
ცხინვალში ისევ კლანები ბატონობენ, რომლებიც საქმეებს იარაღით არჩევენ
08:15:08     05-07-2012
ცხინვალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამა-შვილი ბეტეევების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ედუარდ კოკოითის დაცვის ყოფილი წევრის, ირბეგ ბეტეევისა და მისი 16 წლის ვაჟის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კი პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
ბეტეევს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა თავის შვილთან და კიდევ ერთ მგზავრთან ერთად ის მანქანაში იჯდა. ცხინვალში ეჭვი არ ეპარებათ, რომ მომხდარს პოლიტიკური სარჩული აქვს.
ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა ირბეგ ბეტეევმა „სამხრეთ ოსეთში“ ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა გასული წლის სექტემბერში ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ თავისი მეგობრისა და კოლეგისგან, სლავინ ნანიევისგან მიიღო წინადადება, მოეკლათ ედუარდ კოკოითის ოპოზიციაში მყოფი ძამბოლატ თედეევი და ალა ჯიოევა, რადგან უკვე მაშინ იყო ცნობილი, რომ ამ პერსონებს, განსაკუთრებით კი თედეევს, მოსალოდნელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი შანსები ჰქონდათ.
კოკოითის დროს ე.წ. სახელმწიფო დაცვა კარგად შეიარაღებული სამსახური, როგორც ამბობდნენ, პირადად კოკოითისთვის შექმნილი და ყველაფრით უზრუნველყოფილი შეიარაღებული ჯგუფი იყო. სლავიკ ნანიევი, რომელიც ცხინვალში მეტსახელით „აბხაზ“ არის ცნობილი, კოკოითთან დაახლოებული პირი იყო. სწორედ ამის გათვალისწინებით ბეტეევმა დაასკვნა, რომ ოპოზიციონერების ლიკვიდაციის დავალება პირველი პირისგან მოდიოდა და ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა, რის შემდეგაც დატოვა სამსახური და მოსკოვში წავიდა.
სლავიკ ნანიევმა ბეტეევი ცილისწამებაში და პოლიტიკურ პროვოკაციაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ბეტეევი თედეევთან გარიგდა და მის ბანაკში დიდი ფულის გამო გადაბარგდა.
სწორედ ამის შემდეგ მოხდა ძამბოლატ თედეევის საარჩევნო შტაბთან მანქანის აფეთქებაც. ეს ყველაფერი ცხინვალში კარგად ახსოვთ და ამიტომაც, ბეტეევის ლიკვიდაციის მცდელობას თავის ახსნას უძებნიან.
ბეტეევისა და თედეევის მომხრეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მომხდარი ანგარიშსწორებაა იმ განცხადების გამო, რომელიც ედუარდ კოკოითსა და მის მიერ დაქირავებულ მკვლელებს ამხელდა. დეპუტატი ალიკ პლიევი კი თვლის, რომ გარკვეულ ძალებს რესპუბლიკაში სიტუაციის გამწვავება სურთ.
იმას, რომ ცხინვალში ისევ კლანები განაგებენ ვითარებას და კაცის კვლაც ჩვეულებრივი ამბავია, კიდევ ერთი ისტორიაც მოწმობს. ცოტა ხნის წინ ტყეში ახალგაზარდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელზეც, ბეტეევი ამბობდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ მკვლელობასთან კავშირი ისევ და ისევ ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს ჰქონდა.