ბაგინეთი (ქართული ხუროთმოძღვრება)
08:18:10     10-07-2012
არმაზციხე (ბაგინეთი) მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთ აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქართლის ქედის ბოლოში, ტერასებიან კლდოვანი მთის კეხსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. ამ ადგილს ბაგინეთს უწოდებენ.
არმაზციხის აშენებას ძველი ქართული საისტორიო წყაროები ქართლოსს მიაწერენ. იმავე წყაროების მიხედვით მისი თავდაპირველი სახელი ქართლია. სახელწოდება „არმაზციხე“ (ბერძნული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა.შ., ხოლო ქართული საისტორიო წყაროებით: შიდაციხე, დედაციხე, ციხის-ციხე) უკავშირდება წარმართულ ღვთაება არმაზს, რომელიც გადმოცემის თანახმად მეფე ფარნავაზმა (ძვ.წ IV საუკუნის ბოლო – III საუკუნის დასაწყისი) სამეფოს უზენაეს ღვთაებად გამოაცხადა და მთის მწვერვალზე მისი კერპი აღმართა. მცხეთის დედაქალაქობის პერიოდში არმაზციხე შიდაციხის მოვალეობას ასრულებდა. ამიერკავკასიამ და კერძოდ იბერიამ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის შუა ხანებში რომაელთა ძლიერი დარტყმა განიცადა. რომის სარდალმა პომპეუსმა, პონტოს მეფე მიტრიდატე VI ევპატორის დამარცხების შემდეგ, მრავალრიცხოვანი და კარგად აღჭურვილი ჯარით იბერიას შემოუტია. ქართველთა ძირითად საყრდენს სწორედ არმაზციხე წარმოადგენდა. იბერიის მეფე არტაგმა ვერ მოასწრო მომზადება მტრის დასახვედრად და გაცლა არჩია, მტერმა დაანგრია და გადაბუგა არმაზციხე. ეს მოხდა ძვ. წ. 65 წელს. მაგრამ ნაცარტუტად ქცეული ქალაქი მალევე აღდგა. მცხეთის დედაქალაქობის პერიოდში არმაზციხე შიდა ციხის მოვალეობას ასრულებდა. მას შემდეგ, რაც თბილისი დედაქალაქი გახდა, არმაზციხემ პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. 735-738 წლებში არაბთა დაუნდობელმა სარდალმა მურვან-ყრუმ იგი საბოლოოდ დაანგრია.
არმაზციხეზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო XIX საუკუნის 90-იან წლებში ი. ჭავჭავაძისა და დ. ბაქრაძის თაოსნობით, ე. თაყაიშვილის ხელმძღვანელობითა და ი. ოქრომჭედლიშვილის სახსრებით. გაითხარა ერთ-ერთი ნაგებობის ნანგრევები. გათხრები (ხელმძღვანელი დ. ქუთათელაძე). 900-იანი წლების დასაწყისშიც გაგრძელდა.
არმაზციხეზე მიკვლეულია სამი ერთიმეორის მომდევნო კულტურული ფენა: ქვედა ფენა, ე.წ. არმაზციხე I (ძვ. წ. IV-III სს.), შუა ფენა, არმაზციხე II (ძვ. წ. III-I სს.), ზედა ფენა, არმაზციხე III (I საუკუნიდან მცხეთის დედაქალაქობის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი პერიოდი. პირველ პერიოდში (ძვ. წ. IV-III სს.) უმთავრესი საშენი მასალა ქვათლილი და ალიზ-აგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკველზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთმანეთთან ე. წ. უწყვეტათაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა. მეორე პერიოდის (ძვ. წ. III საუკუნიდან) მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი.
არმაზციხე ორი ნაწილისაგან შედგება: კარსნის ხევსა და არმაზის მთას შორის, მტკვრის ტერასულ ბაქნებზე გაშლილი ნაქალაქარისა (ფართ. 30 ჰა) და მთის წვერზე მდგარი შიდა ციხისაგან. დანიშნულების მიხედვით განირჩევა: საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები (არმაზის კერპის სადგარი, სამსხვერპლო).
შიდაციხესა და ნაქალაქარს შემოვლებული აქვს ბურჯებიანი ზღუდე-გალავანი (გამოვლენილია 3 კმ-ზე), რომელიც შეიცავს სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენებს. გალავანში ჩართულია ოთხკუთხა კოშკები. უძველესი ფენა (მთავარი კოშკი) ნაგებია მშრალად, უხეშად დამუშავებული ქვის ლოდებით. მომდევნო პერიოდის (ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნა) კედელი (ზემოდან I ფენა), რომელიც მთავარი კოშკიდან იწყება და ქედის რელიეფს ქვედა ტერასებამდე მიჰყვება, ნაგებია საგანგებოდ გათლილ-გამოკოდილი ქვათლილებითა და გამომწვარი ან გამომშრალი ალიზით. უდუღაბოდ, ქვის ან ხის უწყვეტით გადაბმული ქვათლილები ციცაბო კლდეში ამოკვეთილ საგანგებო ბუდეებშია ჩასმული და საფეხურების შთაბეჭდილებას ქმნის. საძირკვლის ქვათლილთა რიგების რაოდენობა ქედის დაქანების შესაბამისად იცვლება. საგანგებოდ არის გამაგრებული ციხე-ქალაქის სამხრეთის მხარე. აქ ზღუდე ორმაგია (ზოგან მისი სიმაღლე 6 მეტრს აღწევს, სიგანე - 2,8-3 მ). ქვათლილებზე ამოყვანილია თიხის ხსნარზე ნაწყობი, გარედან თიხის ხსნარით შელესილი და შემდეგ შერუჯული ალიზის კედელი, რომელიც ყოველ 10 მეტრზე გამაგრებულია კედლის ორივე მხარეს 3-3,5 მეტრით გამოწეული მძლავრი ბურჯებით (10 X 11 მ) და წყობაში დატანებულ ქვათლილთა გამჭოლი თარაზული წყობით. კედელი და ბურჯები ერთმანეთთან დაკავშირებულია მუხის დიდი (0,2 X 0,12 მ) ოთხკუთხა კოჭებით.
შემდგომი პერიოდის (I ს.) კედელი (სისქე 2,8-4 მ, შემორჩენილი სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 4-5 მ; III ფენა), რომელიც გარს აკრავს შიდაციხეს, უკავშირდება წინა კედელს და მიჰყვება მეორე წყალგამყოფს. ეს კედელიც კარგად გათლილი ქვათლილების საფუძველზე ამოყვანილი ალიზით არის ნაგები. ქვათლილები გადაბმულია მერცხლის კუდის ფორმის ხის უწყვეტებით. კედლის წინ ყრია ღორღის სქელი ფენა, რომელიც იცავდა კედელს დანგრევისა და დაზიანებისაგან.
II-III საუკუნეების (II ფენა) კედელი, რომლის ნაწილები აღმოჩნდა ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში და პირველ წყალგამყოფზე, აგებულია წინა პერიოდის კედლების გასამაგრებლად. აქ უხვადაა გამოყენებული კირის დუღაბზე ნაწყობი ქვედა ფენების საშენი მასალა. უკანასკნელი ზედა ფენის (V-VI საუკუნეები) ნატეხი ქვის კედელიც წინა პერიოდის კედლების გასამაგრებლადაა აგებული.
ზღუდე ქედის თხემზე ოდნავ გარეთაა ამოყვანილი. ამის გამო კლდოვანი ქედი ზღუდე-გალავნის თავისებურ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რაც მომხდურთ ზღუდის საძირკვლის გამოთხრას უძნელებდა, ხოლო დამხვდურებს გალავნის დაცვას უადვილებდა.
არმაზციხის ჩრდილოეთ კიდეზე, თითქმის მტკვრის პირას, გაჭრილია კლდეკარი. იგი საჭიროების დროს წარმოადგენდა შიდაციხეში მოხერხებულ შესასვლელს, როგორც ქალაქის მტკვრისპირა უბნებიდან, ისე მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქიდან.
შიდაციხის ცენტრალურ ადგილას იდგა სვეტებიანი დარბაზი. იგი არმაზციხე I-ის ხანისაა. წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის დარბაზის (20,8 X 8,8 მ) კედლების ქვედა ნაწილი (შემორჩენილი სიმაღლე 1,7 მ, სისქე 1,45-1,7 მ) ქვათლილებით უდუღაბოდ არის ნაგები, ზედა ნაწილი კი ალიზით. გამონაკლისს წარმოადგენს დასავლეთის კედელი, რომელიც მთლიანად (3,3 მეტრის სიმაღლეზე) ქვათლილებითაა ამოყვანილი. ინტერიერი შელესილი და შეღებილი ყოფილა (მიკვლეულია ბათქაშის ნაშთი შესასვლელთან). დარბაზს ვარდისფერი ტუფოგენური ქვიშაქვის ფხვნილით მოტკეპნილი იატაკი ჰქონია. დარბაზის გრძივ ღერძზე აღმოჩნდა ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული ექვსი სვეტისძირი, მათ შორიახლოს კი - ამდენივე სვეტისთავი და ხის სვეტების დანახშირებული ნაწილები. მარტივპროფილიანი სვეტისძირები და სვეტისთავები გამოკვეთილია ტუფოგენური ქვიშაქვისაგან. ბაზისი შედგება პლინთის, ლილვისა და ყელისაგან. ყელში ხის სვეტის ჩასადგმელი ფოსოა (დიამეტრი 0,4 მ) ამოკვეთილი. სვეტისთავს აქვს აბაკი და ფოსო. ინტერიერის კედლებში, მეორე და მეოთხე რიგის ქვათლილების ზემო ნაწილში ამოჭრილია ოთხკუთხა ფასოები, სავარაუდოა, რომ ისინი თაროების კონსოლებისათვის იყო განკუთვნილი.
სვეტებიან დარბაზში აღმოჩნდა პართული ხელობის ძვლის მოჩუქურთმებული ფირფიტა, ოქროს თხელი ფურცლების (ხის სვეტების სამკაული?) ფრაგმენტები, ბრინჯაოს ბრტყელთავიანი ლურსმნები, ხვიებით შემკული ბალთა, ლურჯი, მწვანე და მოწითალო ეგვიპტური პასტის მძივის ნატეხები, რთულსახოვანი ჩუქურთმის გამოსაყვანი ბრინჯაოს ფარგალი.
დარბაზის დასავლეთის ფასადის დიდი ნაწილი იმთავითვე მიწით ყოფილა დაფარული, დანარჩენი - აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადები კარგად არის დამუშავებული. მათ ფართო ცოკოლი შემოუყვება. შესასვლელი გაჭრილია აღმოსავლეთ კედელში, ორ ანტისებრ შვერილს შორის. შენობაში ჩავდივართ ოთხსაფეხურიანი განიერი კიბით.
არმაზციხის სვეტებიანი დარბაზი ძლიერ ჰგავს თალ-ჰალაფის სასახლეს, რომლის მსგავსი ნაგებობა აღმოჩენილია კარმირ-ბლურზეც (სომხეთი).
სვეტებიანი დარბაზის აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილოეთ ანტთან გამოვლინდა მოგრძო მოყვანილობის წყობა, რომელსაც ცეცხლის ხანგრძლივი მოქმედების კვალი ეტყობა (სამსხვერპლო ან მუდმივი ცეცხლის ადგილი?).
დარბაზის ჩრდილოეთით მსგავსი სამშენებლო ხერხებითა და მასალით ნაგებ შენობათა ნანგრევები აღმოჩნდა. ამ ნანგრევებზე აგებულია ადრინდელი ფეოდალური ხანის სადგომი, რომლის კედლები ნატეხი ქვისაა, კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია თლილი ქვა, ხოლო უფრო ადრინდელ დასავლეთის კედლის მარცხენა ნაწილში - მსხვილი ქვათლილები. მარჯვნივ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ჩადგმული ქვების მონაცვლეობით შექმნილია ჯვაროვანი წყობა. კედლის ცენტრალური ნაწილი, სადაც მოზრდილი ნიშია, აგებულია მცირე ზომის, კუთხით დაყენებული კვადრებით. ამგვარად შექმნილია ბადისებრი, დეკარატიული წყობა.
შიდაციხეში გათხრილი მარნისაგან შემორჩენილია ერთ დონეზე ჩამწკრიბვებული ქვევრები. ქვევრის ძირზე შემორჩენილია ნალექი (საფერავის ჯიშის ყურძნის ღვინისქვის მჟავა).
სვეტებიანი დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით გამოვლინდა არმაზციხე III-ის ხანის ძლიერ დაზიანებული აბანო. აბანო პატარაა (7 X 4,7 მ). გათბობის იატაკქვეშა სისტემა ორ რიგად განლაგებული მრგვალი და ოთხკუთხა აგურებით ამოყვანილი სვეტებისაგან შედგება. მათ თავზე დაგებულია მოზრდილი კერამიკული ფილები. აღმოჩენილია კარგად შელესილი აბაზანა და წყალსაცავი აუზის ნანგრევები. აბანო ფლატეზეა გადამდგარი.
არმაზციხეში გამოვლინდა ორი წყალსადენი: ღია, გათლილი ქვის ღარებისაგან შედგენილი (სამეურნეო წყლისათვის) და დახურული (სასმელი წყლისათვის). წყალი გამოყვანილია ბაგინეთის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრზე მდებარე სოფელ კარსნის მიდამოებიდან.
სვეტებიანი დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით გაითხარა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ დამხრობილი მთლიანკვეთილი ქვის სამარხი - სარკოფაგი. თარიღდება I საუკუნით. სარკოფაგი შედგება ერთმანეთთან რკინის გამირებით გადაბმული საგანგებოდ გათლილი ორფერდა სახურავისა და ყუთისაგან (1,85 X 0,6 X 0,65 მ). სარკოფაგის ყოველ გვერდზე ამოჭრილია ორი-სამი ფოსო, რომლებშიც გამირები ტყვიით ყოფილა ჩადუღებული. სარკოფაგში აღმოჩნდა ოქროს სამაჯურები, ყელსაბამები, ბალთები, ხვიები, მონეტები (რომაული აურეუსები); ვერცხლის ნივთები: სარეცლის ხის ფეხების გარსაკრავები, ვაზისებრი ორნამენტით შემკული ფიალა, თასი და სხვა. ან ნივთებიდან ზოგიერთზე არმაზული წარწერებია.
შიდაციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ციცაბო შვერილი კლდის თავზე, სარკოფაგსა და აბანოს ნანგრევებს შორის გაითხარა მავზოლეუმის ტიპის აკლდამა. აკლდამა თარიღდება I-II საუკუნეებით. აკლდამისაგან შემორჩენილია საფუძველი და კედლის მცირე ნაწილი. იგი შედგებოდა მოგრძო წინა ნაწილისა და მიცვალებულის დასაკრძალი კვადრატული სენაკისაგან, რომელსაც 0,4 მ სისქის კარგად დატკეპნილი იატაკი აქვს (აგურის ფხვნილგარეული კირი, ქვიშაქვა და კირის ხსნარი). აკლდამის საფუძველი ნაგებია ერთმანეთთან მორგებული კარგად დამუშავებული სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. კუთხეებში საგანგებოდ გათლილი კუთხური ქვებია ჩასმული. ქვათლილების კიდეებზე ამოკვეთილი ფოსოები ადასტურებს რომ ისინი ერთმანეთთან ლითონის ორ-ორი სამაგრით იყო გადაბმული. სამაგრები ფოსოებში ტყვიით იყო ჩადუღებული. ქვათლილები ნაგებობის პერანგს წარმოადგენს. არე კლდესა და პერანგს შორის ამოვსებული იყო ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით.
აკლდამის შესასვლელთან აღმოჩნდა ქვის ლავგარდნისა და ფრიზის ფრაგმენტები. ლავგარდანი პროფილირებულია ბატიყელით და თაროებით. ქვედა თაროზე ნარინჯისფერ ფონზე შავი საღებავით კბილანებია დახატული.
ციხე-გალავნის უმაღლეს ადგილზე, საიდანაც კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და არაგვის ხეობები, აღმოაჩინეს დიდი ქვათლილებით ნაგები მრავალწახნაგოვანი შენობის ფრაგმენტი. სავარაუდოა, რომ იგი იმ ნაგებობის ნაშთია, რომელზედაც ფარნავაზმა „ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა“.
ბაგინეთზე გათხრილ სამივე ფენის ნაგებობებს უმეტესად წითლად შეღებილი კრამიტის სახურავი ჰქონდა. კრამიტი ორი ტიპისაა: ბრტყელი და ღარისებრი. სახურავს ბრტყელი კრამიტი ფარავდა, ხოლო მათი შეერთების ადგილს – ღარიანი. ბრტყელი კრამიტი სხადასხვა ზომისაა და ფართო ტრაპეციის ფორმისაა, გრძივი გვერდები აკეცილი აქვს; დამზადებულია ბრტყელ დაზგაზე, უყალიბოდ. ღარისებრ კრამიტს ზურგზე კიდეებიდან თანაბრად დაშორებული ქიმი აქვს, ზედა მწკრივის ღარიანი ღარიანი კრამიტების შესაკავებლად. კრამიტებზე (უმეტესად ღარისებრზე) თვალსაჩინო ადგილას დატანილია სათვალავი ან ხელოსნის თუ სახელოსნოს მარტივი, ჩაჭდეული ნიშანი.
არმაზციხე მსგავსია ურარტუსა და აქემენიდთა ირანის სუსის, პერსეპოლისის, პასარგადის, თუშფის ციტადელისა, თოპრაქყალასა და წოვინარის სათავდაცვო ნაგებობებისა.
dzeglebi.com