რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოელ ჯაშუშებთან გააიგივებენ

  10:56:26     06-07-2012

კანონში, რომლის მიღებასაც რუსეთის დუმა აპირებს, ეს ყველაფერი უფრო „კულტურულად“ არის შენიღბული. დოკუმენტი იმ „არაკომერციული ორგანიზაციების“ მკაცრ კონტროლს ითვალისწინებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. მათ „უცხოელი აგენტები“ დაერქმევათ და თუკი ასეთი სტატუსის ქვეშ მუშაობას მაინც გააგრძელებენ, ეს ხელისუფლების უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მოხდება.

კანონპროექტის ავტორი მმართველი პარტიის დეპუტატი ალექსანდრ სიდიაკინია. სწორედ იმ კანონის ავტორი, რომელმაც რუსეთში აქციებისა და შეკრებების ჩატარება მაქსიმალურად შეზღუდა. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტიც, სავარაუდოდ, მიტინგების აკრძალვის კანონის გაგრძელებაა, რითაც რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, რევოლუციის მოახლოების შეფერხება სურს.

პროექტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივობას ახდენს და ფულად სახსრებს, ან თუნდაც, ტექნიკურ საშუალებებს იღებს სხვა სახელმწიფოებისგან, უცხოური ბიზნესისგან ან უბრალოდ, უცხოელი მოქალაქისგან, ვალდებულია, „უცხოელი აგენტის“ სახელი ოფიციალურად მოირგოს. მათ „ხელის გულზე“ უნდა წარუდგინონ ხელისუფლებას თავისი საქმიანობის ანგარიში, გადარიცხვები, წერილები, პუბლიკაციები, აქტივობები... წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებს გადაახდევინებენ.

კანონის მიღების შემთხვევაში, მისი მოქმედების ქვეშ ექცევა ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. მაგალითად, ასოციაცია „გოლოს“, რომელიც არჩევნებისთვის დამკვირვებლებს ამზადებს-ხოლმე. ან საერთაშორისო ორგანიზაცია  Transparancy International-ის მოსკოვის ოფისი - ყველაზე ძველი არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთში. ან სულაც რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც უცხოური ეპარქიებისგან მნიშვნელოვან სახსრებს იღებს.

„ეს იდიოტური კანონია. ის მოიგონეს ჩეკისტებმა, როგორც ერთ დროს მათმა მეთაურმა ძერჟინსკიმ. ყველგან მტერსა და აგენტებს ხედავენ“ - ამბობს საჯაროობის ფონდის ხელმძღვანელი ალექსეი სიმონოვი. მისი თქმით, საქმე ეხება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ზეწოლას, რომლებსაც „შუბლზე დააწერენ“: უცხოელი აგენტი, რასაც რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ფედერალური ტელეარხები წლებია ასულელებენ, ამ განმარტებას აღიქვამენ, როგორც „ჯაშუშს“, „სამშობლოს გამყიდველს“. ეს სწორედ ამ მიზნით კეთდება - დარწმუნებულია სიმოვოვი.

თავად რუსეთის ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის რუბლსაც არ ხარჯავს. სამამულო ბიზნესი კი ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებას ვერ ბედავს, რადგან კრემლი მას მაშინვე გააბანკროტებს.

კანონპროექტის ავტორებმა არგუმენტად ამერიკული კანონი მოიყვანეს, რომელიც უცხოური სახელმწიფოების ინტერესების წარმომადგენელთა რეგისტრაციას შეეხება. მაგრამ უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა აღნიშნავს, რომ მოსახლეობას ატყუებენ, რადგან ამერიკული კანონი არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ იმ უცხოური სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან კომპანიებს ეხებათ, რომლებიც აშშ-ში ოფიციალურად ლობირებენ თავისი „პატრონების“ ინტერესებს.

ლუდმილა ალექსეევა აპირებს მიმართოს ევროპარლამენტს, აშშ-ის სენატსა და კონგრესს, რომ „მაგნიტსკის სიაში“, რომელიც ადამიანის უფლებების დამრღვევი რუსი ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესებას ეხება, იმ ადამიანთა გვარებიც შეიტანონ, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტის ავტორები არიან და ლობირებენ მას.