უკრაინაში იარაღის დარიგებას ითხოვენ, რადას სპიკერს კი გიორგი ღონღაძის საქმით აშანტაჟებენ

  20:56:08     05-07-2012

ლვოვის საოლქო საბჭოს იარაღის დარიგებას სთხოვენ. იარაღი უკრაინის რადას მიერ მიღებული ენის კანონის წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდებათ.  განცხადება ამის შესახებ ლვოვის ადგილობრივი საბჭოების ასოციაციის „რადა ლვოვშინოვ“ სხდომაზე პუსტომიტოვსკის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ ვიქტორ ბაბიიმ გააკეთა. „იმედი მქონდა, რომ საოლქო საბჭოში იარაღს დაარიგებდნენ. მე მზად ვარ ის მივიღო“ - განაცხადა მან.

ბაბიიმ მოითხოვა, რომ კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ლვოვიდან დეპუტატები ავტობუსებით უნდა დაიძრან. ამ აზრს ლვოვშინის რაიონული საბჭოების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. იარაღის თემა კიევშიც გაისმა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ 9 ივლისამდე აქციების ჩატარება აკრძალა, პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ განაცხადა, რომ უკრაინელებს ახლა უკვე ორი გამოსავალიღა რჩებათ: პირველი - მშვიდობიანი. ანუ უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ჩატარება და პრეზიდენტის გადარჩევა, ან არსებობს მეორე გზა - „ქუჩა, კალაშნიკოვის ავტომატი“ - განაცხადა გრიცენკომ და განმარტა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მოქალაქეებს თვისი უფლებების „ყველა შესაძლო, ყველა საშუალებით“ დაცვის ნებას რთავს.

კანონს, რომელსაც მმართველი პარტია გულშემატკივრობს, ხელს არ აწერს რადას სპიკერი. ვლადიმერ ლიტვინმა ბიულეტენი აიღო. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიტვინს აშანტაჟებენ და ემუქრებიან, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან მისი კავშირის შესახებ სისხლის სამართლის საქმეს აღადგენენ.

ამის შესახებ ბრიფინგზე „ცვლილებათა ფრონტის“ ლიდერმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ იანუკოვიჩმა სპიკერი ლიტვინი აგარაკზე გამოიძახა. ამას რადაშიც ადასტურებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ლიტვინი პარლამენტში არ გამოჩენილა. კულუარებში კი დეპუტატები ადასტურებენ, როიმ იანუკოვიჩის აგარაკზე არა მარტო ლიტვინი, არამედ პუკაჩიც იყო გამოძახებული - ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი.

ეს იყო ლიტვინთან დაპირისპირება, რომელიც არაერთხელ დასახელდა ამ მკვლელობის ერთ-ერთ შემკვეთად. პუკაჩმა, შეიძლება, ისეთი ჩვენება მისცეს, რომლითაც ლიტვინს იოლად დააშანტაჟებენ - განცხადა რადას ერთ-ერთმა დეპუტატმა.

ღონღაძის საქმეში ლიტვინის წინააღმდეგ ჩვენება ორმა ადამიანმა მისცა. ალექსეი პუკაჩმა და ნიკოლაი მელნიჩენკომ, რომლებმაც ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთებად ლეონიდ კუჩმასთან ერთად ლიტვინიც დაასახელეს, თუმცა სასამართლომ აღნიშნული ჩვენებები უსაფუძვლოდ სცნო.