ივანე ვაზოვის დაბადების დღისადმი

  10:10:35     09-07-2012

1850 წლის 27 ივნისს (ახალი სტილით 9 ივლისს), დაიბადა დიდი ბულგარელი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე  - ივანე ვაზოვი.

მას უწოდებენ ბულგარული ლიტერატურის პატრიარქს. იგი გახლდათ ბულგარული ეროვნული და სახელმწიფოებრივი აღორძინების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

დაიბადა პატარა ქალაქ სოპოტში, ბულგარეთში, ოსმალეთის იმპერიაში. მამას მინჩო ერქვა, იგი პატრიოტულად განწყობილი ადამიანი იყო, ვაჭრების ოჯახიდან. მწერალი მამაზე წერდა: „...იგი სარგებლობდა ხალხის პატივისცემით, რომელიც მას ხშირად მიმართავდა რჩევა-დარიგებისათვის თვით ყველაზე უფრო ინტიმურ საკითხებზედაც კი“. მინჩო ვაზოვი გატაცებული ყოფილა პოეზიითა და ისტორიით. საღამოობით - იგონებდა ივანე ვაზოვი - იგი შემოიკრებდა შვილებს და ამღერებდა რევოლუციურ სიმღერებს და ვუმღეროდით მას: „სადა ხარ შენ, ერთგულო სიყვარულო ხალხისა“, „მოისურვა ამაყმა ნიკიფორემ“ და სხვა“.

მწერლის დედა, სიბა, განათლებული, სათნო, ლამაზი, სიცოცხლით სავსე, მშვენიერი მომღერალი და პოეზიით გატაცებული ქალი ყოფილა. „მთელ დროს წიგნების კითხვაში ატარებდაო“ - წერდა პოეტი დედის შესახებ. ტრადიციული ოჯახი ჰქონდათ, ყველასაგან პატივცემული.

შემდეგში მწერლის ორი ძმა, გიორგი და ვლადიმირი გენერლები გახდნენ, მისი ძმა ბორისი კი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი.

დიდმა მწერალმა სიჭაბუკიდან შეისწავლა უცხო ენები: რუსული, თურქული, ბერძნული.

1866 წელს შევიდა პლოვდივის გიმნაზიაში და იქ ფრანგულიც შეისწავლა. სიყმაწვილიდანვე გატაცებული იყო პოეზიით და ლიტერატურით.

წერდა ფსევდონიმებით: პეიჩინი, დობრინოვი, ც-ბ, დ.ნ-როვი, ტ. გაბროვსკი, ბოიანეცი, ნ-ჩევი და სხვა.

ბულგარელმა ხალხმა დიდ პატრიოტს და მამულიშვილს, ბულგარეთის თავისუფლების მომღერალს „პაპა“ შეარქვა. დიდი პოეტი უმღერდა გმირ ჰაიდუკებს, ვოევოდებს, ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს.

ივანე ვაზოვი იყო ბულგარეთის აკადემიის წევრი. ეაკავა განათლების მინისტრის პოსტი 1897 წლის 7 სექტემბრიდან 1899 წლის 30 იანვრამდე, პარტია „ნაროდნიკოვიდან“.

მისი შემოქმედება, როგორც ვთქვით, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ბულგარეთისათვის. 

დიდი ბულგარელი მწერალი ივანე ვაზოვი გარდაიცვალა 1921 წლის 22 სექტემბერს ბულგარეთში.

პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ გავიხსენოთ ივანე ვაზოვის ორი შესანიშნავი ლექსი, რომლებიც თარგმნილია გრიგოლ აბაშიძის მიერ.

* * *

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

ბოლო ექნება დაწყევლილ წყვდიადს,
დადგება ბოლო ჯავრის, დარდების,
შენ ისევ ნახავ ცხოვრებას დიადს
და წელში ისევ გაიმართები.
მოვა თაობა ბნელის დამნთქმელი,
მოვა ბოროტის დამამხობელი,
თავისუფლების დიდი, ნათელი
მზე გაგინათებს ცხოველმყოფელი.
წამების ცრემლი გაქრება ხალხში,
აღარ ივლიან თავდახრილები,
და მაშინ.. მაგრამ ვაი, რომ მაშინ
ქვეყნად მე უკვე აღარ ვიქნები.

ჩემი სიმღერა

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

მოვკვდები, წავალ ადრე თუ გვიან,
მეც მახსენებენ კარგად ან ცუდად,
ჩემს საფლავზედაც ამოვა ია,
ლექსი კი ჩემი იცოცხლებს მუდამ.
ბევრ სახელს, ბევრის ტყუილ დიდებას
გააქრობს, წაშლის წლების ნამქერი,
მათ ხსოვნას ხავსი მოეკიდება,
მაგრამ ვერ მოჰკლავს ლექსს ვერაფერი.
ლექსი ძმობას და სიმართლეს უმღერს,
მისი სიცოცხლე არ შემოკლდება,
ბნელს ჰკიცხავს, ებრძვის მონობის უღელს,
და ლექსი ჩემი როგორ მოკვდება.
მას ბალკანების ეშხი და ფერი,
მთების სიმღერის კილო მოჰყვება,
იგი სახალხო დიდებას მღერის,
სიმღერა ჩემი როგორ მოკვდება.
მას მივეც გულის საუნჯე სრული
რჩეულ ხმებად და რჩეულ ფერებად,
და ახლა ჩემი მთრთოლვარე გული
ჩემს ლექსებში ძგერს შეუჩერებლად.
მოშურნე მტერი, ჩემზე რომ ცდიდა
ძალას, სიხარბით თვით დამიწდება,
მე თვალს ვუსწორებ მომავალს მშვიდად,
რადგან მას ჩემი ლექსი მისწვდება.
ჩემს ლექსს - ბულგარელ ხალხის სულს უკვდავს
დრო შეამტკიცებს დუღაბის დარად,
ვით ბულგარეთი იცოცხლებს მუდამ,
ჩემი სიმღერაც იცოცხლებს მარად.