
რუსეთში რევოლუციის სუნი ტრიალებს: პუტინის რეიტინგი უიმედოდ ეცემა
12:17:21     10-07-2012
რუსული ფონდ „ობშჩესტვენნოე მნენიეს“ ბოლო გამოკითხვა პუტინისთვის ვერაფერი სანუგეშო გამოდგა. რუსეთის იმ გამოკითხულ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ვლადიმერ პუტინს არ ენდობა მარტის შემდეგ 17–დან 22 %–მდე გაიზარდა. „ნაწილობრივ ენდობიან , ნაწილობრივ არა“ 26%–ს შეადგენს. არადა, მარტში ეს მაჩვენებელი 23 %–ს უდრიდა. საერთოდ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეთა შორის ნდობას, ფონდ „ობშჩესტვენნოე მნენიეს“ გამოკითხვით, 2008 წელს იმსახურებდა. მაშინ ეს მაჩვენებელი 70 %–ის დონეზე გახლდათ.
ეს ბოლო გამოკითხვა კი „ ობშჩესტვენნოე მნენიემ“ რუსეთის 64 სუბიექტის 204 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა და მასში 3 ათასი რესპონდენტი მონაწილეობდა.
ვლადიმერ პუტინის ელექტორალური რეიტინგიც ასევე დაეცა. სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები უახლოეს კვირას რომ ჩატარდეს, მაშინ მოქმედ პრეზიდენტს მხარს გამოკითხულთა შორის მხოლოდ 52 % დაუჭრდა, ეს მაშინ, როცა მარტში ეს ციფრი 54 %–ს შეადგენდა. როგორც ცნობილია მარტში ჩატარებული არჩვენების დროს ვლადიმერ პუტინმა პირველ ტურშივე გაიმარჯვა და მაშინ მას ხმა ამომრჩეველთა 63,6 %–მა დაუჭირა.
პუტინი პუტინად, მაგრამ არც პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევს აქვს უკეთესი მდგომარეობა. თუ მარტში მედვედევს 45 % უჭერდა მხარს, ახლა ეს მაჩვენებელი 44 %–მდე შემცირდა. უნდობლობის გამომცხადებელ რესპონდენტთა რიცხვი კი მარტიდან ბოლო გამოკითხვამდე 20 %–დან 25 %–მდე გაიზარდა.
ფონდ „ობშჩესტვენნოე მნენიეს“ მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეთა 34 % ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილოა და მზადაა საპროტესტო აქციებში მიიღოს მონაწილეობა. 60 %–ს არ სურს საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოკითხულთა მეოთხედი მიიჩნევს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იზრდება.
მიტინგზე წასასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს 12 %. ამასთან, თუ უახლოეს მომავალში სხვადასხვა აქციები გაიმართება, მაშინ 70 % აცხადებს, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, მაგრამ მიტინგებში მონაწილეობას არ გეგმავს. გამოკითხულთა 6 % წავა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიტინგზე, ხოლო, მხოლოდ 4 % – მხარდასაჭერად.
ასეთია ბოლო გამოკითხვის შედეგები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პუტინ–მედვედევის ხელისუფლება ელვისებურად კარგავს პოზიციებს.