ვილფრედ მარტენსი: ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გარყვნას პოლიტიკა

  15:15:08     05-07-2012

„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა, ფრანგულ გამოცემა „la monde”-ში სკანდალური წერილი გამოაქვეყნა სათაურით, „განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში“.

ევროპელი ლიდერი, თავის წერილში სტრასბურგში დაგეგმილ დებატებს ეხმაურება.

მარტენსის წერილის უმეტესი ნაწილი, საქართველოსა და აქ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხება. ევროპელი ლიდერი წერილში ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ალხახანს გამოჩენილი ბიძინა ივანიშვილი, ლობისტებისა და კომუნიკატორების დახმარებით, ცდილობს ევროპელი ლიდერების დარწმუნებას. „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის თქმით, ნეო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, დაქირავებული ლობისტებისგან გაგზავნილი შეტყობინებებით სავსეა ევროპარლამენტის წევრთა ტელეფონის საფოსტო ყუთები.

„ფილანთროპი მილიარდერი ცდილობს არალეგიტიმური გზით წარმართოს საარჩევნო კამპანია. ივანიშვილმა, ფსონი საპარლამენტო არჩევნებზე დადო და  მიზნის მისაღწევად თანხებს არ იშურებს. მისი ლობისტები, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაში იმყოფებიან, სისტემატიურად მუშობენ იმისთვის, რომ დაარწმუნონ ევროპელი ლიდერები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის სისწორეში“-ნათქვამია წერილში.

„პრესა.ჯი“ „la monde”-ში გამოქვეყნებულ ვილფრედ მარტენსის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„მიზანმიმართული ტყუილები და ურთიერგამომრიცხავი  ინფორმაცია, ზედმეტად ხშირად გამოიყენება 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ამას წინათ, ამ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, „ევროპის ლიბერალური პარტიის“ პრეზიდენტმა გრემ ვატცონმა, რომლის თვისებებსაც მე პატივს ვცემ, ჩემდა გასაოცრად გამოიყენა არგუმენტების ის კლასიკური არსენალი, რასაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ოპონენტები, მექანიკურად იყენებენ. თუმცა, ჩემი გაოცება სწრაფადვე გაქრა, როგორც კი ბიძინა ივანიშვილის სახელი წავიკითხე, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ კონკურენტად მოიხსენიებდნენ.

ეს ნეო ოლიგარქი, მოსკოვის დახმარებით, ცდილობს, ფსონი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დადოს. მას ამაში ხელს არაფერი უშლის. „ფორბსის’ შეფასებით, მისი ქონება 6,4 მილიარდი ევროა, შედარებითვის კი ვიტყვი, რომ საქართველოს ბიუჯეტი ამ დროისთვის მხოლოდ 5,7 მილიარდი ევროა.

თავისთავად, ეს ფაქტი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ მაშინვე ხდება პრობლემა, როგორც კი მსგავსი რესურსები ნაკლებად ლეგიტიმური ქმედებებისკენაა მიმართული.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ევროპარლამენტის წევრების მობილური ტელეფონები არ ჩერდება და მათი მობილურების საფოსტო ყუთები გადაჭედილია.

ლობისტების და კომუნიკატორების მთელი არმია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ახალგაზრდა ქართული დემოკრატია არ არის ის, რაც ჩანს. რომ მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ის გადაარჩინოს, ეს ადამიანი ფილანტროპი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია.

მოვლენათა ასეთი დასურათება, მხოლოდ ღიმილს უნდა იწვევდეს. საუბედუროდ ეს არაპროპორციული ძალისხმევა, რომელიც ათობით პიარ ოფისის მობილიზებას ახდენს, მათ შორის ყველაზე ძვირისას, ბრიუსელში პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და ვაშინგტონში, მხოლოდ გამოძახილია იმ ათობით მილიონი ევროსი, რომელიც თავად საქართველოშია დახარჯული და საწუხაროდ არაფილანთროპული მიზნებისთვის.

ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეებისთვის ათჯერ მეტი ხელფასის შეთავაზება, თუ ისინი სამთავრობო სტრუქტურებს დატოვებენ, ათობით და ათასობით სატელიტური ანტენა, მაცივრები და ტელევიზორები, რომელთაც პოლიტიკური პარტია არიგებს, პარალელური სტრუქტურები, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებისათვის შექმნა და დააფინანსა იგივე პარტიულმა სტრუქტურებმა. ეს არის რეალობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აღწერს. აღწერს ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომლის ლიდერთა ცალკეული გამონათქვამების მომდევნო ანალიზი, ბევრ ევროპარლამენტარს შოკში აგდებს.

ჩვენ ყველაფერი ვიცით, ფული და პოლიტიკა შეუთავსებელია. საქართველოს მაგალითი ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ განსაკუთრებით ცხადად გვახსენებს ასეთი კავშირების საფრთხეს.

ამიტომ, მე მივმართავ ევროპის პოლიტიკური ლიდერებს, ჩვენ, ვინც რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ მონაწილეობა აღმოსავლეთის პარტნირობაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ  მეზობლებთან სტრუქტურირებულ ურთიერთობაში, რა გზავნილის მიტანა გვსურს ამ ქვეყნების ლიდერებამდე? რა პერსპექტივას ვაძლევთ მათ?

 

საქართველო ნაწილობრივ კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას არღვევს. ესაა, თემა, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს მათი მხრიდან, ვინც ახლო წარსულში რეგიონისადმი ინტერესი გამოხატა.

ეს არის დამოუკიდებლობის ტესტი ქვეყნისთვის.  

არის თუ არა შესაძლებელი ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიის განვითარება პოსტსაბჭოთა სივრცეში? ეს არის შანსი, რომ დავამტკიცოთ - კორუფცია არის ბოროტება, რომლის დაძლევაც შესაძლებელია.

მე მქონდა საშუალება, 2008 წლის შემდეგ რეგულარულად ვყოფილიყავი საქართველოში და თავად მენახა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ სფეროში.  

პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას, უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

როგორ შეძლებენ ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტები გაუმკლავდნენ ფულის ასეთ ნაკადს, რომელიც დესტაბილიზაციისთვის არის ხელმისაწვდომი?

რა დონემდე შეუძლიათ ლობისტებს და კომუნიკატორებს გავლენა მოახდინონ ევროპულ პოლიტიკაზე?

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ამისათვის, მან ყველა მიმართულებით ჩვენი დემოკრატიული ნორმები და ღირებულებები უნდა დაიცვას.  

საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზეა, როგორც „ევროპის სახალხო პარტის“ პრეზიდენტს, მე მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს, ევროპარლამენტმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა - ევროპის საბჭომ და ეუთომ გაგზავნოს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი საქართველოში.

მოდით, მივცეთ ამ ახალგაზრდა დემოკრატიას შანსი, გამოხატოს თავისი აზრი და არ გახდეს დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებასაც მათ მაგიერ ცდილობენ. ის, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობს გარყვნას პოლიტიკა და აქვს მცდელობა სადამკვირვებლო მისიების შედეგი წინასწარ განსაზღვროს.

ამ ახალგაზრდა ევროპელმა ერმა, ბოლო წლებში საკმარისზე მეტი უსამართლობა ნახა და უნდა შევეცადოთ, რომ დაუფიქრებელი ქმედებებით, დამატებითი პრობლემები აღარ შევუქმნათ.

შეგახსენებთ, ვილფრედ მარტენსი ამჟამად „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტია, მანამდე კი ის  ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო. მისი პოლიტიკური კარიერა 35 წელს ითვლის. მარტენსი, ბოლოს, საქართველოს გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა.