეგ დაინტერესდა იურიდიული მეცნიერებით და ეს ფაკულტეტიც დაასრულა. გატაცებული იყო ლიტერატურითა და ხელოვნებით.
1873 წლის ზაფხულში, პეტერბურგში გაიცნო ილია ჭავჭავაძე. ივანე მაჩაბელმა ილიას გაუზიარა თავისი სურვილი ერთად ეთარგმნათ შექსპირი. ილიას მოეწონა იდეა... 1873 წლის „კრებულში“ (# 10) დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედება.
1874 წელს ივანე მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა. მალე, სასწავლებლად წავიდა გერმანიაში და შევიდა ოპენჰაიმის აკადემიაში (შტუტგარტთან ახლოს). შემდეგ საფრანგეთში სწავლობდა.
1878 წელს გაემგზავრა პეტერბურგში, შემდეგ წელს კი სამშობლოში დაბრუნდა.
1883 წელს იგი გაზეთ „დროების“ რედაქტორი გახდა. მაგრამ 1885 წლის სექტემბერში, გაზეთი იმპერიის ხელისუფლებამ დახურა, მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო. ივანე მაჩაბელი პასუხისგებაში მისცეს და აუკრძალეს რაიმე გამოცემის რედაქტორობა.
1897 წლის მაისში იგი მძიმე ავად გახდა ჩირქოვანი პლევრიტით. როგორც ვთქვით, 1898 წლის 26 ივნისს, შექსპირის ტრაგედიების უბადლო მთარგნელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა...
მკითხველს ვთავაზობთ ორ ლექსს, ვალერიან გაფრინდაშვილის „ივანე მაჩაბელს“ და თემურ ჩალაბაშვილის „ივანე მაჩაბელი“.
ვალერიან გაფრინდაშვილი
ივანე მაჩაბელს
მე ერთად ვგლოვობ უცნობ მაჩაბელს
და ძმას, დაკარგულს შორეულ ფრონტზე.
ო, იოანე! თავს გადანაბელს
მე ახლა ვხედავ შავ ჰორიზონტზე.
აღარ თავდება ეს აგონია...
კიდევ მეორედ ინგრევა გორი.
სასაფლაოზე - ასე მგონია -
სდგას მაჩაბელი - ვით კომანდორი.
უცდის დონ-ჟუანს და დონნა ანას,
რომ გადუხადოს მათ მაგიერი,
და მძიმე ღამის ბნელ გამოცანას
უცქერის, როგორც ალიგიერი.
ის ყოველ ღამე ვერის კიბეზე
მომელოდება, ვით ორეული.
ის არის ლანდი უღარიბესი
ფიროსმანივით ჩამოხეული.
დეზერტირკაზე ჰყიდის სურათებს.
ნახევრად გიჟი, მუნჯი, მშიერი.
ის თავის მკვლელებს დაუყურადებს
და გაექცევა მათ - კადნიერი.
ტრამვაის მოსვლას ჩვენ ერთად ვუცდით,
მისი ჩვენება კვლავ ისარკება.
იგი მიყურებს, როგორც ფაუსტი
და უცებ ბრბოში დაიკარგება.
აღარ გათავდა ეს აგონია -
შლილი შხამიან ღამის ვარდებად,
და მაჩაბელი - ასე მგონია -
ხიდიდან მტკვარში გადავარდება.
უკვე დაინგრა ბედითი გორი,
დგებიან მკვდრები საყვირის ხმაზე,
და მაჩაბელი - მხნე კომანდორი
ტფილისზე მოდის, ვით სააკაძე.
თემურ ჩალაბაშვილი
ივანე მაჩაბელი
იქნებ მტვკართან დასცდა ფეხი, ვინ იცის,
როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა,
რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი,
არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა.
თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი,
ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი,
რა ყოფილა ბედი ოხერტიალი -
არ აღირსა სამშობლოში საფლავი!
იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ,
როცა თვალი გასაქცევად ეჭირა,
რად უყვარდა საქართველო ესოდენ -
გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა...
... და მამულის შეკრთა მიწა - მტკივანი,
მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს,
საქართველო და მთაწმინდის ნიავი -
დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს...