ოპოზიცია რევოლუციით, იანუკოვიჩი კი რადას დაშლით იმუქრება…

  16:46:42     04-07-2012

უკრაინაში ვითარება უკიდურესად იძაბება. კიევის ცენტრში ენის კანონის მოწინააღმდეგეებს სპეცრაზმი არბევს; გუშინ მიღებულმა კანონმა რადაშიც სერიოზული კონფლიქტი წარმოქმნა: პოსტის დატოვების შესახებ სპიკერმა და ვიცე-სპიკერმა განაცხადეს; ვიქტორ იანუკოვიჩმა პარლამენტი სასწრაფო წესით შეკრიბა. ფრაქციებთან პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, იანუკოვიჩმა რადას დაშლისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს. ოპოზიცია კი, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, ახალი რევოლუციის დაწყებაზე ლაპარაკდა.

„ღმერთმა ქნას, რომ დღევანდელი დღე უკრაინაში რევოლუციის დასაწყისად იქცეს“  - განაცხადა პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა „უკრაინულ სახლთან“ მიმდინარე მიტინგზე, სადაც უკრაინული ენის დამცველები არიან შეკრებილები. მანვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აქციას მალე შეუერთდებიან სხვადასხვა რაიონებიდან დაძრული აქტივისტები, რომლებსაც გზაში ავტოინსპექცია აფერხებს. გარდა ამისა, საპროტესტო ტალღამ კიევის გარდა სხვა ქალაქებიც მოიცვა: ხარკოვსა და ლვოვში მასობრივ გამოსვლებს აწყობენ. ლვოვში უკვე ბლოკირებულია ადგილობრივი ადმინისტრაცია.

ამ დროისათვის ოპოზიცია მოქმედების ახალი ტაქტიკის გამოსაცხადებლად ემზადება. ტიაგნიბოკის თქმით, „ღმერთმა ქნას, რომ დღევანდელი დღე უკრაინაში რევოლუციის დასაწყისად იქცეს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ამ ბანდიტური რეჟიმის ჩამოგდებას, რომელმაც უკრაინოფობია უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკად აქცია. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ღმერთის მიერ ბოძებულ ჩვენსავე მიწაზე ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ტიაგნიბოკმა.

უკრაინელი ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ პროტესტისა და დაწყებული არეულობის მიზეზი - ენის შესახებ კანონპროექტი, რომელიც რუსულ ენას ქვეყნის 13 რეგიონში რეგიონული ენის სტატუსს ანიჭებს და ამით, აღნიშნულ რეგიონებში, მას, ფაქტობრივად, სახელმწიფო ენის ძალას აძლევს, კრემლში შემუშავდა. ორშაბათს კიევს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სტუმრობდა. ექსპერტ ვადიმ კარასაევის თქმით, ეს კანონპროექტი, რომელსაც თავიდან იანუკოვიჩისთვის რუსულენოვანი მოსახლეობის მობილიზების ფუნქცია ჰქონდა, ახლა უკვე გეოპოლიტიკურ თამაშში გადაიზარდა. ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მოსკოვთან გარიგებაზე წავიდა - მოსკოვისთვის რუსული ენის გაძლიერება უკრაინაში ერთ-ერთი პრიორიტეტული სტრატეგიული ინტერესია, რის სანაცვლოდან კრემლი, შესაძლოა, იანუკოვიჩს რუსულ გაზზე ფასდაკლებას დაპირდა.

დღესვე იანუკოვიჩმა სასწრაფოდ შეკრიბა რადას ფრაქციები და ვადამდელი არჩევნებით დაიმუქრა. თუმცა გამწვავებული ვითარების გათვალისწინებით ისიც განაცხადა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს, ვიდრე მის საფუძვლიან ექსპერტიზას არ ჩაატარებს - თუ რა ვითარებაში იქნა დოკუმენტი მიღებული.

თუმცა იანუკოვიჩამდე, შესაძლოა, კანონი არც მივიდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ლიტვინმა, რომელმაც განაცხადა, რომ პოსტს პროტესტის ნიშნად ტოვებს, თუმცა განცხადება ჯერ არ დაუწერია, კანონის ხელმოწერაზე უარი თქვა. დოკუმენტი პრეზიდენტთან სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაიგზავნოს.

ამასთან, ლიტვინი, რომელიც მმართველი რეგიონების პარტიის ინტერესების წარმომადგენელია, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრაზე ცუდად გახდა და მისთვის სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო. ის ამბობს, რომ „თავისი კოლეგებმა გადააგდეს“. ლიტვინის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ისიც, ოპოზიციონერთა მსგავსად, თვლის, რომ კანონის მიღება დარღვევით მოხდა. რატომღაც, ლიტვინი სწორედ იმ დროს გამოიძახეს იანუკოვიჩთან, როცა კომუნისტმა ადამ მარტინიუკმა, ყველასათვის მოულოდნელად დოკუმენტი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრა კი ისე ჩაატარეს, რომ დარბაზში ხმაურის ფონზე, არც დეპუტატებს და არც ჟურნალისტებს არ ესმოდათ, რა საკითხი იდგა დღის წესრიგში.  

პარლამენტსა და ქუჩაში წარმოქმნილი დაძაბულობის ნეიტრალიზებისთვის კიევის საოლქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, დღევანდელი დღიდან 9 ივლისის ჩათვლით დედაქალაქში აქციები აიკრძალა. ოპოზიცია კი მაინც აცხადებს, რომ ენის შესახებ კანონი საკონსტიტუციო ნორმების დარღვევით იქნა მიღებული და უკრაინელებს მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდებს. „უკრაინულ სახლთან“ 6 სახალხო დეპუტატმა უკვე შიმშილობაც დაიწყო.