პერსი ბიში შელის ტრაგიკული სიკვდილი

  09:08:21     11-07-2012

1822 წლის 8 ივლისს ზღვაში დაიხრჩო დიდი ინგლისელი პოეტი პერსი ბიში შელი (Percy Bysshe Shelley). იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ლირიკოსად ინგლისურენოვან პოეზიაში.

პერსი შელი, მისი მეუღლე მერი შელი და მათი მეგობრები, ცოლ-ქმარი უილიამსები ცხოვრობდნენ ლიგურიის ზღვის პირას, პატარა იტალიურ ქალაქ სპეციასთან ახლოს, ვილაში Casa Nova.

იმ წელს, გაზაფხულზე, შელიმ და ჯორჯ ბაირონმა შეიძინეს შხუნა, რომელსაც ერქვა „არიელი“. შელის არ სცოდნია ცურვა, თუმცა ზღვა ძალიან ჰყვარებია.

ამ დროისათვის, შელიმ და მისმა ინგლისელმა მეგობარმა, პოეტმა და გამომცემელმა ლეი ჰანთმა და ჯორჯ ბაირონმა  გადაწყვიტეს გამოეცათ ჟურნალი „ლიბერალი”, რომელიც დაუპირისპირდებოდა იმ პერიოდის კონსერვატიულ ინგლისურ პერიოდიკას. ამასთან დაკავშირებით, პოეტი, მისი მეგობარი უილიამსი და ერთი ჭაბუკი მეზღვაური შხუნით გაემგზავრნენ პიზაში, ლეი ჰანთისა და ჯორჯ ბაირონის სანახავად. საქმეზე მოთათბირების შემდეგ, როცა შელი და უილიამსი უკან ბრუნდებოდნენ, გვერდით მოჰყვებოდათ ბაირონი თავისი იახტა  „ბოლივარით“. უცებ ნისლი ჩამოწვა და ამოვარდა ქარიშხალი...

როცა ბუნება დაწყნარდა, „არიელი“ აღარ ჩანდა...

ორი დღის მერე ზღვამ გამორიყა ორი ცხედარი. ერთი მათგანი დიდი პოეტისა გახლდათ.

იქვე, ზღვის სანაპიროზე დაწვეს შელის ცხედარი. კრემაციას ესწრებოდნენ მისი მეუღლე, ლორდი ჯორჯ ბაირონი და  ლეი ჰანთი. დიდი პოეტის ფერფლი რომში დაკრძალეს... საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ყოფილა ლათინური წარწერა Cor Cordium (გულთა გული).

როგორც ამბობენ, გარდაცვალების წინ, რამდენჯერმე დიდ პოეტს მოლანდებია საკუთარი ორეული, რომელსაც მისთვის მოახლოებული სიკვდილის შესახებ უთქვამს. იმასაც ამბობდნენ, გარდაცვლილი მცირეწლოვანი ქალიშვილიც მოელანდაო...

გავიხსენოთ დიდი პოეტის, ტრაგიკულად დაღუპული პერსი ბიში შელის „სტანსები“, რომელიც შესანიშნავად თარგმნა მედეა ზაალიშვილმა.

სტანსები

(თარგმნა მედეა ზაალიშვილმა)

გამომეთხოვე! მთვარემ სხივი მოჰფინა ჭალებს,
ცისფერ დაისის მქრალი შუქი შესვეს ღრუბლებმა,
გამომეთხოვე! შმაგი ქარი მოუხმობს ღამეს
და ზეცის ნათელს შავი მწუხრი დაეუფლება.

ნუ შეჩერდები! ყოველი ხმა მოგძახის,- წადი!
ნუღარ აცდუნებ ცრემლთა დენით
მღელვარ გონებას,
მიჯნურის თვალნი შენთან ყოფნის
ფარავენ წადილს
და შენი ვალი დაგიბრუნებს განმარტოებას.

წადი! მოგელის შენი სახლის მდუმარე კარი
და ობოლ კერას დააფრქვიე ცრემლი ულევი,
უმზირე, როგორ მიმოდიან ჩრდილები მქრალი
და ქსელს ხლართავენ სევდიანი მხიარულებით,

შემოდგომის ჟამს ტყე მჭკნარ ფოთლებს
დაგაყრის თმებზე
და გაზაფხულზე შენს ფეხთაქვეშ
კვირტი იელვებს,
მაგრამ ამ ქვეყნად ყოველივეს სიკვდილი ეძებს,
რომ ცივ ხელებით დაუმკვიდროს სიცარიელე.

იძინებს მთვარე მთების იქით, ისვენებს ქარიც,
ღრუბლის ჩრდილებიც არ იძვრიან ნათელი ღამით,
მცირე ხნით მაინც სულს მოითქვამს
ზღვა ბობოქარი
და რაც მოძრაობს, შრომობს, იღწვის -
ისვენებს წამით.

შენც დაისვენებ სამარეში და განქარდება
ვით მოჩვენება, შენი სახლი, ბაღნარი შენი,
ხსოვნა და მძაფრი სინანული, მწველი ფიქრები
და ეგ ღიმილი, შენ რომ ასე ძალიან გშვენის..