ანატოლი სობჩაკის ქვრივმა გუდას პირი მოხსნა?

  11:10:53     04-07-2012

„ვეღარ ვხვდები, როდის იყვნენ ისინი (პუტინი და მედვედევი) ნამდვილები - მაშინ, თუ ახლა“. ეს განცხადება ანატოლი სობჩაკის მეუღლემ, ქსენია სობჩაკის დედამ, სენატორმა ლუდმილა ნარუსოვამ ტელეარხ „სოვერშენნო სეკრეტნო“-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა, რის შემდეგაც რუსეთში ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სანკტ-პეტერბურგის ცნობილი ექს-მერის ანატოლი სობჩაკის მეუღლემ, რომელმაც კარგად იცის არა მარტო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის, არამედ დიმიტრი ანატოლევიჩის წარსულის შესახებ, გუდას პირი მოხსნა...

ნუთუ მოვიდა დრო? რას იტყვის კიდევ ნარუსოვა? - ასეთი კითხვა არა მარტო რიგით მაყურებელს გაუჩნდა. ამ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებით, როგორც ირკვევა, პროკურატურაც დაინტერესდა.  „ინტერვიუში ეძებენ ექსტრემიზმს“ - ასე ვარაუდობს თავად სენატორი. ალბათ იმიტომ, რომ ახლა, რუსეთში, თუკი ვინმესთვის შარის მოდებას აპირებენ, ექსტრემიზმში ადანაშაულებენ.

ნარუსოვამ ამ ინტერვიუში პირველი „ბომბი“ მაშინ „გახეთქა“, როცა ყველა მიხვდა, რომ ის, ბევრი წლების შემდეგ გულახდილობის ხასიათზე დადგა და მოყვა, თუ როგორ მონაწილეობდა 90-იან წლებში ვლადიმერ პუტინი არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში, რომელთა მიზანიც არსებული ხელისუფლების დამხობა იყო. მაგალითად, 1991 წლის 19 აგვისტოს, პუტინი, არათუ მონაწილეობდა მიტინგში, არამედ ამ მიტინგზე დასწრების სურვილის გამო თვით შვებულებაც კი შეწყვიტა. ასევე მედვედევი, რომელიც ნარუსოვას თქმით, პროფესორ სობჩაკის მხარდასაჭერად სააგიტაციო ფურცლების ასლებს ამრავლებდა და მათ ქუჩა-ქუჩა სახლების კედლებზე აკრავდა. ყოველივე ამის შემდეგ კი „ვეღარ ვხვდები, როდის იყვნენ ისინი ნამდვილები“ - განაცხადა სობჩაკის ქვრივმა, რომელსაც ახლა იმის გამო ავიწროებენ, რომ მისი ქალიშვილი ოპოზიციის ბანაკშია, თავად კი არის ფედერაციის საბჭოს სენატორი, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდავ და ამკრძალავ კანონებზე ხელს არ აწერს და პროტესტსაც ხმამაღლა გამოთქვამს.

ინტერვიუში იყო სხვა, უფრო მეტად შთამბეჭდავი განცხადებებიც. მაგალითად, იმის შესახებ, რომ ახლა, ანატოლი სობჩაკი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დადგებოდა ოპოზიციის რიგებში; ასევე იმ ეჭვების შესახებ, რომ მისი მეუღლე, შესაძლოა, მოკლეს კიდეც.

ასე პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩაატარა ანატოლი სობჩაკის სიკვდილის მიზეზის დასადგენი კერძო ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ მის მეუღლეს, გული, ინფარქტის გამო სულაც არ გასჩერებია. მოგვიანებით, ტელერახ „სოვერშენნო სეკრეტნოს“ ჟურნალისტმა დიმიტრი გუბინმა ინტერვიუ მისცა „ოგონიოკს“, სადაც ის ამბობს, რომ ნარუსოვამ ძალიან მკაცრი და ხისტი ინტერვიუ მისცა და ისიც აღიარა, რომ იმისათვის, რათა ვიღაცეებს პრობლემები არ შექმნოდათ, სენატორის საუბრიდან გარკვეული მომენტები მონტაჟის დროს ამოჭრეს.

გუბინის განმარტებით, ნარუსოვა ამბობდა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ სობჩაკი არ მოუწამლავთ, ხოლო როცა ჩაეკითხნენ, განაცხადა, რომ „არ სურს გახსნას მტიცებულებათა მთელი სისტემა და მთელი თავისი კარტები“.

ვარაუდობენ, რომ ახლა ნარუსოვას გულახდილობა იმაზეა დამოკიდებული, სადამდე „შეტოპავს“ თავად ხელისუფლება, რომელმაც გარდა იმისა, რომ უკვე ყველგან ყველა გზა გადაუკეტა ქსენია სობჩაკს, ნარუსოვასაც ფედერაციის საბჭოდან გაძევებით ემუქრება. ამის შესახებ სობჩაკის ქვრივმა თავად განაცხადა და მიზეზებზეც ისაუბრა:

„დიახ, მე გავიგე, რომ აპირებენ გამაგდონ 6 ივნისს ფედერაციის საბჭოში გამოსვლის გამო, როცა აღშფოთება გამოვხატე მიტინგების შესახებ კანონის ნაჩქარევად მიღებაზე, რასაც არანაირი ახსნა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ კანონით 12 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს აშინებდნენ. სხდომის დემონსტრაციულად დატოვება ჩემი პოზიციაა. მე არ მსურს თანამონაწილე ვიყო კონსტიტუციის იმ მუხლის დარღვევისა, რომელიც ჩემმა მეუღლემ დაწერა“ - განაცხადა სენატორმა და დასძინა, რომ „ედინაია როსიამ“, რომლის წევრიც ის არ არის, ფედერაციის საბჭოდან მისი გაწვევის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

რაც შეეხება მისი ინტერვიუთი პროკურატურის დაინტერესებას, ნარუსოვამ განაცხადა, რომ პროკურორს აქვს უფლება დაინტერესდეს ტელეპროგრამებში დანაშაულის შემადგენლობით და ექსტრემისტული მოწოდებებით. „მე ასეთი რამ არ გამიკეთებია, ამიტომ სრულებით მშვიდად ვარ. ხოლო საკუთარი აზრის გამოთქმისა და შეფასების უფლება ჯერ არ აუკრძალავთ“ - განაცხადა სობჩაკის ქვრივმა.