
„ბრძოლა წესების გარეშე“ უკრაინის რადაში: მეორე რაუნდში ოპოზიცია დამარცხდა (ვიდეო)
08:24:16     04-07-2012
უკრაინის რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ენის შესახებ, რომელიც რუსულს რეგიონალური ენის სტატუსს ანიჭებს. პროექტს მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა.
მმართველმა პარტიამ კარგად გამოიყენა კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ატეხილი აურზაური. ჩხუბის დროს დარბაზში მიკროფონები დაამტვრიეს და როდის რა საკითხი დააყენა სხდომის წამყვანმა კენჭისყრაზე, ვერც დეპუტატებმა გაიგეს და ვერც ჟურნალისტებმა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ვიდრე ოპოზიციონერები ჭიდაობდნენ, რეგიონების პარტიამ კანონი მიიღო.
რეგიონების პარტიის დეპუტატმა და სკანდალური კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ვადიმ კოლესნიჩენკომ კი კოლეგებს „იდიოტები“ უწოდა და განაცხადა, რომ „ვიდრე ეს იდიოტები ტრიბუნებს შუბლებს ურტყამდნენ“, კანონპროექტს კენჭი უყარეს.
ამასთან, კენჭი უყარეს პირველ ვარიანტს, ყველანაირი შესწორებების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში რუსულ ენას პრაქტიკულად იგივე სტატუსი აქვს, რაც სახელმწიფო ენას - უკრაინულს. ასეთ რეგიონებში სურვილისამებრ გადაწყვეტენ, საქმის წარმოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში რომელ ენას მისცენ პრიორიტეტი. რასაკვირველია, ეს რუსული იქნება, რადგან რადაში კანონპროექტის შეტანამდეც უკრაინაში მცხოვრები რუსები საკუთარი ენის დაცვას მოითხოვდნენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული კანონი უფლებას იძლევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არა სახელმწიფო, არამედ რეგიონალურ ენაზე შეივსოს - მოქალაქის სურვილისამებრ. რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში სასამართლო საქმის წარმოებაც რუსულ ენაზეა დაშვებული. სწორედ ამის გამო ოპოზიცია პროტესტებდა, რომ რუსულს, პრაქტიკულად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი ენიჭებოდა, რაც მოხდა კიდეც.
ენის კანონპროექტის პირველსავე განხილვას უკრაინის რადაში ერთი თვის წინაც მოჰყვა ჩხუბი. მაშინ პოზიცია-ოპოზიციამ ისე იჩხუბა, რომ თავპირდასისხლიანებული დეპუტატებისთვის სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.