ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური პარტნიორები კიდევ ერთხელ გაყიდა

  15:12:07     09-07-2012

ამ დროისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატებიდან, უმრავლესობა  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია, რამდენიმე –  „სახალხო კრების“, ხოლო კოალიციაში შემავალი პარტიებიდან, კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში, მხოლოდ „ეროვნული ფორუმის“  ლიდერი გუბაზ სანიკიძეა.

მედიაში, დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მესამე ძალის შესახებ, რომელშიც რამდენიმე პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანებულიყო.

ნინო ბურჯანაძე, თემურ შაშიაშვილი, აკაკი ასათიანი და შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ ალიანსს გეგმავდნენ, თუმცა ეს ფაქტიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა.

კულუარებში საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ყველანაირად უშლის ხელს კოალიციების და ალიანსების შექმნას ოპოზიციურ სპექტრში, რათა არჩევნებზე მას კონკურენტად მხოლოდ მმართველი გუნდი ჰყავდეს.

ოლიგარქმა,  ე.წ კანონიერი ქურდები უკვე მიუგზავნა პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ დამფუძნებელ მინდია გულუას, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებოდა,  მინიმუმ არჩევნების დასრულებამდე.

ჯერი, ახლა სხვა პარტიებზე მიდგა. ბიძინა ივანიშვილი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან.

„კონკრეტულ სიტუაციაში ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არა იძახოს „მე" და „ჩემი“. ასე გადაეცით ქალბატონ ნინოს! გადაეცით ისიც, რომ თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც“-  სწორედ ეს შეუთვალა შუშის სასახლიდან ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძეს.

პოლიტიკაში საკუთარი თავისთვის მოსული ოლიგარქი, ახლაც ნაკლებად ფიქრობს ნინო ბურჯანაძეზე. „სახალხო კრების“ წევრებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ ბურჯანაძესთან შეთახმების გარეშე.

ამის გამო, ილუზიაა ის, რომ ლუკა კურტანიძე, გია  ბურჯანაძე, სოსო ჯაჭვლიანი და ნონა გაფრინდაშვილი, ნინო ბურჯანაძესთან შეთანხმების გარეშე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ სახელით იყარონ კენჭი.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქი,  „სახალხო კრების“ სწორედ ამ წევრებზე დებს ფსონს. ის მზად არის,  „ქართული ოცნების“ კანდიდატებიც კი მოხსნას რეგიონებში, კრების ამ სახეების სასარგებლოდ.

სწორედ,  ამ საკითხის გასარკვევად,  ნინო ბურჯანაძე ერთხელ უკვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ოლიგარქს,  ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის სურვილი მიმდინარე კვირაშიც აქვს.  

ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის ფარული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა „მესამე ძალის“ შექმნის საკითხი.

კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძეს შორის განხეთქილებაა. ამ საკითხზე საუბრისგან, ორივე მხარე თავს იკავებს, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას გულისწყვეტას და გაბრაზებას ვერ მალავენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ გაყიდა პოლიტიკური პარტნიორები, თუმცა რამდენად, ამ დროისთვის უცნობია.

„ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძესთან მოლაპარაკებებს კახა კუკავა აწარმოებდა და მასთან სჯობს ამ საკითხის გარკვევა. გარდა ამისა, ასათიანი თავს არიდებს ნინო ბურჯანაძეზე საუბარს და ამბობს, რომ იყო თუ არ იყო ბურჯანაძე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხში ჩართული, ამის გარკვევა ნინო ბურჯანაძესთან სჯობს.

„პრესა.ჯი“:  ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა თქვენთან ალიანსზე და  ბიძინა ივანიშვილთან აწარმოებს მოლაპარაკებებს? 

აკაკი ასათიანი: არ ვიცი. ქალბატონ ნინოს უნდა კითხოთ. კახა კუკავა აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

- თქვენ იყავით ერთ-ერთი მხარე მოლაპარაკებებში და იმ პარტიის ლიდერი, რომელიც ალიანში უნდა შესულიყო...

- ჩვენ სამი პარტია, „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტები“ და „თეთრები“ შევთანხმდით მაჟორიტარების საკითხზე. დანარჩენი შეგიძლიათ ჰკითხოთ მას, ვინც იყო, თუ არ იყო ალიანში.  

- ნინო ბურჯანაძე  ჩართული იყო ამ პროცესში,  ახლა გამიჯნულია პროცესებს... ეს ნიშნავს იმას, რომ მან საბოლოოდ უარი თქვა სამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობაზე?

- ვერაფერს გეტყვით, ეს უნდა ჰკითხოთ ნინო ბურჯანაძეს.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, კონსულტაციები და საუბარი ამ პარტიებთან ისევ მიმდინარეობს.  

ამის შესახებ, ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა მას არაფერი უთქვამს ალიანსზე, რომელიც დაგეგმილი იყო ოთხ პოლიტიკურ პარტიას შორის.

„ლეიბორისტული პარტის“ პოლიტიკური ლიდერი გიორგი გუგავა, კატეგორიულად გამორიცხავს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში შესვლას.

„არ ვიცი, ვინ ვისთან აპირებს ჩახუტებას, ჩაბლოკებას, ჩაკოალიციებას და ვინ ვინ გადაიბირა.  „ლეიბორისტული პარტიის“ სტრატეგია, მრავალგზის არის გაცხადებული.  ჩვენ, არჩევნებში,  როგორც კლასიკური ტიპის, ეროვნული, სოციალური ყაიდის პარტია და ამ იდეოლოგიის მიმდევარი, დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება კოორდინირებულ მოქმედებას და საკითხებს. კონსულტაციები ბუნებრივია რომ იქნება და უნდა იყოს “- აცხადებს გიორგი გუგავა.