
ლავროვმა აღიარა, რომ „მშვიდობის იძულების ოპერაცია“, იგივე ინტერვენციაა...
08:21:12     06-07-2012
თუკი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას ომის კვალიფიკაციას არ აძლევს და მას თავის გასამართლებლად „მშვიდობის იძულების“ ოპერაციას უწოდებს, სირიასთან მიმართებაში ეს განმარტება კრემლისთვის პირდაპირი ინტერვენციის ტოლფასი აღმოჩნდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოფიციალურ დონეზე აღიარა, როცა სირიის რეჟიმის ყველანაირი ძალისმიერი მეთოდისგან დაცვას კიდევ ერთხელ ცდილობდა. სწორედ „მშვიდობის იძულების“ ოპერაცია დაასახელა ლავროვმა იმ აგრესიად, რომელსაც მოსკოვი, მისი თქმით, არ დაუშვებს სირიაში: „მშვიდობის იძულების ოპერაცია ეს სხვა არაფერია, თუ არა ინტერვენცია. ჩვენ მას ვერ გავამართლებთ“ - განაცხადა ლავროვმა.
2008 წელს მოსკოვის ქმედება და შემდეგ ამ ქმედების „მშვიდობის იძულებად“ კვალიფიცირება იმდენად შეუსაბამო იყო ერთმანეთთან, რომ ჯერ კიდევ ომის დღეებში თავად რუსი ავტორებიც კი სვამდნენ კითხვას: „მშვიდობის იძულება? რუსეთი მშვიდობისკენ მოუწოდებს და ქართულ აეროდრომებს ბომბავს“. სტატია ასეთი სათაურით რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ლენტა რუ“-ზე გამოქვეყნდა. და არა მარტო ამ სინფორმაციო პორტალზე. მისი რუსი ავტორი წერდა:
„...ოფიციალურად ამას „საქართველოს მშვიდობისთვის იძულება“ ჰქვია: 8-9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა საქართველოს მთელ რიგ სამხედრო ობიექტებს შეუტიეს. საქართველოს ხელისუფლებას საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოუხდა“.
ასევე:
„თუ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს სადაო სტატუსით შეიძლება ჯერ ისევ ეწოდოს „სამშვიდობო ოპერაცია“, რუსეთის ავიადარტყმები საქართველოს სამხედრო ობიექტებზე ამ განსაზღვრებაში უკვე ნამდვილად ვერ ჯდება“.
ან:
„...რუსეთის ხელისუფლება დიდხანს დუმდა - არ სურდა მოეყოლა „სამშვიდობო ოპერაციის“ ამ ნაწილზე. ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩამოგდებული თვითმფრინავების შესახებ კი ბოდვა უწოდეს. თუმცა როცა განადგურებული რუსული თვითმფრინავების რაოდენობა გაიზარდა და თბილისმა რუსი პილოტების ტყვედ აყვანის შესახებ განაცხადა, ისე, რომ ერთ-ერთის ვინაობაც დაასახელეს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მაინც მოუხდა კომენტარის გაკეთება... ცდილობდა რა აეხსნა სიტუაცია, გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ებრძვის საქართველოს მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობას. ეტყობა, მშვიდობიანი ქალაქები და სამოქალაქო მოსახლეობა, რომლებიც საუბედუროდ, სამხედრო ობიექტების სიხლოვეს აღმოჩნდნენ, ამ ფორმულირებაში არ შედიან“.
ან:
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გეგმავს მიმართოს ჰააგას და სტრასბურგს (ტყვედ აყვანილთა გასასამართლებლად). ადრე მოსკოვს არაერთხელ გაუკრიტიკებია საერთაშორისო სასამართლოები - მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილებების გამო. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თავისი „იძულებით-სამშვიდობო ოპერაციის“ ლეგიტიმაციისთვის მათი გამოყენება სავსებით შესაძლებელია“.
ისევ რუსი ავტორების ციტატები:
„არც 58-ე არმია, არც სადესანტო ქვედანაყოფები, გადასროლილი სამხრეთ ოსეთში, არ არიან სამშვიდობო ძალები, არ აქვთ შესაბამისი მანდატი - არც დსთ-დან, გაეროდან. არ არსებობს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებაც - შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენების შესახებ“ - რასაც თავად რუსეთის კონსტიტუცია მოითხოვს.
ან:
„საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეყვანა, ჯავშანტექნიკისა და მედესანტეების ჩათვლით, რუსეთის ავიაციის სამხედრო მოქმედებები ქართული ქვედანაყოფების წინააღმდეგ რაიმე სანქციის გარეშე, დაბომბვა საქართველოს ტერიტორიისა, რომელიც სამხრეთ ოსეთის მიღმაა - პირდაპირი სამხედრო აგრესიის აქტია. არც გორის, არც ფოთისა და არც თბილისის დაბომბვას, არც საზღვაო ბლოკადას, არც ქართული კატერის ჩაძირვას, მცირედი კავშირიც კი არ აქვს „სამშვიდობო“ და „სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის“ ოპერაციასთან. ეს არის აგრესია და სამხედრო ინტერვენცია, რასაც თან სდევს რუსეთის ოფიციალურ პირთა ცინიკური სიცრუე“.
ასეთი მოსაზრებების მქონე საკუთარი მოქალაქეები კრემლს შეახსენებენ: რუსეთმა მიზანმიმართულად დაარიგა რუსული პასპორტები ამ რეგიონებში. ანალოგიური რომ გააკეთოს იაპონიამ კურილის კუნძულებზე?... რუსეთის ხელისუფლება „პანდორას ყუთს“ ხსნის: სად არის გარანტია, რომ ჩინეთი ხვალ არ ჩაატარებს იგივე ოპერაციას შორეულ აღმოსავლეთში?...
სწორედ ეს ყველაფერი აღმოხდა ლავროვსაც, რადგან მის წინაშე უკვე არა საქართველოს, არამედ სირიისა და ასადის რეჟიმის საკითხი იდგა. და რითაც მან თავისდაუნებურად აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული „მშვიდობის იძულების“ ოპერაცია, სხვა არაფერი იყო, თუ არა ინტერვენცია.