თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

  08:27:15     10-07-2012

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი უწყებაში საქმიანობას ოფიციალურად გასულ კვირას, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ შეუდგა, მაგრამ ძალოვანმა მინისტრმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ თანამშრომლებს გუშინ აცნობა. შაშკინი ქვეყნის თავდაცვაზე ახალ მოადგილეებთან ერთად იზრუნებს. კერძოდ, თავდაცვაში შაშკინმა თან წაიყვანა – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე – აკაკი სეფერთელაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იქნება. ამასთან, მინისტრის მოადგილეები  იქნებიან – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი – დავით ახალაია, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ კურატორი,  ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების მფლობელი – მაია სიფრაშვილი და ასევე თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი – დავით ნარდაია.

ამასთან, შაშკინის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში საქმიანობას შეუდგებიან დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელებიც. კერძოდ, გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი – იოსებ თოფურიძე იქნება, უწყების ადმინისტრაციის უფროსი კი –  გენრიეტა მუმლაძე. შიდა აუდიტის დეპარტამენტს  – ირაკლი ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს, საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს - ეკა ჭუმბურიძე, ფინანსების მართვის დეპარტამენტს - როინ გიუნაშვილი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტს – ქეთევან ასისტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს  - ნანა როსტობაია, ხოლო სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტს  - თეიმურაზ იობიძე.

აღსანიშნავია, რომ  სამინისტროში ახალი დეპარტამენტი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიც იქმნება, რომელსაც გიორგი გულუა უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები გასულ კვირას განხორციელდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით,  პრემიერ–მინისტრის პოსტი ვანო მერაბიშვილმა ჩაიბარა, რის გამოც ცვლილებები ძალოვან უწყებებს შეეხო. კერძოდ, შს მინისტრი – ბაჩო ახალაია გახდა, თავდაცვის მინისტრი – დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ხატია დეკანოიძე, ხოლო  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – დალი ხომერიკი. სამთავრობო ცვლილებებიდან გამომდინარე კი, პარლამენტმა გასულ კვირას, სამთავრობო პროგრამაც – „მეტი სარგებელი ხალხს“ დაამტკიცა, სადაც მთავრობის ოთხწლიანი გეგმების შესახებ არის საუბარი.