ცხინვალის რეგიონის კორუფციულ საქმიანობას, მოსკოვი შეისწავლის

  21:49:03     09-07-2012

გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების დატაცების შესახებ ადგილზე დაწყებულ გამოძიებას მოსკოვში, რუსი გამომძიებლები დაასრულებენ. საბოლოოდ, ვისი თავები დაგორდება, ესეც მალე გახდება ცნობილი.

თუ გამოძიება ობიექტურთან მიახლოებულად მაინც ჩატარდა, კოკოითის ხალხს კარგი ამბავი რომ არ მოელის, ფაქტია. თუნდაც იმიტომ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივად გამოყენებაზე უკვე 21 საქმეა აღძრული თავად ოსების მიერ.

 თუმცა, არცერთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის და ამიტომაც მოსკოვმა გადაწყვიტა თავად გაერკვია, ვინ რამდენი ჩაიჯიბა მის მიერ გამოყოფილი 43 მილიარდი რუბლის ჰუმანიტარული დახმარებიდან.

 რაც ყველაზე საინტერესოა, თავად ცხინვალის რეგიონშიც მიიჩნევენ, რომ გამოძიების სასამართლომდე მიყვანა მხოლოდ რუს ძალოვანებს შესწევთ.

როგორც „იზვესტიას“  ცხინვალის „გენპროკურატურაში“ აუხსნეს, 2011 წლის ნოემბერში მათ რუსი კოლეგებისგან მოუვიდათ წერილი, რომლითაც რუსეთის გენპროკურატურამ საბიუჯეტო თანხების დატაცებასთან დაკავშირებული საქმეები გამოითხოვა. მთლიანობაში ასეთი 21 აღმოჩნდა. მათ გადასაცემად ცხინვალელ გამომძებლებს გარკვეული დრო დასჭირდათ და ახლა უკვე ცნობილია, რომ ყველა საქმეზე რუსი ძალოვანები მუშაობენ.

„სისხლის სამართლის საქმის მასალებში ყველა აუცილებელი ფაქტურაა, მაგრამ მათი ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს, რადგანაც მისი ფიგურანტები რუსეთის მოქალაქეები არიან“, – განუმარტა „იზვესტიას“ „რესპუბლიკის“ პროკურორის მოადგილემ, გიორგი კაბულოვმა.

ყველა ეს ხალხი მუშაობდა „იუჟნაია დირექციასთან“ (სამუშაოთა სახელმწიფო შემკვეთი), რომელსაც, თავის მხვრივ, რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტრო კურირებს, – განუმარტეს „იზვესტიას“ „პროკურატურიდან“.

ცხინვალის რეგიონში იმედი აქვთ, რუსი ძალოვანები შეძლებენ სისხლის სამართლის საქმეების ბოლომდე მიყვანას.

„ამისათვის მათ ყველა შესაძლებლობა და უფლებამოსიოლება გააჩნიათ“, – დარწმუნებულია კაბულოვი.

თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, მოსკოვის მიერ ინიციატივის საკუთარ ხელში აღება ჯერ კიდეც არ იძევა ოპტომიზმის საბაბს.

ნიშანდობლივია, რომ „იზვესტიას“ გარდა ზემოდასახელებულისა, სხვა წყაროების მტკიცებით, რუსეთს მხოლოდ ერთი საქმე გადაეცა – ცხინვალში ებრაელთა რაიონში დანგრეული შენობის აღდგენის შესახებ. აქ სამუშაოები 2009 წლის 22 ივნისს დაიწყეს და 2010 წლის ბოლოსთვის ორსართულიანი პენტჰაუსები უნდა დაესრულებინათ, მაგრამ დღესაც იქ დაუსრულებელი კარკასებია მხოლოდ. ამ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი კი მოსკოვის სამშენებლო კომპანია“ რემისტია“.

რაც შეეხება მოსკოვის მიერ გამოყოფილ თანხას 43 მილიარდ რუბლს, მისით შესაძლებელი იყო მოსახლეებისთის რომ დაენაწილებინათ, თითოეული მათგანი მილიონერი გამხდარიყო, მაგრამ იგი სწორედ იმათ მიითვისეს, ვისაც მოსახლეობის კეთილდღეობისთის ზრუნვა ევალებოდა.