სამთავრობო პროგრამებისთვის 20 მილიარდი ლარი გამოიყოფა

  13:41:34     03-07-2012

საქართველოს მთავრობა საპროგრამო მიზნების მიღწევის მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 20 მილიარდ ლარს დახარჯავს. კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლება გეგმავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან  პენსიების დაფინანსების მიზნით – 6 მილიარდი ლარი გამოყოს, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით – 3 მილიარდი ლარი, სოციალური დახმარებებისთვის – 3 მილიარდი ლარი, სოფლის მხარდაჭერის მიზნით – 4 მილიარდი ლარი, ხოლო განათლების დაფინანსების მიზნით ასევე – 4 მილიარდი ლარი.

მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ, ახალი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, დღეს, პარლამენტში შვიდგვერდიანი სამთავრობო პროგრამა – „მეტი სარგებელი ხალხს“ წარადგინა, სადაც პრიორიტეტულ საკითხებად – ჯანდაცვა, დასაქმება და სოფლის მეურნეობა არის დასახელებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ყველა წინაპირობა შექმნას – წარმატებული, მდიდარი და ერთიანი საქართველოსთვის. ასევე მუდმივად იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობა.

მთავრობის მტკიცებით, საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეთა დასაქმება და უმუშევრობის დაძლევა უმთავრესი მიზანია და ამ პრობლემის დასაძლევად – დასაქმების სახელმწიფო მინისტრი იმუშავებს.

პროგრამის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყაროდ – კერძო ბიზნესის ზრდასა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას მიიჩნევს. მთავრობის პროგნოზით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მოზიდული იქნება 4 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე მთავრობის გათვლებით, ტურისტების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზრდება, რაც ტურიზმის სექტორში შექმნილ დამატებით 140 000 სამუშაო ადგილს ნიშნავს. ამასთან, მთავრობის ვარაუდით, 5000 კილომეტრი გზა დაიგება, რითაც 40 000 ადამიანის დასაქმება მოხდება და ასევე გაგრძელდება 15 ახალი ჰიდროექლეტროსანდგურის მშენებლობა, რითაც 13 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

უნდა ითქვას, რომ მთავრობის პროგრამაში ოთხწლიან 1000 ლარიან ვაუჩერებზეც არის საუბარი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს გადაეცემა.

რაც შეეხება მთავრობის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს, მთავრობის განმარტებით, საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, ოთხი წლის განმავლობაში, 6 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლიდან საპენსიო პაკეტი 100 დოლარის ექვივალენტი გახდება და საარსებო მინიმუმს გადააჭარბებს. ხოლო, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა ექნება ყველას.

მთავრობის მტკიცებით, სოციალური დახმარების მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 3 მილიარდი დაიხარჯება და 2013 წლიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ეს დახმარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და მიმართული იქნება ყოველი სოციალურად დაუცველი ადამიანის საჭიროებაზე.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის პროგრამაში დევნილთა დახმარებებზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ მომავალში, დევნილთა დახმარება გაგრძელდება.

პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ქართული სოფლის განვითარებას ეთმობა და ნათქვამია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 4 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობას ქართული სოფლის გაძლიერებისთვის. მთავრობის მტკიცებით, ყველა სოფელს ექნება სათანადო წყალმომარაგება,  სოფლების გაზიფიცირება მოხდება და სოფლებს  მისასვლელი გზა ექნებათ. ამასთან, სოფლის განვითარებისთვის დამატებით შეძენილი იქნება – 2 000 ტრაქტორი, კომბაინი, აგრეგატი და შეიქმნება 500–ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო, განხორციელდება დამატებით 90 000 ჰექტარის ირიგაცია და გაკეთდება დრენაჟის სისტემა – 35 000 ჰექტარზე.

„საბოლოო ჯამში კი, ყველა ამ ნაბიჯის შედეგი იქნება – ქართული სასოფლო პროდუქციის გაორმაგება, რაც გააძლიერებს – ქართულ სოფელს, ქართულ ეკონომიკასა და ქართულ სახელმწიფოს“, – ნათქვამია პროგრამაში.

ამას გარდა, მთავრობა ოთხი წლის განმავლობაში, აქტიურად მუშაობას გეგმავს განათლების სისტემის მხარდაჭერის მიზნით. კერძოდ, მთავრობა აპირებს, რომ ამ სფეროში დამატებით 4 მილიარდი ლარი ჩადოს, რითაც მოხდება – ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, აშენდება 150 ახალი სკოლა, გაიხსნება 300 მომავლის სკოლა, დაზღვეული იქნება ყველა მოსწავლე და სტუდენტი, ყველა წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია და გაორმაგდება სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა რაოდენობა, ყველა პირველკლასელსა და ფრიადოსანს  პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა,  ხოლო სერთიფიცირებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნება – 600 ლარი, საუკეთესოსი – 1000 ლარი.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სახელმწიფო გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მთავრობის შეფასებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მოხდება – ყველა სოფელსა და რაიონულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მინისტრობის კანდიდატებთან ერთად შეხვედრებს 14:00 საათზე  დაიწყებს და ნახევარი საათის ინტერვალით რამდენიმე შეხვედრას გამართავს.