
რატომ ჩააჩოჩა ბიძინა ივანიშვილმა მეოცნებეთა დიდი ნაწილი?
15:56:51     02-07-2012
ბიძინა ივანიშვილი რომ არცერთ მეოცნებეს ფულს მხოლოდ ოცნებაში არ უხდის, ეს იმ ფაქტმაც დაადასტურა, პარტიის ლიდერებისთვის ჩარიცხული თანხები რომ უკანვე მიატანინა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა.
დაპირისპირების შესახებ თავდაპირველად მაია ფანჯიკიძემ უარყო ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, დაპირისპირება არა მაგრამ კონკურენცია ნამდვილად არის და ამაში რა არის გასაკვირიო.
რთული სათქმელია რისთვის „ხოცავს“ ალასანია, ხიდაშელი, უსუფაშვილის ტრიო ერთმანეთს, როცა ბიძინა ივანიშვილი საერთოდ სხვა სქემით და გათვლებით მოქმედებს? ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან შესახვედრად თბილისსა და ქვეყნის სამ რეგიონში აქცია გამართა. აქციის დროს ოლიგარქმა მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა.
ამ დრომდე ცნობილია „ქართული ოცნების“ რამდენიმე კანდიდატი, ვინც კოალიციის სიით იყრის კენჭს არჩევნებში. თუმცა იმ ადამიანების გვარების ჩაკითხვისთანავე (ვინც უკვე დასახელებულია მაჟორიტარობის კანდიდატებად) ადვილი მისახვედრია, რომ კოალიცია არაფერ შუაშია.
ამ დრომდე დასახელებული კანდიდატებიდან, მხოლოდ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე წარმოადგენს „ეროვნულ ფორუმს“, დანარჩენები კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები არიან.
ლანჩხუთში - თემურ ჩხაიძე, ოზურგეთში - ზვიად კვაჭანტირიძე, ზესტაფონში გოგი ქავთარაძე, სამტრედიაში კახა კალაძე, ბაღდათში არჩილ კბილაშვილი, ტყიბულში ელისო ჩაფიძე, ხარაგაულში კი ნოდარ ებანოიძე.
გუშინელ აქციაზე კი ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობისკიდევ რამდენიმე კანდიდატი დაასახელა. კოალიციის ლიდერის თქმით, დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ირაკლი ტრიპოლსკი, მცხეთაში - დიმიტრი ხუნდაძე, ყაზბეგში - მირიან წიკლაური, თიანეთში კი ზაქარია ქუცნაშვილი.
მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ შესაძლოა ამ დროისთვის მათი ვინაობაა დასახელებული, ვინც „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრია და მომავლისთვის აუცილებლად დასახელდებიან ადამიანები კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებიდანაც.
როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი აპირებს თავის პარტიიდან (რომლის თავმჯდომარეც მანანა კობახიძეა) რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიყვანოს პარლამენტში, არჩევნების შემდეგ კი, არ აპირებს ივანიშვილი ხუთი პარტიის შენახვას და კოლიციის დაშლას გეგმავს. მოვლენების ამ სცენარით განვითარებას არ იწონებენ, თუმცა ამის მოლოდინი აქვთ „მეოცნებეთა“ ნაწილსაც.