ცხინვალელი ექსპერტი მოსკოვს ღალატში ადანაშაულებს…

  09:04:51     11-07-2012

რუსეთის დელეგაციას, მონაკოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას ხმა „წინააღმდეგ“ არ მიუცია. რუსეთის წარმომადგენლებმა „თავი შეიკავეს“, რაც ოსი ექსპერტების აღშფოთების მიზეზი გახდა.

როგორ გავიგოთ რუსეთის დელეგაციის მოქმედება ასამბლეაზე, სადაც აშკარად ანტიოსური რეზოლუცია მიიღეს? - კითხულობს მედიაცენტრ „ირ“-ის ხელმძღვანელი ექსპერტი ირინა გაგლოევა.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა თავად განაცხადა, რომ რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული, მათ ხმა „წინააღმდეგ“ არ მისცეს და „თავის შეკავება“ არჩიეს. ხოლო ეს იმიტომ მოხდა, რომ კოვალიოვის თქმით, „რეზოლუციაში არის ჭკვიანური რამეებიც, რომელთა წინააღმდეგ წასვლაც მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ მოცემულ სიტუაციაში (საქართველოს შესახებ რეოზლუციაზე ხმის მიცემისას) დელეგაციის პოზიცია ბალანსირებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ურთიერთობის გამწვავებისკენ. ეს ჩვენი პოზიციაა - არ მივიყვანოთ საქმე აბსურდულ დაპირისპირებამდე“ - განაცხადა მან.

რუსეთის დელეგაციის ამ ნაბიჯმა მარიონეტული რეჟიმები აღაშფოთა, თუმცა ამ აღშფოთების შესაბამისი სიმკაცრით გამოხატვას ჯერ ვერ ახერხებენ:

„პოლიტიკურ ბრუნვაში ტერმინ „ოკუპაციის“ მიღება, რასაც მეთოდურად 3 წლის განმავლობაში ისედაც ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პრაქტიკულად, შეიძლება შემდგარი ვუწოდოთ. და ამ ტერმილოგიური აგრესიიისადმი არშეწინააღმდეგება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, რადგან “სამხრეთ ოსეთს” შეგნებულად ართმევენ უფლებას საერთაშორისო ტრიბუნებიდან განაცხადოს საკუთარ თავზე, თავის პრობლემებზე, თავის სახელმწიფოზე“ - წერს გაგლოევა და ახლა რუსეთს უმტკიცებს, რომ „ჩვენ არ ვართ ოკუპირებული ტერიტორია. ეს ცხადი არაა მხოლოდ მათთვის, ვინც ოსი ხალხის დამოუკიდებლობის წინააღმდეგია“.

უკვე არის თუ არა ასეთთა რიგში რუსეთიც, არ აკონკრეტებს, მაგრამ სასწრაფოდ რეაქციას მოითხოვს, როგორც ცხინვალის, ისე რუსეთის ხელისუფლებისგან, რომელზეც განაწყენებულია, რომ საერთაშორისო ტრიბუნებს შესაბამისად ვერ იყენებს, „მისი დუმილი ეუთოში კი, ცხინვალის რეგიონში ვითარებას ძაბავს“.

მოკლედ, რუსეთის „თავშეკავებამ“ მარიონეტული რეჟიმები ისევე ჩააფიქრა, როგორც მაშინ, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის სანაცვლოდ მოსკოვი იძულებული გახდა დათანხმებულიყო საქართველოს პირობებებს და იმას, რომ დოკუმენტებში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „სავაჭრო დერეფნებად“ წოდებულიყო. მაშინ მარიონეტულმა რეჟიმებმა პროტესტი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ რუსეთი მათ „დამოუკიდებლობას“ თმობდა. თუმცა აფხაზმა ექსპერტმა ინალ ხაშიგმა ასეთი რამ თქვა:

აფხაზეთს არ უნდა უკვირდეს, მოსკოვის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, საქართველოსთან პოზიციების დათმობა და არ უნდა აშფოთებდეს ტერმინი „სავაჭრო დერეფანი“, რადგან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობებს, სხვა ტერმინით, თუ არა „სავაჭრო დერეფანი“, ვერ შეაფასებ.

ახლა, „სავაჭრო დერეფანს“ რუსეთმა „ოკუპირებული ტერიტორიებიც“  მიამატა?