
ჯიოევას მომხრეები დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ
11:19:23     05-07-2012
ცხინვალში ტრადიციულად კვლავ დაძაბულობა და დაპირისპირებაა. ალა ჯიოევას მომხრეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურას უკვე კოლექტიური განცხადებით მიმართეს, რომლითაც ძალოვანი სტრუქტურების ქმედებების შეფასებასა და ე.წ. ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, 9 თებერვლის საღამოს, ჯიოევას ოფისის შტურმის დროს მათთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.
„გენპროკურატურის“ განმარტებით, მათ ჯიოევას მომხრეთა მიერ 29 ივნისს შეტანილ განცხადებაზე მომენტალურად მოახდინეს რეაგირება. გამომძიებლებმა უკვე დაიწყეს მოწმეთა დაკითხვა და ვარაუდობენ, რომ საქმისთვის გამოსაძიებად მიცემულ ორთვიან ვადაში ჩაეტევიან და ყველაფერს დაადგენენ.
თვითმხილველთა ჩვენებით, „გენპროკრატურის“ გამმომძიებლის, ალან პლიევის ვიზიტის შემდეგ შტაბში მოულოდნელად შეიჭრა შეიარაღებულ ნიღბოსანთა ჯგუფი, რომლებმაც მიუხედავად ალა ჯიოევას დაპირებისა, დამოუკიდებლად დატოვებდა შენობას, ის იქიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოათრიეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამის შემდეგ სხეულზე დაბეჟილობებითა და ჰიპერტონიული კრიზისით ალა ჯიოევა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, სადაც მან ორი თვე ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ გაატარა.
ერთ–ერთი მოწმის, მარინა თიბილოვას მიერ მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას კარგად ახსოვს მომხდარი და ის უძლურების გრძნობა, რასაც მაშინ განიცდიდა. შენობაში შეჭრა მას უფრო ჰოლივუდელ ბოევიკთა სცენის ეპიზოდს აგონებს.
„ეს უკანონობაა, ეს ბარბაროსობაა და სხვა არაფერი. მსგავსი რამის ხილვა მხოლოდ კინოში შეიძლება, ჩვენივე ხალხი ჩვენვე ასე სასტიკად მოგვექცეს?! თანაც შტაბში მხოლოდ ქალები იყვნენ, როცა ისინი შეიარაღებულნი შეიჭრნენ და ის (ალა ჯიოევა) შეიპყრეს. ანუ, ეტყობა, ეს ბიჭები როგორც ფილმებში ჰქონდათ ნანახი, სწორედ ისე მოიქცნენ, თითქოს მართლაც კინო ყოფილიყო.
როგორც იგივე თიბილოვა მიიჩნევს, ამას გარდა, შემთხევითი არ ყოფილა, რომ შტურმის დროს გამოყენებულიქნა მაქიმალურად ხისტი სქემა. ძალოვანები თავიანთ მეთაურის ბრძანებას ასრულებდნენ. კოლექტიურ განცხადებას ხელს აწერს 15 კაცი. თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც შტურმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ და ისინიც მოითხოვენ, რომ დაიკითხონ. მათ შორისაა ჟურნალისტი, ირინა ჯამბეგოვა, რომელიც საერთოდ იძულებული გახდა მუდმივი მუქარების გამო ცხინვალის რეგიონი დაეტოვებინა. იგი მიიჩნევს, რომ საჩივარი კარგა ხნის წინ უნდა დაწერილიყო, რადგანაც ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გამოაშკარავდეს იმ „გმირთა“ სახელები, რომლებმაც ჯიოევას შტაბის შტურმის შესახებ ბრძანება გასცეს.
მათივე განცხადებით, თუ ამ ფაქტის გამოძება არ ჩატარდა და ყველა დამნაშავე არ დაისაჯა, რა გარანტია აქვთ, რომ მომავალშიც იგივე არ განმეორდება.
კოლექტიურ განცხადებაში მითითებულია ასევე ზოგიერთ შემსრულებლის სახელიც. ესენია, „შს მინისტრის მოადგილე“, ვიტალი გასიევი და ზემოთნახსენები „გენპროკურატურის“ გამომძიებელი, ალან პლიევი.
თუმცა კოლექტიური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ბრძანებას მაშინდელი „პრემიერის“, ვადიმ ბროვცევის გარდა არავინ გასცემდა. თუ ეს ასეა და, ალბათ ასეცაა, მაშინ ბროვცევი აქ დამოუკიდებლად რომ არ იმოქმედებდა და იგი უშუალოდ კოკოითის განკარგულებას შეასრულებდა, ნათელია.
ჯიოევას მომხრეებმა ასევე „გენპროკურატურას“ აცნობეს 270 ათასი რუბლის დაკარგვის შესახებ, რომელიც შტურმის დროს ოფისიდან გაქრა და ისინი მის დაბრუნებასთან ერთად ასევე შტურმის დროს მიყენებულ მატერიალური ზარალის ანაზღაურებასაც მოითხოვენ, რაც მათივე შეფასებით 300 ათას რუბლს შეადგენს.
როგორ განვითარდება გამოძიება, ძნელი სათქმელია, მაგრამ იგი უშუალოდ თავად ედუარდ კოკოითსაც რომ შეეხება, ფაქტია. ამას გარდა, თუ გამოძიება სწორად არ წარიმართება და დამნაშავენი არ დაისჯებიან, განცხადების ავტორნი ირწმუნებიან, რომ ისინი ამას არ შეურიგდებიან. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში, იარაღიც „ალაპარაკდება“.