ერნესტ ჰემინგუეის გარდაცვალების დღისადმი - „კატა წვიმაში“

  05:51:38     02-07-2012

1961 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა დიდი ჰემინგუეი. ჩემი აზრით, იგი გახლდათ საკაცობრიო მასშტაბით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროზაიკოსი და ადამიანი.

ერნესტ ჰემინგუეი ამერიკელი ერის სიამაყეა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ერი ახალგაზრდაა, მსოფლიოს არა ერთი გენიოსი აჩუქა. ვინმე შემოგვედავება, ისინი ამერიკაში ჩასახლებული რომელიმე სხვა ეთნოსის წარმომედგენლები იყვნენო. მაშინ რა ვუყოთ იმ რუს მწერლებს, რომელთა წინაპრები რუსები არ იყვნენ? ასეთები რუსეთში არა ერთია და ორი, ასევე სხვა ერებშიც. მაგრამ ეს შემოქმედები ამა თუ იმ ერს მიაკუთვნებდნენ თავს, იმ ქვეყნის ენაზე წერდნენ და რაც მთავარია, იმ ნიადაგზე იყვნენ ამოზრდილნი, სადაც ცხოვრობდნენ, იმ კულტურას ამდიდრებდნენ, რომლის ნაწილიც უკვე იყვნენ, მოქალაქეობრივი თუ კულტურული თვალსაზრისით.

ჰემინგუეის ქართულ ენაზე ყოველთვის კარგად თარგმნიდნენ, ისევე როგორც სხვა მწერლების ნაწარმოებებს. ჩვენი მთარგმნელობითი სკოლის წარმატებებზე არა ერთხელ გვისაუბრია. ბოლო ხანსაც წარმატებით მიმდინარეობს ამ მიმართულებით საქმიანობა.

დიდი ჰემინგუეის შესანიშნავი მოთხრობა „კატა წვიმაში“ რამდენიმე ქართველმა თარგმნა. მათ შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ნანა ღამბაშიძის თარგმანი. ეს მოთხრობა ასევე თარგმნეს ლიკა თაბუკაშვილმა და ნინო ქაჯაიამ, როგორც მახსოვს, სხვებმაც. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ნინო ქაჯაიას მიერ თარგმნილს შევთავაზებთ. სხვები სხვა დროს გავიხსენოთ.

ერნესტ ჰემინგუეისადმი სიყვარული მართლაც დიდი აქვს ქართველებს. მახსოვს, ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში მისი სურათი ჰქონდათ ხოლმე. ერთი მეც მაჩუქა მეგობარმა, რომელიც ახლაც მაქვს, ჩემს ზურგს უკან დევს წიგნების თაროზე და მართალი გითხრათ, მგონია რომ მამხნევებს, ვინაიდან ძალიან მიყვარდა სიყმაწვილეში (და მერეც) მისი ნაწარმოებების კითხვა. და იმ გარდაცვლილ ბევშვობის მეგობარსაც მაგონებს, რომელმაც მაჩუქა.

იმდენად გავრცელებული იყო ჰემინგუეის სურათი თბილისში, რომ ანეგდოტივით დადიოდა ერთი ამბავი: ვიღაცა მოატყუეს ეს ჩვენი მასპინძლის ბაბუა არისო, და როცა ჰემინგუეის სურათი სხვაგანაც ნახა, დაასკვნა თურმე მოტყუებულმა, ეს ოჯახი ჩვენი ნაცნობის ნათესავი ყოფილა, თანაც ახლობელი, რადგან მისი ბაბუის სურათი კედელზე უკიდიათო…

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მოგვეპოვება დიდი ამერიკელის, ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობები: “ბანალური ამბავი”, “ბერიკაცი ხიდთან” “ძალიან მოკლე ამბავი”, “ინდიელების სოფელი”...

კატა წვიმაში

(თარგმნა ნინო ქაჯაიამ)

სასტუმროში მხოლოდ ორი ამერიკელი იყო.

თავიანთ ოთახში ასვლა-ჩამოსვლისას კიბეზე შემხვედრთაგან არავის იცნობდნენ. მეორე სართულზე ჰქონდათ ზღვაზე გადამდგარი ოთახი. ფანჯრებიდან პარკი და ომში დაღუპულთა მონუმენტიც მოჩანდა. პარკში დიდი პალმები და მწვანე მერხები იდგა. კარგ ამინდში აქ ყოველთვის იჯდა ვინმე მხატვარი მოლბერტით. მხატვრებს მოსწონდათ პალმებით დაჩრდილული გზა, პარკსა და ზღვაზე გადამდგარი სასტუმროს ნათელი ფერები. იტალიელები შორიდან მოდიოდნენ ომში დაღუპულთა მონუმენტის სანახავად.

ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მონუმენტი წვიმაში ბზინავდა. წვიმდა. პალმის ტოტებიდან წვეთავდა. ქვიშის ბილიკზე გუბეები იდგა. ზღვა გრძელ ზოლად იჭრებოდა წვიმაში, ნაპირს გართხმული იხევდა უკან, ტრიალდებოდა და ისევ გრძელ ზოლად უბრუნდებოდა წვიმას. მონუმენტის გარშემო მოედნიდან მანქანები გაკრეფილიყვნენ. იქით, კაფეს ზღურბლზე, ოფიციანტი იდგა და დაცარიელებულ მოედანს გასცქეროდა.

ამერიკელის ცოლი ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა.

იქ მწვანე მაგიდის ქვეშ კატა იჯდა. მაგიდიდან წვეთავდა და კატა ცდილობდა, ისე მოკუნტულიყო, რომ წვეთები აეცდინა.

- ჩავალ და ფისოს ამოვიყვან, - თქვა ამერიკელის ცოლმა.

- მე ჩავალ, - შესთავაზა საწოლზე წამოწოლილმა ქმარმა.

- არა, მე ამოვიყვან... საწყალი ფისო, ცდილობს, მაგიდის ქვეშ შეეფაროს წვიმას, - ქმარმა კითხვა განაგრძო. თავქვეშ ორი ბალიში ჰქონდა ამოდებული.

- არ დასველდე, - უთხრა ქალს.

ცოლმა კიბე ჩაიარა. სასტუმროს პატრონი წამოდგა და თავი დაუკრა. მაგიდა ვესტიბიულის ბოლოში ედგა.

მოხუცი ძალიან მაღალი იყო.

- Il piove,[1]   - უთხრა ქალმა. მოსწონდა სასტუმროს პატრონი.

- Si, si, signora, brutto tempo,[2] ძალიან ცუდი ამინდია.

მოხუცი მაგიდასთან იდგა, ნახევრად ჩაბნელებული ვესტიბიულის მოშორებულ კუთხეში. ქალს მოსწონდა იგი. მოსწონდა, რომ ძალზე სერიოზულად იღებდა ყოველგვარ საჩივარს. მოსწონდა მისი ღირსეული თავდაჭერა. მოსწონდა, როგორი მოწიწებით ექცეოდა, მოსწონდა ის, რასაც თავად გრძნობდა სასტუმროს პატრონის მიმართ. მოსწონდა მისი დაბერებული, დაღარული სახე და დიდი ხელები.

ყოველივე ამაზე ფიქრობდა, როცა კარები გააღო და გარეთ გაიხედა.

კოკისპირულად წვიმდა. რეზინის ლაბადიანი, კაპიუშონწამოსხმული კაცი ცარიელი მოედნის გადავლით კაფესკენ მიემართებოდა. კატა მარჯვნივ უნდა ყოფილიყო. ქალმა იფიქრა, იქნებ, ლავგარდანების ქვეშ გავიაროო. ზღურბლზე მდგარს თავზე ქოლგა გაეხსნა. მოახლე იყო, მათ ოთახს რომ ალაგებდა.

- არ დასველდეთ, - უთხრა ღიმილით, იტალიურად. რასაკვირველია, სასტუმროს პატრონმა გამოგზავნა.

ქალი ქვიშის ბილიკს გაუყვა და თავიანთი ფანჯრის ქვეშ მივიდა.

უკან მოახლე მიჰყვებოდა და გაშლილ ქოლგას უმარჯვებდა. წვიმით გარეცხილი მაგიდა მწვანედ ხასხასებდა, მაგრამ კატა წასულიყო. ქალს უცებ გული დასწყდა. მოახლემ ახედა.

- Ha perduto qualqua cosa, Signora?[3]

- აქ კატა იყო, - თქვა ამერიკელმა ქალმა.

- კატა?

- Si, il gatto.[4]

- კატა? - მოახლემ გაიცინა, - კატა წვიმაში?

- ჰო, - მიუგო ქალმა, - მაგიდის ქვეშ. - და უცებ: - ოოჰ, ისე მინდოდა! როგორ მინდოდა ფისო!

როცა ქალი ინგლისურად ლაპარაკობდა, მოახლეს სახე ეძაბებოდა.

- წამობრძანდით, სენიორა, - უთხრა მან, - უნდა შევბრუნდეთ, დასველდებით.

- ჰო, ალბათ, - თქვა ამერიკელმა ქალმა.

ქვიშის ბილიკით დაბრუნდნენ და კარები შეაღეს. მოახლე გარეთ შეყოვნდა და ქოლგა დაკეცა.

ამერიკელმა ქალმა კაბინეტს ჩაუარა, padrone-მ[5] თავისი მაგიდიდან თავი დაუკრა. ქალს გული შეეკუმშა. Padrone -ს გვერდით ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ძალზე პატარა და თან მნიშვნელოვანი ვინმე იყო. წამით უდიდესი მნიშვნელობის არსებად იგრძნო თავი. კიბე აიარა. ოთახის კარი გააღო. ჯორჯი საწოლზე იწვა და კითხულობდა.

- მოიყვანე კატა? - ჰკითხა და წიგნი გადადო.

- წავიდა.

- ნეტავ სად უნდა წასულიყო, - თქვა კაცმა.

თვალებს ასვენებდა.

ქალი საწოლზე ჩამოჯდა.

- ისე მომინდა, - უთხრა ქმარს, - არც კი ვიცი, რატომ, ისე მომინდა... საწყალი ფისო მომინდა. რატომ უნდა სველდებოდეს საწყალი ფისო წვიმაში.

ჯორჯი ისევ კითხულობდა.

ქალმა ოთახი გადაიარა. ტრილიაჟის სარკის წინ დადგა და ხელის სარკით დაითვალიერა თავი. საკუთარ პროფილს დააკვირდა, ჯერ ერთი მხრიდან, მერე - მეორედან, შემდეგ კეფასა და კისერზე გადაინაცვლა.

- როგორ გგონია, თმა ხომ არ გავიზარდო? _ ჰკითხა და ისევ პროფილს მიუბრუნდა.

ჯორჯმა აიხედა. თვალ შეავლო ბიჭურად შეკრეჭილ კეფასა და კისერზე.

- მე ასე მომწონს.

- მომბეზრდა, - თქვა ქალმა, - მომბეზრდა ბიჭივით სიარული.

ჯორჯმა საწოლზე მხარი იცვალა. ქალისთვის თვალი აღარ მოუცილებია.

- რაღაც ძალიან კარგად გამოიყურები, - უთხრა ცოლს.

ქალმა სარკე ტრილიაჟზე დადო, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.

ბინდდებოდა.

- მაგრად შეკრული, სწორი თმა მინდა მქონდეს, რომ კეფაზე დავიხვიო და ხელით შევეხო ხოლმე, - თქვა ქალმა, - მინდა, ფისო მეჯდეს კალთაში და ხელს რომ გადავუსვამ, კრუტუნებდეს.

- ჰოო? - გაისმა საწოლიდან.

- მინდა, მაგიდასთან ვიჯდე, საკუთარი, ვერცხლის დანა-ჩანგლით ვჭამდე, მინდა სანთლები ენთოს, მინდა გაზაფხული იყოს, მინდა სარკის წინ თმას ვივარცხნიდე, მინდა ფისო მყავდეს, ახალი ტანსაცმელი  მინდა.

- ოოჰ, გაჩუმდი და წაიკითხე რამე, - უთხრა ჯორჯმა, თვითონ ისევ კითხულობდა.

ცოლი ფანჯრიდან იხედებოდა. უკვე დაბნელდა და პალმის ხეებს ისევ აწვიმდა.

- მაინც მინდა კატა, - თქვა ქალმა, - კატა მინდა. ახლავე მინდა კატა. გრძელი თმა ან სხვა ბედნიერება თუ არ შეიძლება, კატა ხომ შეიძლება მყავდეს.

ჯორჯი არ უსმენდა. კითხულობდა. ქალი ფანჯარაში იხედებოდა. მოედანზე სინათლე აენთოთ.

ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა.

- Avanti![6] - ჯორჯმა წიგნს თვალი მოაცილა.

ზღურბლზე მოახლე იდგა.

დიდი, ჭრელი კატა ჰყავდა ატატებული, ხელში ძლივს ეტეოდა.

- უკაცრავად, - თქვა მან, - padrone -მ მთხოვა, სენიორას მიართვიო.

-------------

[1] - Il piove-  წვიმს (იტალ.).

[2] - si, si, Signora, brutto tempo - დიახ, დიახ, ქალბატონო, ცუდი ამინდია (იტალ.).

[3] - Ha perduto qualque cosa, Signora? - დაკარგეთ რამე, ქალბატონო? (იტალ.)

[4] - Si, il gatto - ჰო, კატა (იტალ.).

[5]- padrone - სასტუმროს პატრონი (იტალ.)

[6]- Avanti - მობრძანდით! (იტალ.)