იან ნერუდას დაბადების დღისადმი

  10:08:56     09-07-2012

1834 წლის 9 ივლისს პრაღაში, ვაჭრის ოჯახში დაიბადა დიდი ჩეხი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი იან ნერუდა (Jan Nepomuk Neruda). მამა გადამდგარი ჯარისკაცი იყო. ჰქონდათ პატარა მაღაზია, დედაც იქვე მუშაობდა.

დაამთავრა აკადემიური გიმნაზია.

 1853 წლიდან  პრაღის უნივერისტეტში სწავლობდა სამართალს და ფილოსოფიას. მუშაობდა პედაგოგად. 1860 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად. ასწავლიდა გერმანულ ენას.

მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1852 წელს, პირველი კრებული კი გამოვიდა 1857 წელს.

გარდა პოეტური და პროზაული ნაწარმოებებისა, წერდა ნარკვევებს, ფელეტონებს,  სტატიებს, ჩეხეთის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების შესახებ. გამოირჩეოდა უბრალო ხალხისადმი თანაგრძნობით. მისი შემოქმედება ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება ჩეხური რეალიზმის ფორმირების საქმეში.

იყო რამდენიმე სალიტერატურო ჟურნალის რედაქტორი.

იან ნერუდა ჩეხებისათვის არ არის მხოლოდ  პოეტი და მწერალი, ის მათი კულტურის, თავისუფლების, ჩეხეთისა და უბრალო ჩეხი ხალხის სიყვარულის სიმბოლოა... იგი არ მხოლოდ ეროვნულ, არამედ სოციალურ თავისუფლებაზე, თანასწორობაზე ოცნებობდა. როგორც ვთქვით, განსაკუთრებით უყვარდა უბრალო ადამიანები. მისი შემოქმედება, მისი ცხოვრება მთლიანად გაიგივებული იყო ჩეხ ხალხთან.

ჩეხური სიტყვის დიდოსტატი იან ნერუდა გარდაიცვალა 1891 წლის 22 აგვისტოს, 57 წლის ასაკში.

დიდი ჩეხი მამულიშვილის, იან ნერუდას შესახებ საუბარი ჩვენ სხვა დროსაც გვექნება.

გავიხსენოთ იან ნერუდას შესანიშნავი ლექსი „მხოლოდ წინ“  და უსათაურო („ბედო, თუ გინდა მაქციო ფერფლად“). ეს ლექსები შესანიშნავად თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ.

ლექსი „ბედო, თუ გინდა მაქციო ფერფლად“ კარგად გამოხატავს მის  დამოკიდებულებას სამშობლოსადმი, პოეტისათვის სამშობლო ყველაფერია...

 

ლექსში, „მხოლოდ წინ“, პოეტი წერს: „და თუ გვეღირსა ჩეხებს დიდება, თუ ჩვენც გაგვეღო კარი დიდების“... დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იან ნერუდას სამშობლო დიდებულია, თავისუფალია, აქვს თავისი სახელმწიფოებრიობა, რომელიც დაცულია, ვითარდება და ვერავინ მათ ეროვნული თვალსაზრისით ვერ ჩაგრავს. სწორედ ეს იყო დიდი ჩეხის, იან ნერუდას ოცნება...

პოეტი წერს: „თუ მზით განათდა ჩვენი ქედებიც, როგორც არ იცის ზღვამ დამშვიდება, შენ, ჩემო ხალხო, ნუ დამშვიდდები, მაინც წინ გასწი, ნუ შეჩერდები“. ჩეხი ხალხი, მუდამ წინ ივლის, თავისი სახელმწიფოსა და კულტურის აღორძინებისაკენ!

* * *

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

ბედო, თუ გინდა მაქციო ფერფლად,
თუ გსურს რომ მიწამ ადრე დამმარხოს,
თავისუფლებას შემწირე მსხვერპლად,
თავისუფლებას დიდს  და სახალხოს.
მონურ სიცოცხლეს რა თავში ვიხლი,
მომკალ, გამყარე მშობელ ველ-მინდორს,
დე, ჩემი გულის მხურვალე სისხლით
შენს ხელებს ცოდვა ჩამოეწმინდოს.
დე, ცრემლი მოსწყდეს დედის წამწამებს,
ჩემს სახლზე დადგეს კვამლი ღრუბლებად,
ოღონდ დაჩაგრულს, ოღონდ ნაწამებს
ჩემს ხალხს ეღირსოს თავისუფლება.
სატრფოსაც დავთმობ, მშვენებით სავსეს,
დავთმობ სიყვარულს, ამ დიდ ოცნებას,
ოღონდ ვიხილო სამშობლოს ცაზე
თავისუფლების გასხივოსნება.

მხოლოდ წინ 

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

სიბნელე შავი და შემზარავი
არ გვაკრთობს, რადგან გრიგალმა გვზარდა,
ჩვენ მუხლს არ ვუყრით ქვეყნად არავის,
ჩვენი ხალხის და სამშობლოს გარდა.
ჩვენ მივუშვირეთ ქარიშხალს მკერდი,
როგორც შეჰფერის არწივის მართვებს,
რადგან ვიტვირთეთ სამშობლოს ბედი,
ამიტომ ბრძოლა და წინსვლა გვმართებს.

სამშობლო, ჩვენთვის მშობელი დედა,
წმინდაა, როგორც წყარო ანკარა,
თავისი ბედი მან თვითონ სჭედა
და ბევრჯერ ცეცხლში გამოატარა.
მას კვლავ გმირული სული აღელვებს,
თავისუფლებას ესწრაფვის ახლაც,
ხალხი დაცემულ გმირთა სახელებს
დროშად წაიღებს სულ წინ და მაღლა.

გვყავდნენ მამები, მტრების მსახვრელნი,
დღეს დრო და ჯერი დგება საჩვენო,
ჩვენი გმირობით, ჩვენი სახელით
ჩვენი სამშობლო ჩვენც დავამშვენოთ.
და რაკი აწმყო ღამეში კვნესის,
ჩვენთვის წარსულის ნათელიც კმარა,
ხომალდმა სწორი აიღო გეზი,
მაშ წინ, ავუშვათ აფრები ჩქარა!

შორს, ჩვენგან, ვინც კრთის მტრების წინაშე!
გულის სიმტკიცე გვქონდეს უცვლელი,
ფერსა და სურნელს ხომ დიდ წვიმაშიც
არ ჰკარგავს ხოლმე ვარდის ფურცელი.
წინ, წინ გავსწიოთ გაშლილ დროშებით,
არ შევიცვალოთ ბრძოლის გუნება,
დროის დინებას ნუ ჩამოვრჩებით,
რადგან განვლილი არ დაბრუნდება.

დღე მოსდევს ღამეს, ბნელს სდევს ნათელი,
მზე ყველგან ბრწყინავს თვალგასახარად,
აღსდექ, ბნელეთზე ხმალშემმართველი,
აღსდექ, ეპოქამ დაჰკრა ნაღარა.
აღსდექ, ამართე დროსა დახრილი,
წამით არ შესდგე გმირთა თაობავ,
წინ გაიკაფე გზები მახვილით,
ფრთები შეგასხას გამბედაობამ.

სულ წინ, არასდროს უკან დახევა,
სულის სიმტკიცე არის მთავარი,
მტრის დამარცხების ხმის დასარხევად
მცირე როდია ჩვენი მთა-ბარი.
და ჯარისკაცებს ჰპოვებს შესაფერს
ჰუსისტთა ჰიმნიც, რკინის მახვილიც,
ჩვენ იარაღად ვაქცევთ ყვალაფერს,
წინ გაგვიძღვება სისხლის ძახილი.

ხომალდი უკან ნუ დაბრუნდება,
ამორჩეულ გეზს მიჰყვეს წინანდელს,
დავიცვათ იგი ცეცხლში უვნებლად,
რომ გამარჯვების მზეში ბრწყინავდეს.
და თუ გვეღირსა ჩეხებს დიდება,
თუ ჩვენც გაგვეღო კარი დიდების,
თუ მზით განათდა ჩვენი ქედებიც,
როგორც არ იცის ზღვამ დამშვიდება,
შენ, ჩემო ხალხო, ნუ დამშვიდდები,
მაინც წინ გასწი, ნუ შეჩერდები.