რუსეთში აქციები დაუშვეს - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი საქართველოს ეხება

  20:49:50     02-07-2012

როგორც ჩანს, რუსეთში, ამიერიდან, შეკრებებისა და მიტინგების თავისუფლად ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუკი: აქცია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, არის მოქმედი ოპოზიციის, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამ უკანასკნელის ხელით  საქართველოში დემოკრატიის დამყარებას მოითხოვს.

ანუ, კიდევ ერთხელ ისევ იმ ტაჯიკების, უზბეკებისა და ბომჟების შესახებ, რომლებიც, რამდენიმე დღის წინ მოსკოვში შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ...

როგორც ცნობილია, რუსეთის დუმამ სულ ახლახანს მიიღო მიტინგების წინააღმდეგ ახალი კანონი, რომელიც ართუ პოლიტიკური ხასიათის შეკრებებს, არამედ ქუჩაში 5 კაცის ერთად დგომასაც კატეგორიულად კრძალავს. მაგალითად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სანკტ-პეტერბურგში მაიკლ ჯეკსონის ფანებსაც კი არ მისცეს მომღერლის გარდაცვალების დღის აღნიშვნის საშუალება და სწორედ ახალი კანონის საფუძველზე ერთი ფანატი, რომელსაც ჯეკსონის ფოტო ეჭირა ხელში, დააკავეს კიდეც.

სამაგიეროდ, გეორგიევსკის სკვერში პოლიციისა და მოსკოვის მერიის წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ სრულიად მარტივად მოხერხდა ქართულ დემოკრატიაზე „მზრუნველი“ „მასოვკის“ მობილიზება, რომლებიც ქართული დროშებით ხელში, დიდ გაუგებრობაში მოხვედრილი სახეებით, მაგრამ მაინც ითხოვდნენ საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

აქცია მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა შეკრებად უნდა გასაღებულიყო. სოციალურ ქსელში „რუსეთში ქართველთა საზოგადოება“  ასე იწვევდა აქციის მონაწილეებს:  „24 ივნისს გვესაჭიროება კავკასიური ნაციონალობის პირთა მასოვკა დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის. უპირატესობა ენიჭებათ ქართველებს. ასაკი 16 წლიდან. შეიძლება სხვა ეროვნების წარმმადგენლებიც, მაგრამ აუცილებელია ქართველებთან მსგავსება. ანაზღაურება 600 რუბლი“.

ცოტა ხანში კი რუსულ მედიაში გავრცელდა ანონსი, რომ ორგანიზაცია „ქართველთა ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის“ ხალხს იმ აქციისთვის აგროვებდა, რომელზეც საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება უნდა მოეთხოვათ.

დათქმულ დროსა და ადგილზე ქართველების გარდა თითქმის ყველა მოგროვდა და რუსულ საინფორმაციო გამოცემებში ქართული დემოკრატიისათვის მებრძოლთა ათასკაციანი მიტინგის შესახებ ინფორმაციებმა დაიწყო გავრცელება. მაგალითად: „ასობით ქართველი მოსკოვში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ითხოვდა“, „საქართველოს ხმა მოუწოდებს თანამემამულეებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში“...

ქართული დემოკრატიისათვის „გულდათუთქულთა“ ფოტოები „ეხო მოსკვის“ ბლოგზე ფოტოგრაფმა ზურაბ ჯავახაძემ დადო, რომელმაც თავისი, როგორც თვითმხილველის შთაბეჭდილებებიც გააზიარა:

„დღევანდელ დღემდე ვფიქრობდი, რომ რუსეთში, ქართულ დემოკრატიაზე მხოლოდ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი ზრუნავდა და რუსული პოლიტიკის მეორე გოლიათი - დ. მედვედევი. ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ ისინი თავის განცდებზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო. მაგრამ დღეს მივხვდი, რომ რუსეთში ბევრი ადამიანი (ბომჟები, 500-ლარიანი პოლიტიკური კურტიზანები, შუა აზიის მცხოვრებნი) შფოთავს და ზრუნავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე“ - წერს და დასძენს, რომ ალბათ, არ არის საჭირო ახსნა, თუ როგორი ობიექტურობა სურს კრემლს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო არჩევნებზე.

„ამ აქციით რუსეთის ხელმძღვანელობამ იდუმალების ნიღაბი ჩამოიხსნა  და ღიად დაუჭირა მხარი კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“ - აღნიშნავს ავტორი.

მიტინგზე შეკრებილებს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობაზე დიდი მონიტორიდან აუწყებდნენ. თუმცა  რუსთაველის ძეგლთან მისულებს ქართული ენა არა თუ არ ესმოდათ, სახეზევე ეწერათ, რომ ბევრმა მათგანმა საერთოდაც არ იცის, სად არის საქართველო.

თუმცა ეს პრობლემა არ იყო, რადგან ისინი მსგავს შეკრებებს მიჩვეულები არიან:  მანამდე ფულის გამო პუტინის მხარდამჭერ აქციებზე იკრიბებოდნენ. ეს კრემლის „მასოვკაა“ - ტაჯიკები, უზბეკები, ბომჟები, ალკოჰოლიკები, უპოვარი პენსიონერები და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი ოროსანი სტუდენტები - აღნიშნავს ჯავახაძე.

მათ უკვე კარგად იციან ქცევის წესებიც: მიტინგის დასრულების შემდეგ  ქართული დროშები და მაისურები აკურატულად ჩააბარეს და ფულის ასაღებად რიგში ჩადგნენ.

მაგრამ აქ დისკომფორტი ქართულმა ტელევიზიამ შექმნა და სკვერშივე ფულის დარიგების გეგმა შეიცვალა. გაწეული სამსახურისათვის ანაზღაურების მისაცემად „მასოვკა“მეტრო „კრასნოპრესნენსკაიასთან“ - საზოგადოებრივ ტუალეტებში დაიბარეს. მანამდე კი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟურნალისტები იმაში დაადანაშაულა, რომ „მათ მიტინგზე პროვოკატორები მიიყვანეს“. მისი თქმით, ყველა ეს ადამიანი „საქართველოს შსს-ს საიდუმლო თანამშრომლები იყვნენ და მიტინგზე მოსკოვის ცენტრში ვანო მერაბიშვილის ფულით მივიდნენ“.

მოკლედ, ფულის გადაცემის პროცესმა ტუალეტებში გადაინაცვლა, სადაც ორ მწკრივად რიგში ჩამდგარ ნამიტინგალებს ახლა ტუალეტის თანამშრომელი გადაეღობა. მან მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში აქციის მონაწილეთა შეშვებაზე უარი განაცხადა, რის გამო ქალს თავის გახეთქვით დაემუქრნენ. დაძაბულობას მშვიდად ადევნებდა თვალს პოლიცია, რომელიც იქვე იდგა უდრტვინველად და დიდი აჟიოტაჟით მიღებული მიტინგების ამკრძალავი ახალი კანონი საერთოდაც არ გახსენებია.

საბოლოო ჯამში, ტუალეტის წარმომადგენელმა თავისი გაიტანა და შედეგად, „დამსაქმებლები“ და „დასაქმებულები“ ფულის გადასაცემად სხვა ადგილის საძებრად გაემართნენ. მოკლედ, ბლოგერი ფოტოგრაფი რუსეთის ოპოზიციას ერთ ჭკვიანურ რჩევას აძლევს:

რუსეთის ოპოზიციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს. მან დემოკრატია არა რუსეთში, არამედ საქართველოში უნდა მოითხოვოს.  როგორც ჩანს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია აქციის ჩატარება არა მარტო ნებადართული, არამედ ფულადი ჯილდოთიც კი წახალისებული.