„ახალი ქართლის ცხოვრება“ - წმინდა ლუარსაბ II-ის შესახებ

  08:57:56     04-07-2012

21 ივნისს (ახალის სტილი 4 ივლისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა ლუარსაბ II-ის ხსენების დღეს.

ლუარსაბ II გახლდათ ქართლის მეფე გიორგი X-ის ძე. ქართლში მეფობდა 1606-15 წლებში. ტახტზე ავიდა 14 წლისა. ითვლებოდა შაჰ-აბას I-ის ვასალად. ევალებოდა ირანის მხარეზე ბრძოლა ირან-ოსმალეთის ომში. 1609 წელს ჭაბუკმა მეფემ თავი გამოიჩინა ტაშისკარის ბრძოლაში, ოსმალთა და ყირიმელ თათართა წინააღმდეგ. 1610 წელს ლუარსაბ II ესტუმრა შაჰს და სთხოვა ტფილისის ციხიდან სპარსული გარნიზონის გაყვანა. შაჰი დათანხმდა.

1611 წლის ბოლოს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და, მაგრამ თავადობა არ შეურიგდა „მდაბიო სააკაძის“ დედოფლობას და მეფე დაიყოლიეს გასცლოდა ცოლს.

ეს ფაქტი ადასტურებს იმდროინდელი საქართველოს დაკნინებულ მდგომარეობას... ერთიანი საქართველოს სამეფოს არსებობის დროს, მეფეებს არ მოჰყავდათ დიდ თავადთა ქალიშვილებიც კი (გამონაკლისების გარდა). ქვეშევრდომზე ქორწინება მეფისთვის მიუღებელი იყო. მას უნდა მოეყვანა ცოლად თანაბარი ღირსების ქალი, უცხო ქვეყნიდან (ბიზანტია და სხვა)... ამ შემთხვევაში კი თავადები აზნაურის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

საერთოდ ქვეშევრდომზე ქორწინება ძველი კანონებით აკრძალული იყო ევროპაში (რუსეთის სამეფო ოჯახში ახლაც ასეა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი, დღეს გლეხთა შთამომავლებსაც შეუძლიათ გახდნენ დედოფლები). ზოგ ქვეყანაში თუ მეფის ძე თავადის ასულს მოიყვანდა ცოლად, მემკვიდრეობის უფლებას კარგავდა.

მაგრამ, ლუარსაბ მეფის დროს საქართველოს აღარ ჰყავდა მეზობლად ისეთი ქვეყნები, რომელთაგანაც სადედოფლოს მოიყვანდა, თანაც ქვეყანა დაშლილი იყო.

ამის მერე მეფემ ახალი ცოლის მოყვანა ვეღარ მოასწრო...

1614 წელს შაჰ-აბასი დიდძალი მხედრობით გამოემართა ქართლისა და კახეთის ასაწიოკებლად... ირანის შაჰს, ცოლებად ჰყავდა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ისა და  კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის დები, ლელა-თინათინი და ელენე. თეიმურაზ მეფეს შაჰის ზეწოლით შედეგად ცოლად ჰყავდა ლუარსაბ მეფის მეორე და, ხორეშანი.

რა თქმა უნდა, ირანის ველური და ფსიქოპატი შაჰისათვის ნათესაურ კავშირებს, მით უმეტეს, მის მიერვე ნაძალადევად თავსმოხვეულს, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მან ააოხრა კახეთი, 80 000 კახელი ირანში გადაასახლა.

ქართლისა და კახეთის მეფეები წინ ვერ აღუდგნენ სისხლისმსმელი შაჰის მრავალრიცხოვან ურდოებს და იმერეთის მეფეს, გიორგი III-ს შეეხიზნენ. შაჰმა გიორგი მეფეს ცოლების ძმების გადმოცემა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ამ დროს, სამეფოს აოხრებისგან დაცვის მიზნით, ლუარსაბ მეფე ისედაც ფიქრობდა შაჰთან ხლებას, ქვეყნისათვის თავდადებას.

შაჰმა ლუარსაბ მეფის ხელუხლებლობის გარანტიებიც აღუთქვა მეფის გამზრდელ შადიმან ბარათაშვილს. არტისტული ყალბი ტირილით უთქვამს გაიძვერა შაჰ-აბას I-ს შადიმანისთვის: „ლუარსაბ მეფეს, მეფე სიმონის შვილიშვილსა და მეფე გიორგის შვილს, როგორ დავუშავებ რამესო“...

ქვეყნისთვის თავგანწრული მეფე ეახლა მტერს. ვერაგმა შაჰ-აბას I-მა დიდი პატივით მიიღო ქართველი მეფე. შემდეგ ნადირობის მომიზეზებით ქართლიდან გაიყვანა და, როგორც მოსალოდნელი იყო, გამაჰმადიანება მოსთხოვა...

რა თქმა უნდა, წმინდა მეფემ უარი უთხრა...

წმინდა მეფე ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. 

ქართველებს ვულოცავთ წმინდა ლუარსაბ II-ის ხსენების დღეს! მისი ლოცვა შეგვეწიოს!

წმინდა ლუარსაბ II-ის შესახებ სხვა დროსაც ვისაუბრებთ.

მეფის დატყვევებისა და სიკვდილით დასჯის ამბავი მოთხობილია ბერი ეგნატეშვილის მიერ „ახალ ქართლის ცხოვრებაში“.

ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი

მეფე ლუარსაბ

(ნაწყვეტი)

რამეთუ ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები.

 მაშინ მოინადირეს ყარაია. და მოკლა მეფემან ლუარსაბ კარზედა ცხრამეტი. და რა ნახა ესე შააბაზ, უფროსად აღეგზნა გულსა მისსა შური მისი და გაუმტერდა, დაღაცათუ პირისპირ დიდს ქებას ეუბნებოდა და ეფერებოდა არამედ გულში დიდად ემტერებოდა და არჩევდა ამისთჳს ბოროტსა.

 მაშინ დამან მეფისამანცა გაუგზავნა საიდუმლოდ წიგნი და ასწავა: „ამას ასე გამოჩუენებით, სიკეთით და შუენიერებით ნუ ეჩუენებით, მე ვიცი ამისი ამბავი, რომ შურიანი და ხვანჯიანი კაცი არისო, და ეწყინებაო შენი სიკეთე გულშიაო. პირად კი ვერას გეტყჳსო, მაგრამ ერიდე და ფრთხილად იყაო“. მაშინ მეფემან ლუარსაბ უთხრა: „აწ რა ვქნა, რაგინდ რომ ავად ვაჩუენო და ჴელი შეუწყო, ეს ხომ ვიცი, აღარ გამიშუებსო და, რადგან კი აღარ გამიშუებსო, ისევ-ისევე კარგად ვეჩუენებიო, ისი სჯობსო“.

 და ჰქონდა შური დიდი მისთჳს იდუმალ. მაშინ უთხრა შააბაზ: „რადგან ამისთანა მონადირე კაცი ხარო და უებრო მშჳლდოსანიო, ყარაბაღი დიაღ კარგი სანადირო და შესაქცეველი ადგილი არისო და წარვიდეთ იქაცაო და შევიქცეთო, მოვინადიროთ და ვილხინოთო. და წარიყვანა მუნცა.

 და ხანსა რაოდენსამე უკანა კუალად უთხრა: გილან-მაზანდარა“ და მისი გარემონი ქუეყნებიცა კარგი სანადირო არისო, წარვიდეთ მუნცაო და შევექცეთო.

 და რა მიიყვანა აშრაფს, მაშინ დაჰპატიჟა სჯული. ხოლო მან არა უსმინა და არცა უარ-ყო სჯული თჳსი. მაშინ განრისხნა შააბაზ და იგონებდა ბოროტსა მეფის ლუარსაბისათჳს: და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყჳთა ლიქნისათა ზაკჳთ ჰგონებდა ცთუნებად და მიქცევად სჯულსა მისსა ზედა, რეცათუ დაარწმუნოს ვერაგობითა თჳსითა, და ვერ მძლე ექმნა, არამედ ამაო იქმნა სიცბილი მისი, და ვერ ეწიფა ნებასა გულისა თჳსისასა. უმეტესად აღივსო შურითა, ვითარცა იტყჳს დავით: „უმზირინ ცოდვილი მართალსა და იღრჭინის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინასწარ ხედავს მას“, და შემდგომნი ამისნი.

 მაშინ ესმნეს სიტყუანი ესე მძლავრსა მიერ მეფესა ლუარსაბს, არად შერაცხა რისხვა მძლავრისა, არამედ ეგო ვითარცა ანდამატი, და შეუძვრელ ვითარცა კლდე, და უშიში იყო ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა. და არა იგონებდა წარმავალსა ქუეყნიერსა ზრუნვასა, არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდა გულსა და გონებასა თჳსსა. ვითარცა ორბი ზეაღმფრინვალე ეთერისა მიმართ, ეგრეთ განახლებად ისწრაფდა და შემოსად სულიერისა სამოსლისასა და განგდებად. თმისა ამის მოკუდავისა და შემოსად უკუდავისა მის, რომელი მოსიეს წმიდასა მჴნეთა მოწამეთა, და წარმომთქმელი სიტყჳსა მოციქულისა, ვითარმედ: გული მითქუამსო განსვლად და ყოფად ქრისტეს თანა“. განიცდიდა სიმჴნესა და ღუაწლსა წმიდათა მოწამეთასა გჳრგჳნსა და მოსაგებელსა მათსა, და უფროსად მობაძავ და საღვთოდ მოშურნე ქმნილიყო მეფეთა შორის წარჩინებულისა და მოწამისა მეფისა არჩილისა და ვახტანგისა და იტყოდა მიციქულისა მიერ თქმულსა მას: „უკეთუ მოვკუდე ქრისტესთჳს, მრწამს, რამეთუ რამეთუ მის თანაცა ვსცხონდეთ და, უკეთუ მან სახიერმან სიკუდილითა თჳსითა გჳჴსნა ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა, ჩუენცა თანა-გუაც; რათამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთჳს და არა ვრიდოთ თავთა ჩუენთა მისთჳს. ნეტარ თუმცა ღირს მყოს სახიერმან მან, რათამცა არა ერთგზის და ორგზის მივსცე თავი ჩემი სიკუდილსა, არამედ მრავალგზის, რომელმან მიბრძანა ჴმითა მით საუფლოთა: „ნუ გეშინინ, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოწყუედად“, და კუალად, „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. ვინათგან იგი ესრეთ აღმითქუამს გჳრგჳნსა მას დაუჭნობელსა და მოსაგებელსა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, ხოლო გულსა კაცისასა არა მოუჴდა; და ესეცა უწყი, ვითარმედ სიკუდილისა თანამდებ ვარო და უვნებელად თანა-მაც განსვლა სულისა და განშორება ჴორცთაგან, მეგულვების გარდაცვალება თიჴოანთა ამათ თბეთა და დაჴსნად ნასხამთა ამათ და ანაქუსთა ჩემთა; ნამდვილ კეთილ არს ჩემდა, რათა მოსწრაფედ ვრბიოდე ასპარეზსა მას ზედა ძლევისასა და მოვაკუდინო ასონი ქუეყანისანი და შეიმოსო უკუდავი, ვინათგან უჭუელად ესე ყოფად არს. რაღა ყენება არს ჩემდა და არა ვისწრაფი შესვლად ქორწილსა სიძისა მის შუენიერისასა და უკუდავისსა? და მზა არს. ჩემდა მოცემად ჴმლითა თჳსითა გჳრგჳნსა მას უხრწნელებისასა. აჰა ჟამი შეწყნარებული და დღე სათნო უფლისა“.

 და უწყოდა წინასწარვე არა შეწყალება და ულმობელობა მძლავრისა მის შააბაზისა, მაშინ ევედრებოდა გულითა მჴურვალითა და ცრემლითა ნაკადულითა და ზედასაზედა მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა.

 კუალად აიძულა შააბაზ დატევება სჯულისა და არა ისმინა. მაშინღა განაჩინა ტყუეობა ციხესა მას, რომელსა ჰქჳან გულაბყალა. და მუნ განეგულა აღსასრული ძისი.

 მაშინ აუწყა მეფემან ლუარსაბ ქართველთა, რომელნიცა ჰყვეს თანა, და წარმუთხრა ყოველივე ანდერძი თჳსი და უბრძანა ესრეთ: „ესერა დაუტეობ საწუთოსა ამას სოფელსა და განგეშორები თქუენგან და წარვალ მეუფესა ჩემისა ღ(ვ)თისა წინაშე, რომლისათჳსცა მსუროდა, გარნა ნუ დამივიწყებთ და ესე-მებრ სიტყუა გეჴსენედ და ცრემლით მგოდებდით, რომელნიცა ხართ ჩემ თანა აღზრდილნი და რომელნიმე ხართ გამზრდელნი ჩემნი, და ნუ უგულებელს ჰყოფთ ტკბილად პატრონს ყმურებრ მეგობრობასა და სიყუარულსა. ჩემსა, რამეთუ მნებავს თქუენ მიერ, რათა წესისაებრ საქართველოსა აღუტეოთ ზარი და ჴმა დაფლვისა ჩემისა და ეგრეთ სტიროდეთ ჩემ ზედა, რამეთუ ამირითგან არღარა მეგულების სმენა ჴმისა თქუენისა არამედ მეგულვების სმენა ჴმისა მის ანგელოზებრივისა სიხარულისა და ზატიკობისა“.

მაშინ აღუტევეს ქართველთა ჴმა რა მათ გოდებისა და ტირილისა, ვითარცა რაქაელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა ნუგეშინისცემის, და ტიროდენ ზარითა წესსა ზედა საქართველოსასა. და თჳთ მწოლარე იყო მეფე ლუარსაბ და მიუტირებდენ ქართველნი ჴმითა საზარელითა. და ტირილითა უნუგეშისცემოთა, და ეგრეთვე მეფე ლუარსაბ მიუგებდა და მეტყუელება სიტყუასა მწარესა განშორებისა მათისათჳს. და ესრეთ აღასრულეს წესი ცხედრისა, და იყო ჴმა ტირილისა და გლოვისა.

მაშინ მოუწოდა ეპისკოპოზსა, რომელი ჰყვეს თანა, მღდლითა და დიაკუანთა და უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ჴორცსა და სისხლსა ცხოველს-მყოფელსა. მაშინ აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად მიმართ და შემჭვალნა თუალნი გონებისა მისისანი მსგავსად მწყურნებითა ნეკტარობდა და მცნებლობდა თუალთაგან ნაკადულსა ცრემლთასა, და ნილოსისაებრ რწყჳდა ორნატთა ჯეჯილთა სულისა თჳსისათა და მეტყუელებდა ფსალმუნსა ამას: „შენთჳს მოვწყდები ქრისტე ღმერთო ჩემო, ვითარცა ცხოვარი კლვადი, და აწ ღირს მყავ ზიარებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა“, და მაშინღა ეზიარა შიშითა და კრძალულებითა.

 და ოდეს ეზიარა, მაშინ მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: „შენ უწყი, უფალო ჩემო იესო ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყუარებითა დაუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ვერცავინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა. და ვერცა გამოყვანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიყოფოდი, არამედ მანქანებითა და ჴელოვნებითა მძლავრისა ამის ბოროტისათა და ზაკჳთა ეშმაკისა, მოყუარეთა და მსახურთა მისთა, ბოროტთა კაცთათა, წარმოვედ და მოვედ მძლავრისა ამის. და უფროსად მწუხარე ვიყავ და მელმოდა გულსა იავარ-ყოფა საქართველოსი, შერევა წმიდათა ხატთა და ჯუართა და დარღუევა წმიდათა ეკლესიათა. და უკეთუმცა ხოლო მე განვერე ჴელთაგან მათთა, მაშინღა განრყუნილ იყო ჴელთაგან მათთა და მოოჴრებული, ვითარცა იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ, ეგრეთვე სუროდა საქართველოსათჳსცა მძლავრსა მას და სწადოდა სრულიად იავარ-ყოფა, არამედ აღძრულმან და ბრძანებისა შენისა მსმენელმან ვყავ წინააღრჩევით საქმე ესე, რომელმან ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათჳსო“. და არა ვიქმენ სასყიდლით დადგინებულ, რათამცა დაუტევე ცხოვარი ჩემი და ვივლტოდი, და მჴეცთა განსარყუნელად და შესაჭმელ იყო სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი, არამედ მინდობილმან ბრძანებისა შენისამან დავსდევ თავი ჩემი ქუეყანისათჳს და განერა თემი ჩემი მოოჴრებისაგან. ესე ყოველივე შენ უწყი, რამეთუ მეცნიერ ხარ გულის-სიტყუასა და გონებათა. არა მეწყალვის მეფობა და შარავანდედობა ჩემი, არცა შუენიერობა, ჰაეროვნება და და ახოვნება სიჭაბუკისა ჩემისა, არცა უებრობა და ყუავილი სიორძილისა ჩემისა, არცა კისკასად მორბედობა ასპარეზობისა და ქუელ-ყოფილობა ჰასაკობისა ჩემისა, არცა ბრძოლასა შინა მჴნეობა და სიმაგრე მკლავისა, და არცა თეატრონსა შინა მორბენადობა ცხენითა და მსწრაფლმალვობა და მარჯვედ სრვა მჴეცთა, დაუშრომლობა მკლავთა და ყოველთა მოსავთა ჩემთა უზეშთაეს ყოფა, არცა დიდება, პატივი და სანოვაგენი მრავალფერი ტაბლანი და გამოჩუენებითი ლხინნი და მხიარულითა პირითა მეტყუელებანი, ზმანი და მღერანი და მეფობრივი ცხედარი და ტახტ-გჳრგჳნოსნებანი. ესე ყოველივე დამიტევებიან სიყუარულისა შენისათჳს, და აწ გევედრები მეუფეო, სული, გული და გონება ჩემი შენდა მომართ აღამაღლო, რამეთუ საშუებელნი და გემონი სოფლისანი არარად შემირაცხიეს, ქუესკნელად შტამჴდელნი და ამაონი, რამეთუ შენდა შუენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“.

 და ვითარცა დაასრულნა სიტყვანი ესე, მაშინ მიავლინა მტარვალნი თჳსნი მძლავრმან შაჰაბაზ და წარგზავნეს იგი ტყუედ ციხესა მას გულაბყალისასა და მუნ ტყუედ ყვეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა კუალად წარავლინა კაცი და მიუმცნო ხანსა მუნ მყოფსა, რომელსაცა ჰყვა პყრობილად მეფე ლუარსაბ, რათამცა მოაშთოს.

და ვითარცა ესმა ხანსა მას სიკუდილი მეფისა ლუარსაბისა, დიდად მწუხარე იქმნა, რამეთუ ეწყალოდა სიჭაბუკე და ახოვანება მისი. და მაშინღა შევიდეს მტარვალნი და აუწყეს სიტყუანი მძლავრისა შააბაზიანისანი მეფესა ლუარსაბს. და რა ესმა, იტყოდა ფსალმუნსა ამას: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“, და ევედრებოდა მრავალ-მოწყალესა ღმერთსა. შემდგომად ამისა რქუა წმიდამან ლუარსაბ მტარვალთა მათ: „აღასრულეთ ბრძანებული თქუენი“. და მოიღეს საბელი მშჳლდისა, მოაბეს ყელსა და მით მოაშთუეს. და ესრეთ სრულ ყო წამება თჳსი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა კრებულთა თანა, და აწ იხარებს სიხარულსა მას მოუკლებელსა და გამოუთქმელსა. და აწ სხენან წმიდანი ნაწილნი მის მეფისა და მოწამის ლუარსაბისანი მუნ ციხესა გულაბყალისასა.