უილიამ ფოლკნერი - „მშვენიერი და ტრაგიკული გოგონას მძერწავი“
08:51:06     06-07-2012
1962 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა დიდი ამერიკელი დიდი ამერიკელი მწერალი უილიამ ქათბერ ფოლკნერი (William Cuthbert Faulkner), ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
დიდი მწერალი დაიბადა 1897 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-ოლბანში, მისისიპის შტატში, უნივერისტეტის საქმეთა მმართველის, მარი ჩარლზ და მოდ ფოლკნერების ოჯახში. მისი პაპა, უილიამ კლარკ ფოლკნერი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომში სამხრეთელების ჯარისკაცი, ავტორია იმ დროისათვის პოპულარული რომანისა „მემფისის თეთრი ვარდი“.
როცა მომავალი მწერალი ჯერ კიდევ პატარა იყო, ოჯახი საცხოვრებლად შტატის ჩრდილოეთში, ოქსფორდში გადავიდა, სადაც დიდმა მწერალმა გაატარა მთელი ცხოვრება.
1918 წელს გაუთხოვდა სატრფო და ახალგაზრდა გენიოსმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არ წაიყვანეს. შევიდა სამხედრო სასწავლებელში… სანამ დაასრულებდა სასწავლებელს, ომიც დამთავრდა. დაბრუნდა ოქსფორდში და ისმენდა უნივერსიტეტში ლექციებს, თუმცა მერე მიატოვა.
1919 წელს შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი ჟურნალში The New Republic, სადაც გამოქვეყნდა მისი ლექსი: „ფავნის დღის სიზმარი“.
1925 წელს მას მწერალმა შერვუდ ანდერსონმა, რომლის მოთხრობა „ტენდი“ ჩვენ ადრე შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველს წასაკითხად, ფოლკნერს ურჩია პროზისთვის მიემართა და ეწერა ამერიკის სამხრეთზე, რასაც კარგად იცნობდა.
დიდი ფოლკნერი ასეც მოიქცა და მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრა შედევრებით.
1929 წელს დაქორწინდა თავის სატრფოზე, ესტელაზე, მას შემდეგ რაც ის ქმარს გაშორდა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, ალაბამა და ჯილი. სამწუხაროდ, ალაბამა გარდაიცვალა 1931 წელს. იმ ტკივილთანაა დაკავშირებული წინამდებარე წერილი ფოლკნერისა, ბოლოთქმა წიგნისთვის „ხმაური და მძვინვარება“, რომელსაც გთავაზობთ დღეს.
კრიტიკოსებს ძალიან მოსწონდათ ფოლკნერის ნაწარმოებები, მაგრამ ამერიკაში ჯეროვნად არ აფასებდნენ მაინც. ოჯახის შენახვის მიზნით ჰოლივუდისთვის მუშაობდა. ევროპაში უკვე იცნობდნენ და ძალიან აფასებდნენ.
1947 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია, რის შემდეგაც ამერიკაშიც დააფასეს.
როგორც ვთქვით, დიდი მწერალი გარდაიცვალა 1962 წლის 6 ივლისს.
მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ბოლოთქმა წიგნისთვის “ხმაური და მძვინვარება”, რომელიც ძალიან ამაღელვებელია... აქვე ჩანს, რომ თავის დროს გამომცემლები არც თუ ისე სწყალობდნენ დიდ მწერალს...
უილიამ ფოლკნერი
ბოლოთქმა წიგნისთვის „ხმაური და მძვინვარება“
(თარგმნა ზაურ კილაძემ)
ამ წიგნის წერისას მე კითხვა ვისწავლე. წერა კი მცირეოდენ მაშინ მქონდა ნასწავლი, „ჯარისკაცის ჯილდოზე“ რომ ვმუშაობდი, დავხელოვნდი და აწ უკვე ესეისტის გულმოდგინებით ვეპყრობოდი ენას, სიტყვებს და უფრო მეტიც, მოწიწებული სიფრთხილით, როგორც დენთს; სიხარულითაც კი, როგორც ქალს – ასეთივე უწმინდური, იდუმალი განზრახვით. მაგრამ როდესაც “ხმაური და მძვინვარება” დავამთავრე, ნათლად მივხვდი, მართლაცდა არის ქვეყნად რაღაც, რასაც მიესადაგება გაცვეთილი სიტყვა “ხელოვნება”, და დიახაც უნდა მიესადაგოს კიდევაც. ისიც აღმოვაჩინე, ყველაფერი, რაც წამიკითხავს, დაწყებული ჰენრი ჯეიმსიდან და დამთავრებული ჰენტითა და საგაზეთო წერილებით მკვლელობათა შესახებ, წაკითხული იყო ფარვანას ან თხის დარად – განურჩევლად და ჭეშმარიტი ათვისების გარეშე. „ხმაურისა და მძვინვარების” შემდეგ, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მოვიცლიდი და გადავშლიდი რომელიმე წიგნს, ზაფხულის მეხთატეხის ნაგვიანევი გრუხუნით ბოლოსდაბოლოს მომეახლებოდნენ ფლობერები, დოსტოევსკები, კონრადები, ათეული წლის წინათ რომ მქონდა წაკითხული. “ხმაური და მძვინვარება” რომ დავწერე, მე კითხვა ვისწავლე – და კიდევაც დავანებე თავი კითხვას, და მას მერე არც წამიკითხავს რამე.
მას მერე მგონია, აღარც არაფერი მისწავლია. “ხმაურისა და მძვინვარების” შემდგომ დაწერილ რომანზე, “სამლოცველოზე” რომ ვმუშაობდი, ის, რაც ჩემში იყო და სწავლობდა წერის პროცესში და ისიც, რაც შესაძლოა, არის სწორედ ის ძალა, მწერალს რომ აიძულებს, შეუდგეს შრომას და განაცდევინოს შემოქმედებითი წვა-დაგვა, შეასრულოს შავი სამუშაო და აღნუსხოს ქაღალდზე სამოცდათხუთმეტი ან ასი ათასი სიტყვა – საკუთარი “მე”-ს ეს განყენებული ნაწილი, ჯერ კიდევ წიგნების გათავისებით იყო დაკავებული, ეს წიგნები დაუღეჭავად მქონდა გადაყლაპული ათი და უფრო მეტი წლის წინათ. „სამლოცველოზე“ მუშაობამ ისღა მომცა, რომ შემაგნებინა უკმარისობა იმისა, რაც მომაგო „ხმაურმა და მძვინვარებამ” და არ მომაგო “სამლოცველომ”. რომანს “სასიკვდილო სარეცელზე” რომ ვიწყებდი, მე უკვე ვხვდებოდი, რა მაკლდა, და ვიცოდი, რასაც ვერ მოვიპოვებდი ამჯერადაც, ეს რომანი „წინასწარგანზრახული” წიგნი უნდა ყოფილიყო და ამიტომ, Tour de Force-ის (ფრანგული გამოთქმაა და სიტყვა–სიტყვით ნიშნავს “ძალის გამოვლინებას"; განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევა, მოხერხებული მანევრი, ანდა ძნელი გამარჯვება; ასევე, უმაღლესი პროფესიული ტექნიკის, ოსტატობის ნიმუში) შექმნას ვაპირებდი. ჯერ კიდევ არ შევხებოდი კალმით ქაღალდს, ჯერ კიდევ არ მქონდა დაწერილი პირველი სიტყვა და უკვე ვიცოდი, თუ როგორი იქნებოდა უკანასკნელი სიტყვა, თითქმის ისიც ვიცოდი, თუ სად დავსვამდი წერტილს. იმთავითვე ასე ვუთხარი თავს, ეს იქნებოდა წიგნი, რომელიც – სხვა რომ არა იყოს რა – ოსტატის სახელს მომიტანდა, თუნდაც ცხოვრების მანძილზე კალამი აღარ ამეღო ხელში. და დავასრულე თუ არა, ცივი კმაყოფილება ვიგრძენი, სწორედ ასეც მოველოდი; მაგრამ ამასაც მოველოდი – ვერ ვიგრძენი ის, რაც მაგრძნობინა მე „ხმაურმა და მძვინვარებამ”; არ მქონდა გრძნობა, ნათელი და ცხადი, სიტყვებით გადმოცემისას რომ მისხლტება ხოლმე, არც ის აღფრთოვანება, მგზნებარე და სასიხარულო რწმენა და მოლოდინი გასაოცარი საგნებისა, უთუოდ რომაა ჩამალული კალმის წინარე მდებარე ქაღალდში და ხელუხლებელნი უეცრად რომ მოელიან განთავისუფლებას. რომანს „სასიკვდილო სარეცელზე” არ მოუგვრია ჩემთვის ეს გრძნობა. ასე გავიფიქრე, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯერ კიდევ წიგნის წერის დაწყებისთანავე, მე უკვე ბევრად მეტი ვიცოდი მის შესახებ. ასე გავიფიქრე, მთელი წიგნის ცოდნა მის დაწერამდე უკვე აღარასოდეს მომიხდება, და რახან ასეა, შემდგომ ის გრძნობა ისევ დამიბრუნდება მეთქი. ორი წელიწადი დავიცადე და “აგვისტოს ნათელს” მოვკიდე ხელი. მთელი რომანიდან მხოლოდ ამას ვხედავდი – ფეხმძიმე ყმაწვილი ქალი მიუყვება შორეულ და უცხო სოფლის შარაგზას. ახლა კი, ასე მეგონა, დამიბრუნდება-მეთქი ის გრძნობა, რადგან პირველივე თეთრ ფურცელს რომ მივუჯექი, ამ წიგნზე იმდენივე ვიცოდი, რამდენიც “ხმაურსა და მძვინვარებაზე”.
აღარ დამბრუნებია. იზრდებოდა დასტა დაწერილი ქაღალდებისა. წარმატებით ვითარდებოდა მიმდინარეობა ამბისა; უგულოდ არ ვიწყებდი მე ყოველ დილას მუშაობას, მაგრამ ისევ არ მოველოდი იმ სიხარულს, ერთადერთი რომაა, რაც სიამოვნებად გადააქცევდა ჩემთვის მწერლის შრომას. და მხოლოდ წიგნის დამთავრების ხანს მივხვდი – ვეღარ განვიცდი აწ იმ გრძნობას, რადგან კვლავ, ყოველი სიტყვის დაწერამდე ვიცოდი, თუ რას იქმოდნენ ჩემი პერსონაჟები, რადგან ვფიქრობდი და შემეძლო კიდევაც, არჩევანი გამეკეთებინა იმათ შესაძლო მოქმედებათა შორის, შემეძლო ამეწონ-დამეწონა და მომეშველებინა ჯეიმსისეული, კონრადისეული და ბალზაკისეული საზომი. მე მივხვდი, ძალზე ბევრი წამიკითხავს, მიმიღწევია იმ სტადიისათვის, რომელიც უცილობლად გაუვლია ყველა ახალგაზრდა მწერალს, როდესაც ფიქრობ, რომ ხელობის დასწავლის ხანს მიაღწიე კიდევაც მიზანს. გამომიგზავნეს დაბეჭდილი წიგნის ერთი ეგზემპლარი და აღმოჩნდა, რომ არც კი მსურს ვიხილო, თუ როგორი გარეკანით აღჭურვა იგი სმითმა (“აგვისტოს ნათელი” გამოსცა ჰარისონ სმითმა), თვალწინ დამიდგა “ხმაურისა და მძვინვარების” შემდეგ დაწერილი წიგნები, თანმიმდევრობისდა მიხედვით რომ იყო დაწყობილი თაროზე, უგულისყუროდ, თითქმის ნაწყენი შევცქეროდი ამ წიგნების ყუათა მწკრივს და ყოველი წარწერა თვითოეულის ყუაზე სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა, და ბოლოს გალევაზე მისულმა ყურადღებამ ასე მამცნო: „მადლობა ღმერთს, რომელიმე იმათგანის გადაშლა აღარ მომიწევს”. და ახლა კი მივხვდი, თუ რად არ განვიცადე ის ოდინდელი აღფრთოვანება და ვერც ვერასოდეს დავიბრუნებ მას; მივხვდი, მომავალში რამდენი რამეც არ უნდა დავწერო, ყოველი მათგანი უგულოდ არ შეიქმნება, მაგრამ აღარც ის სიხარულის მოლოდინი მექნება, რადგან “ხმაურსა და მძვინვარებაში” ჩაჭდეულია ის ერთადერთი რამ, რასაც გული შეუძრავს ჩემთვის, მწერალი კაცისათვის – და ვხედავ, თუ როგორ მიძვრება კედი მსხალზე, რათა სარკმელში შეიჭვრიტოს და ბებიას პანაშვიდი დაინახოს, ხოლო კვენტინი, ჯეისონი, ბენჯი და ზანგები ამოსცქერიან იმის დასვრილ, პაწაწინა ნიფხავს.
ჩემი შვიდი რომანიდან ეს ერთადერთია, რომლის დაწერის ხანს თავისთვის ძალა არ დამიტანებია, არც დაძაბულობა განმიცდია და, შემდეგ, არც დაქანცულობა, არც შვება მიგრძვნია და არც წყენა. ყოველგვარი გეგმის გარეშე შევუდექი მის წერას. წიგნადაც არ იწერებოდა. იქნებოდა ეს თუ არა წიგნი და დაბეჭდავდნენ თუ არა, არ მინდოდა ამაზე ფიქრი და ასე ვეუბნეოდი თავს, არ უნდა იდარდო, მოეწონებათ იგი გამომცემლებს თუ არა. ოთხი წლით ადრე მე დავწერე „ჯარისკაცის ჯილდო”. ბევრი დრო არ დამჭირვებია, მალე გამომიცეს და მომცეს ხუთასი დოლარი. ძნელი არ არის მეთქი რომანების წერა, ასე გავიფიქრე. მცირეშემოსავლიანი საქმეა, მაგრამ ადვილია. დავწერე რომანი „ქინქლები”, ამისი დაწერა კი გამიძნელდა, გამოცემაც დააგვიანეს, ოთხასი დოლარი იყო გასამრჯელო. და ასე გავიფიქრე, როგორც ჩანს, რომანების წერა, რომანისტობა უფრორე ძნელი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა-მეთქი. მერე „სარტორისი” დავწერე. დიდხანს ვწერდი ამ რომანს და ჩემმა გამომცემელმა იმწუთას უარყო. მაგრამ სამი წლის განმავლობაში ჯიუტად და თითქმის იმედგადაწურული ვაგზავნიდი სხვადასხვა გამომცემლობაში, იქნებ, მასზე დახარჯული დრო ამინაზღაურონ მეთქი. იმედი ნელ-ნელა ილეოდა, თუმცა კი უმტკივნეულოდ. და ერთხელ, თითქოსდა კარი მივხურე და იმის უკან დავტოვე ყველა გამომცემლის მისამართი და სია იმათი გამოცემული წიგნებისა. ასე ვუთხარი თავს: „ახლა კი შეიძლება წერა. ახლა კი შეიძლება, შევქმნა ლარნაკი, რომლის მსგავსი მოხუცმა რომაელმა სასთუმალთან დაიდგა და თანდათანობით გაცვითა კოცნა-კოცნით”. და მე, ვისაც არც არასოდეს ჰყოლია და, თანაც ვისაც ბედად ეწერა, სიცოცხლის პირველსავე წელს დაეკარგა ასული, შევუდექი მშვენიერი და ტრაგიკული გოგონას ძერწვას.