აგარის სამონასტრო კომპლექსი
08:19:11     10-07-2012
ურავლის ხეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი აგარის ნამონასტრალია, რომელიც ახალციხის რაიონში, სოფელ ურავლის ზემოთ მდებარეობს, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას. აგარაში მიმავალი ბილიკი, რომელიც ვიწრო ხევს მისდევს, მთის ნაკადის აყოლებით, ახლა დაბურულია ხშირი მცენარეულობით. ახლო-მახლო მოსახლეობა არ არის, მონასტერი დიდი ხანი მიტოვებული იყო.
აგარის კომპლექსი მრავალმხრივ საყურადღებოა. შენობათა სიმრავლე და ნაირგვარობა მოწმობს, რომ აქ დიდი მონასტერი უნდა ყოფილიყო. მთავარი შენობები რიგიანადაა დღემდე მოღწეული, ზოგიერთ მათგანს ისტორიული ცნობების შემცველი წარწერები აქვს, ხუროთმოძღვრული თვალსაზრისითაც აქ ბევრი რამაა საინტერესო.
ერთი ეკლესია მთის ფერდზეა, შენობათა უმეტესობა კი უფრო მაღლა, მთის კეხზეა განლაგებული. აქ ოთხი თუ ხუთი ეკლესია მაინც არის, ამას გარდა, სამრეკლო, მონასტრის სატრაპეზო, ასევე დარნა რომელიც ქვემოთ ხეობისკენ გადის ერთ-ერთ ეკლესიაში და სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი სადგომების ნანგრევები.
ყველაზე დიდი ნაგებობა აგარაში მთავარი ეკლესიაა - თლილი ქვით ნაშენი ერთნავიანი შენობა, ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. იგი კედელ-კამარიანად დგას. შიგნით მისი კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახითაა მოღწეული, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, გარედან კი კედლების პერანგს აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი.
ტაძრის მნახველს თვალში ეცემა მისი მაღალი მხატვრული ღირსება. შესანიშნავია თვით კედლის წყობა (გადაუკეთებელ ნაწილებში), სარკმელთა ფაქიზი სამკაულები, მარტივი სვეტისთავები ტაძრის შიგნით. შიგა სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ერთი უგუმბათო დარბაზია, აოცებს მნახველს თავისი დიდებულებით.
ეკლესიაში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის ნახევარწრიულად მომრგვალებული კედლის დამუშავება. აქ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ნახევარწრიული ნიშია გაკეთებული ისე, როგორც მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. შუა მათგანი, სარკმლის ქვეშ, სხვებზე დაბალი და განიერია. ეს ნიშები, შუა ნიშის გარდა, მღვდელმსახურთა საჯდომად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
კედლებს აქა-იქ შერჩენილი აქვს ძველი მხატვრობის კვალი. კედლის ზედაპირის ხასიათი მოწმობს, რომ ეკლესია მთლიანად მოხატული იყო.
გარედან ყველაზე უფრო საინტერესოა აღმოსავლეთის ფასადი. მის შუა ადგილას ჩუქურთმით მორთული სარკმელია, მის ზემოთ კი წარწერა და რელიეფური ქანდაკება. ფასადის ნაპირზე თითო ღრმა, მაღალი ნიშაა. ამგვარ ნიშებს ჩვეულებრივ დიდ გუმბათიანი ტაძრების აღმოსავლეთის ფასადზე ათავსებდნენ. ისინი თითქოს აღნიშნავენ მიჯნას საკურთხეველსა და მის მეზობელ ორ ოთახს შუა. მათ ტექნიკური გამართლებაც აქვთ. ამ საშუალებით ამსუბუქებდნენ კედელს, ათავისუფლებდნენ მას ზედმეტი მასისაგან. ერთნავიან ტაძრებში ნიშების გამოყენება ძალიან იშვიათია. აგარის ტაძარი ამ მხრივ ძლიერ გამოირჩევა სხვა ერთნავიან შენობათაგან. მაგრამ ხუროთმოძღვარს ნიშები ისე მარჯვედ მოუთავსებია, რომ კედელი აქაც განტვირთულია ქვის წყობის უსარგებლო მასისგან.
სამხრეთის კედელზე ყურადღებას იპყრობს სარკმლის საპირე, თავისებური, ნაკლებად გავრცელებული ტიპის სახეებით. ჩუქურთმა აქ, ისევე როგორც აღმოსავლეთის კედელზე, მარტივია, ადვილად გასარჩევი, მცირე სიღრმით ნაკვეთი.
როგორც აღვნიშნეთ, შენობას ამჩნევია გადაკეთების კვალი. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა აღმოსავლეთის სარკმლის თავზე შემდეგაა ჩასმული, იგი არ ებმის სარკმლის მთელ მორთულობას. წარწერის შინაარსიც მოწმობს, რომ იგი ამ შენობას არ ეკუთვნის. აქ ვინმე თევდორე გვაუწყებს, რომ მან ააშენა სტოა, ე. ი. ღია თაღებიანი გალერეა, ანუ კარიბჭე ეკლესიასთან. ცხადია, წარწერა წინათ სტოაზე უნდა ყოფილიყო და არა ეკლესიის მთავარ ფასადზე. აქ წარწერა შემთხვევით უნდა იყოს მოხვედრილი (რელიეფი გამოხატავს კაცს, რომელიც შენობის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს). გადაკეთებულია ეკლესიის დასავლეთის კედელიც. მისი სარკმლისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთისა და აღმოსავლეთის სარკმელთა მორთულობისგან. თვით შენობის ხუროთმოძღვრული ფორმები და მორთულობა გვაფიქრებინებს, რომ აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეში. აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ ჩართული ქვა უფრო ადრინდელი შენობიდანაა ნასესხები, ხოლო დასავლეთის კედლის შეკეთება ბევრად უფრო გვიანდელია, ალბათ XIV საუკუნეს ეკუთვნის.
ტაძრის გვერდით, სამხრეთის კედლის პარალელურად, ძველი კედლის ნანგრევია. ერთ ადგილას შერჩენილი აქეს კარნიზის ქვა მშვენიერი ჩუქურთმით, რომელიც აგრეთვე X-XI საუკუნის ხელობას მოგვაგონებს. ერთი შეხედვით ეს კედელი თითქოს ეკლესიის მინაშენს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ შესაძლებელია იგი სხვა შენობის ნანგრევსაც წარმოადგენს.
სამხრეთითვეა ძველი სამრეკლოს ნანგრევი. შენობა XIII-XIV საუკუნეში უნდა იყოს აგებული.
სამრეკლოს ქვემოთ, მცირე მანძილზე. დგას დიდი შენობა, რომელიც მთავარ ეკლესიასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს აგარის მონასტერში.
ეს შენობა, რომელიც ერთი დიდი დარბაზისა და მასზე მიშენებული გრძელი სადგომისგან შედგება, წარწერის თანახმად, ბერების სასადილო, ანუ ტრაპეზი ყოფილა. წარწერაში ნათქვამია: ,,სახელითა ღმრთისაითა და მეოხებით წმიდისა იოანე ნათლისმცემლისაითა, ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამას".
ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეფრემი, მაგრამ მისი პატრონები მურვანი და ბეშქენი, ვისთვისაც იგი ღმერთს ევედრებოდა, ჯაყელთა გვარს ეკუთვნოდნენ. მატიანეებში მოხსენებული არიან ბეშქენ ჯაყელი, თუხარისის ერისთავი, რომელიც ბაგრატ IV-ს განდგომია და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა (ყველის ციხე აგარიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზეა პირდაპირი ხაზით. ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა). ერთი ბეშქენი დავით აღმაშენებლის დროსაც იხსენიება, XII საუკუნის პირველ მეოთხედში. უეჭველია აგარის წარწერა ერთ-ერთ მათგანს გულისხმობს და ტრაპეზიც იმ დროს, ე. ი. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული.