
ცხინვალში პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსი მოკლეს
09:28:47     10-07-2012
წუხელ, ცხინვალში ე.წ. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსი როლანდ ჩიტაევი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს, გვიან ღამით კი ადგილობრივმა გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩიტაევი გამტაცებლებმა მოკლეს. მისი ავტომანქანა კოხათის დასახლებულ პუნქტში იპოვეს. თანამშრომლის დაღუპვის ფაქტი ე.წ. გენპროკურატურამაც უკვე დაადასტურა.
პროკურატურისგან განსხვავებით ე.წ. შსს ჩიტაევის მკვლელობის ფაქტს არ ადასტურებდა, თუმცაღა გაზეთები წუხელვე იუწყებოდნენ, რომ დამნაშავეები უკვე დააკავეს კიდეც. რას უკავშირდებოდა ჩიტაევის გატაცება და შემდეგ მკვლელობა, ვერსიებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. სამართალდამცავები დეტალური ინფორმაციის გავრცელებას დღეს დილისთვის აპირებენ.
ამასთან, ოსური საიტი „Iron Times“ იხსენებს, რომ ჩიტაევის დანიშვნა თავის დროზე ნეგატიურად იყო აღქმული, რადგან მას საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირებში ადანაშაულებდნენ.
ვარაუდის დონეზე შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩიტაევის გატაცება და მკვლელობა დაემთხვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცხინვალმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას 21 სისხლის სამართლის საქმე გადასცა, რომლებიც რუსული ფინანსური დახმარების ძარცვისა და დატაცების ფაქტებზეა აღძრული. ეს არის მასალები, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული რუსული დახმარების განიავებას შეეხება, რაზეც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. გენპროკურორმა განაცხადა, რომ „მხოლოდ რუს ძალოვნებს შეუძლიათ ამ საქმეების ბოლომდე მიყვანა“.
ამ კორუფციული სქემების მთავარ ფიგურანტებად ედუარდ კოკოითის პერიოდის ჩინოვნიკები, ასევე რუსი ჩინოვნიკები და ბიზნესმენები სახელდებიან. თუმცა ვიდრე ადგილობრივი სამართალდამცავები რაიმე სახის კომენტარს არ გააკეთებენ, ძნელია იმის თქმა, თუ რას დაუკავშირებენ ჩიტაევის მკვლელობას.
სრულებითაც არ არის გამორიცხული, პროკურატურის თანამშრომელი ჩვეულებრივი კრიმინალის მსხვერპლი იყოს. ცხინვალში იარაღი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. ძარცვაცა და „პოლიტიკური“ შურისძიებაც იქ ჩვეულებრივი ამბავია. ამის დასტურად სულ ცოტა ხნის წინანდელი ფაქტიც გამოდგება, როცა საკუთარ მანქანაში ცეცხლი გაუხსნეს კოკოითის პირადი დაცვის ყოფილ წევრს ირბეგ ბეტეევს და ის 16 წლის ვაჟიშვილთან ერთად მძიმედ დაჭრეს. მაშინ ითქვა, რომ ეს შურისძიება იყო იმავე კოკოითის დაცვის წევრის სლავიკ ნანიევის მხრიდან, რომელზეც ბეტეევმა შარშან განაცხადა, რომ ნანიევმა მას ძამბულატ თედეევისა და ალა ჯიოევას მკვლელობა შესთავაზა. ბეტეევმა ეს ამბავი საჯაროდ გათქვა და ისიც დაასკვნა, რომ დავალება ედუარდ კოკოითისგან მოდიოდა.
რამდენად უკავშირდება კოკოითის გუნდის მიერ რუსული ფულის განიავების შესახებ სისხლის სამართლის საქმეების მოსკოვისთვის გადაცემა ჩიტაევის მკვლელობას, ეს, ალბათ, ცოტა ხანში გაირკვევა.