ცხინვალელი გამომძიებელი ხმაურიანი საქმეების გამოძიებას შეეწირა…

  21:33:09     10-07-2012

გუშინ,  ცხინვალის პროკურატურამ 21 სისხლის სამართლის საქმის მასალები რუსეთის პროკურატურას გადასცა. ამის შემდეგ პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ თავად ვერ ახერხებენ საქმეების დასრულებას და სასამართლომდე მიყვანას და ამას მხოლოდ რუსი სამართალდამცავები შეძლებენ.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ კლანური დაპირისპირებების ფონზე, ოკუპირებულ რეგიონში ცივილური მართლმსაჯულება არ არსებობს. ახალი კლანი, რომელმაც ედუარდ კოკოითის კლანი ჩაანაცვლა, წინამორბედის ტერორის ქვეშ ექცევა: საქმეებს ისევ იარაღით არჩევენ. სწორედ ასეთ ანგარიშსწორებას შეეწირა ცხინვალის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსი როლანდ ჩიტაევიც, რომელიც წუხელ გაიტაცეს და მოკლეს.

ჩიტაევი, როგორც მინიმუმ, ორ ხმაურიან საქმეს იძიებდა. ერთ-ერთია ედუარდ კოკოითის დროინდელი პროკურორის მოადგილის ელდარ კოკოევის სამსახურეობრივი საქმიანობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მეორე კი კოკოითის ე.წ. სახელმწიფო დაცვის ყოფილი თანამშრომლის მკვლელობის მცდელობა. ამჟამინდელი გენპროკურორი სწორედ ამ საქმეების გამოძიებას უკავშირებს ჩიტაევის ლიკვიდაციას.

ორი ადამიანი უკვე დააკავეს. ისინიც ძალოვანი და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები აღმოჩნდნენ: ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედი თანამშრომელი არტურ აგაევი და გენპროკურატურის ყოფილი თანამშრომელი რუსლან გაბარაევი, რომელიც სამსახურიდან გასული წლის შემოდგომაზე გააგდეს. ორივე ნასვამები იყვნენ. დაკითხვაზე მათ ჩიტაევის მკვლელობა აღიარეს, თუმცა მიზეზი გარკვევით ვერ ახსნეს.

მოკლული ჩიტაევი, რომელიც დღეს დილით სოფელ ვანათში ერთ-ერთი დანგრეული სახლის ეზოში იპოვეს, ძლიერადაა ნაცემი, სხეულზე კი ორი ტყვია აქვს მოხვედრილი,  ერთი - გულში.

ძველი რეჟიმი ახალს ებრძვის. ამასთან დაკავშირებით ჩიგოევმა ირიბად მიუთითა, როცა განაცხადა, რომ მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლები ისინი არიან, ვისაც რეგიონში სტაბილურობა არ სურს. ასეთად კი მუდმივად ასახელებენ ედუარდ კოკოითსა და მის გუნდს, რომელიც პროვოკაციებსა და შურისძიების აქტებში გაწაფული იყო ყოველთვის. შესაძლოა, სწორედ ედუარდ კოკოითამდე მიდიოდა კიდეც ბეტეევის მკვლელობის მცდელობა. ცნობილია, რომ ბეტეევმა, რომელიც კოკოითის დაცვის წევრი იყო, თავისი „ბოსი“ ცხინვალში თავის დროზე ცნობილი და პოპულარული ოპოზიციონერების - ძამბულატ თედეევისა და ალა ჯიოევას მკვლელობის დაგეგმვაში საჯაროდ ამხილა. რამდენიმე დღის წინ კი თავდასხმის ობიექტი გახდა თავის 16 წლის შვილთან ერთად და როგორც ითქვა, ის, სწორედ შურისძიების მსხვერპლი გახდა.