საეტაპო ბრძოლა კრემლისათვის: მოსკოვი საქართველოს შესახებ რეზოლუციის „დეოკუპაციას“ შეეცდება

  08:55:28     07-07-2012

დღეს, მონაკოში, ეუთოს ყოველწლიური სესიის ფარგლებში, რუსეთის დელეგაციას დიდი ბრძოლა ელის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეუთოს რეზოლუციაში ასეთი ფორმულირება დევს.

პოლონელი დეპუტატის მიხეილ შერბას მიერ ინიცირებული პროექტის თანაავტორი ორგანიზაციის წევრი 9 სახელმწიფოს 36 პარლამენტარია. მათ სერიოზული წინააღმდეგობა ელით სხდომაზე, რადგან ეუთო ის ორგანიზაციაა, სადაც „პრორუსული“ განწყობილებები ყველა სხვა საერთაშორისო ფორმატთან შედარებით გაცილებით ჭარბადაა წარმოდგენილი. შესაბამისად, მოსკოვი ამ უპირატესობის გამოყენებას შეეცდება, რათა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტიდან ტერმინი ოკუპაცია ამოვარდეს. თავად რეზოლუციის ავტორი დარწმუნებულია, რომ ეუთო, რეზოლუციას, თავისი მწვავე ტექსტით, მწვანე შუქს აუნთებს.

„მე უკვე მაქვს მხარდაჭერა ევროპის უდიდესი პარტიული გაერთიანებისგან. ჩვენი მხარდაჭერისთვის მზად არიან ევროპელი ქრისტიან-დემოკრატები, კონსერვატორები და ლიბერალები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუციას აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს“ - განაცხადა მიხეილ შერბამ „ეხო კავკაზა“-სთან სუბარში.

მოსკოვი უკვე რამდენიმე დღეა იბრძვის იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტიდან „ოკუპირებული ტერიტორიები“ ამოაგდოს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მისმა „გულშემატკივარმა“ რამდენიმე ქვეყნის დეპუტატმა რეზოლუციის პროექტში შესწორებების შეტანა სცადა. სამდივნოში ასეთი 4 წინადადება შევიდა.
როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, ერთ-ერთი ცვლილების ავტორის, კერძოდ, გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წინადადება იყო, რომ დოკუმენტის ტექსტში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არა ოკუპირებულ ტერიტორიებად, არამედ „გამოყოფილ რეგიონებად“ წოდებულიყო. მაგრამ ამ შესწორებამ დეპუტატთა საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. რეგლამენტით, იმისათვის, რომ წინადადება განხილვაზე დადგეს, ეს ორი ქვეყნის, ყველაზე მცირე, ხუთმა დელეგატმა უნდა მოითხოვოს. ასეთები კი ვერ იპოვეს.

ეუთოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ პრაქტიკულად ვერავინ, თვით რუსეთის გულშემატკივარი ქვეყნები და დელეგაციებიც კი ვერ ბედავენ რუსეთის პოზიციების დაცვას და ამის ნაცვლად, ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოსადმი.

მიხაილ შერბა დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მკაცრი რეზოლუცია რუსეთის მიმართ, მოსკოვი საბოლოო ჯამში იძულებული გახდება თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოდან.

დღეს, მონაკოში, რეზოლუციაზე მხოლოდ მსჯელობა გაიმართება. საბოლოო კენჭისყრა კი ორშაბათისთვისაა დაგეგმილი. დოკუმენტით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, უზრუნველყონ შიდა ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს რუსეთს, რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეა „დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის მთავრობასა და პარლამენტს, ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ნება დართონ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, დაუბრკოლებლად შევიდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ასე რომ, მონაკოს „ფრონტზე“ მოსკოვს დღეს ერთ-ერთი გადამწყვეტი რაუნდი ელის.