როგორ იქცა ნატოს ტუალეტის ქაღალდი სამხედრო ტექნიკად, კრემლი კი ნატოს „დამცველად“ (ვიდეო)
15:26:20     03-07-2012
რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა იმდენ ხანს აშინა ნატოთი, რომ ახლა იძულებულია, ალიანსთან გაფორმებული თანამშრომლობის დოკუმენტის რეალური არსი მიჩქმალოს და მოსახლეობა ამშვიდოს.
საუბარია ულიანოვსკში ნატოს სატრანზიტო პუნქტის ბაზირებაზე, რის შესახებაც მოსკოვმა შეთანხმებიდან კარგა ხნის შემდეგ გაახმაურა. თუმცა აჟიოტაჟს ვერ ასცდა. კრემლს, რომელიც მოსახლეობას უმტიცებდა, რომ დასავლეთი რუსეთისთვის „ბუაა“, ნატო კი „უბოროტესი ძალა“, ახლა საკუთარი მოქალაქეების დამშვიდება და ნატოსთან დაგეგმილი თანამშრომლობის გამო წარმოქმნილი უმაყოფილების დაშოშმინება უწევს.
წარმოქმნილ ტრაგიკომიკურ სიტუაციას რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ გოლიშევი აღწერს:
„რუსეთის ფედერაციაში მიღებულია, არ უყვარდეთ ნატოს აგრესიული ბლოკი, აღშფოთდნენ მისი გაფართოებით და ალმაცერად უყურებდნენ მეზობლებს, რომლებიც მასში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ იცის თავისი მოსახლეობის ამ სისუსტის შესახებ და მას ტყუილ-უბრალოდ არ იყენებს“ - წერს ჟურნალისტი და იხსენებს, როგორი „ჰიპნოზის სეანსი“ ჩაუტარა რუსეთის საგარეო უწყებამ თანამემამულეებს, როცა ულიანოვსკში ნატოს სატრანზიტო პუნქტის ამბავი პირველად გახდა ცნობილი:
- არა, ეს არ იქნება სამხედრო ტვირთები - ამტკიცებდა მაშინ უწყება.
მაგრამ რამდენიმე დღის წინ, როცა დიმიტრი მედვედევმა უკვე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ალიანსს, ავღანეთში სამხედრო ტექნიკისა და შეიარარების გადასაზიდად არა მარტო საჰაერო ტრანზიტის, არამედ კომბინირებული ტრანზიტის (ტვირთი ავღანეთიდან და პირიქით მარშრუტისას, გადაიზიდება არა მარტო საჰაერო საშუალებებით, არამედ სარკინიგზო და საავტომობილო გზითაც), უფლება ეძლევა, მოსახლეობის აღშფოთება-შეშფოთების მეორე ტალღა დაიწყო.
ამჯერად, დამაწყნარებელი სენსების ჩატარება ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა ითავა, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის წარმომადგენელი იყო ნატოში და სულ მის ლანძღვაში ატარებდა დღესა და ღამეს. ეს კარგად ახსოვს რუსეთის მოსახლეობას, ისევე როგორც, დიმიტრი მედვედევის აღიარება, რომ საქართველოსთან ომი 2008 წელს სწორედ ნატოს არგაფართოებისა და მასში საქართველოს არმიღების მიზნით დაიწყეს, რათა ალიანსი რუსეთის საზღვრებს არ მიახლოებოდა. ახლა კი გამოდის, რომ მიზეზი, რომელიც კრემლს ომებადაც კი უღირდა, აღარ არსებობს, ეს „ბუა-ალიანსი“ მთლად ულიანოვსკში გახსნის თავის პუნქტს და რუსეთს, ავღანეთში და პირიქით, სამხედრო ტვირთებისა და შეიარაღების გადატანა-გადმოტანისას „ფეხქვეშ გაიფენს“.
როგოზინმა აღშფოთებული თანამემამულეების დამშვიდების „აგრესიული მეთოდი“ აირჩია და Twitter-ში გამწარებული ამტკიცებს, რომ რუსეთის ტერიტორია ნატომ მხოლოდ და მხოლოდ ტუალეტის ქაღალდის გადასატანად უნდა გამოიყენოს. ის წერს, რომ „ყელში ამოუვიდა“ ულიანოვსკში აშშ-ის ბაზის შესახებ ინფორმაციის კითხვა.
„გიხსნით: საუბარია ე.წ. მულტიმედიურ არასამხედრო ტრანზიტზე... გითარგმნით რუსულ ენაზე: ულიანოვსკიდან მინერალური წყალი, სალფეტკები, კარვები და ა. შ. მატარებლიდან თვითმფრინავებზე გადაიტვირთება და ავღანეთში წავა. ეს კომერციული ტრანზიტია, სიდანაც რუსეთის ბიუჯეტი ფულს მიიღებს. არა მგონია, რომ ნატოს ტუალეტის ქაღალდის ტრანზიტი სამშობლოს ღალატი იყოს“ - დაწერა რაგოზინმა.
მაგრამ მედვედევის განკარგულებით ტუალეტის ქაღალდი უცებ სამხედრო ტვირთებად იქცა.
ახლა ნატოს რუს დამცველებს ის არგუმენტიღა აქვთ, რომ თანამშრომლობა რუსეთს ბევრ, ბევრ ფულს მოუტანს.
როგორც რუსი ჟურნალისტი აღნიშნავს, ეს ისტორია ნათელ წარმოდგენას ქმნის, თუ როგორაა მოწყობილი რუსეთი:
ერთის მხრივ, ის მზად არის მშობელი დედა მიჰყიდოს გინდ, ნატოს და გინდ, ალ-ქაედას, მეორეს მხრივ კი სახეზეა ისტერიული შპიონომანია, საძულველი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები და „янки гоу хоум“. როგორ თავსდება ეს ყველაფერი ერთად პუტინის ეგზალტირებულ მომხრეებში? - კითხულობს ჟურნალისტი.
და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ბლოგებში გავრცელდა:
თუკი კრემლმა საქართველოსთან ომი ნატოს გამო დაიწყო, საინტერესოა, ვის გამოუცხადებს ახლა ბრძოლას პუტინი?
თავად პუტინს კი ბრძოლა უკვე გამოუცხადეს.