
ზარდიანთკარში, ქართული პოლიციის პოსტის ჩადგმა, ОРТ-მ „ომის გამოცხადებად“ დააკვალიფიცირა
09:52:21     03-07-2012
ცხინვალი და მოსკოვი ერთობლივ შანტაჟზე მიდიან. მას შემდეგ, რაც თბილისმა განაცხადა, რომ სოფელ ზარდიანთკარში 100-მდე ოჯახის, ქართველებისა და ოსების დაბრუნება იგეგმება, რომლებიც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად გახდნენ დევნილები, ცხინვალი პანიკას ტეხს და საქართველოს შსს-ს პოლიციის პოსტის სასწრაფოდ აღებას მოითხოვს, რომელიც სოფელში უსაფრთხოების მიზნით გასული კვირის ბოლოს განათავსეს.
ცხინვალმა აჟიოტაჟი შაბათსვე ატეხა და კვირას ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის სასწრაფოდ შეხვედრა მოითხოვა. ქართული მხარე შეხვედრაზე მივიდა და მარიონეტებს განუმარტა, რომ
ზარდიანთკარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და პოლიციის საგუშაგოს გახსნის თაობაზე საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა კი განაცხადა, რომ ოსებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ, რადგან სოფელში, ქართული, ისევე როგორც დევნილი ოსი მოსახლეობის დაბრუნება იგეგმება და ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ მათი უსაფრთხოების დასაცავად იღებს აღნიშნულ ზომებს.
მიუხედავად ამისა, ცხინვალი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდის. ლეონიდ თიბილოვმა ძალოვნებთან თათბირი ჩაატარა და განაცხადა, რომ თურმე, ქართულმა მხარემ დევნილების დაბრუნების მიზნით თავის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე განთავსებული პოლიციის პოსტი იმიტომ უნდა აიღოს, რომ სეპარატისტებს სურთ ასე.
„ამ სოფლის მოსახლეობა ძირითადად ოსები არიან და დაახლოებით 8 ოჯახმა უკვე დატოვა იქაურობა. მათ ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, დავეხმაროთ სიტუაციის გადაწყვეტაში“ - განაცხადა თიბილოვმა.
ძნელი წარმოსადგენია, როგორც უნდა დაეხმაროს თიბილოვი ვინმეს ქართული პოლიციის პოსტის დადგმა-აღების საკითხში. თუმცა პოლიციის პოსტზე აპელირება უკვე შანტაჟის ხასიათს იძენს. ოსური მხარე კვლავ მოითხოვს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრას და ამჯერად, უფრო „გლობალურ მიზნებზე“ მიუთითებს. თიბილოვმა „ამოცანა ამოხსნა“ და განაცხადა, რომ პოლიციის ზარდიანთკარში ჩაყენება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო გზის“ გაკონტროლების მცდელობას ემსახურება.
ОРТ-ს ჟურნალისტმა კი მთელს ამ ამბავში უკვე დაინახა ქართული მხარის „ომისათვის სამზადისი“ და ცხინვალელებს 2004 და 2008 წლების მოვლენების კარგად გახსენებისკენ მოუწოდა. ლოგიკა ასეთია: საქართველო მოსალოდნელ რუსულ აგრესიაზე საუბრობდა, მაგრამ პირველი დაესხა თავს “ოსეთს”, მანამდე კი სამხედრო ინფრასტრუქტურა რეგიონს დაუახლოვა. შესაბამისად, ახლაც, პოლიციის პოსტის ზარდიანთკარში ჩადგმა ომის ნიშანი ყოფილა.
ამიტომ ОРТ ახლა ჭკუას არიგებს ოსებს და „ადექვატური“ ზომებისკენ მოუწოდებს: ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ან ე.წ. შსს-მაც გააძლიერონ ე.წ. სასაზღვრო ოსური სოფლები სამხედრო ქვედანაყოფებითა და ტერიტორიის დანაღმვით. ამის შემდეგ კი ზარდიანთკარის მოსახლეობა გადაიბირონ: მისცენ მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, რაც თურმე, დემოგრაფიის პრობლემასაც მოაგვარებს.