ჰერმან ჰესე - „პოეტი“

  05:50:21     02-07-2012

დიდი მწერალი ჰერმან ჰესე დაიბადა 1877 წლის 2 ივლისს, გერმანიაში, პატარა ქალაქ კალვში, ბედენ-ვიურტემბერგში.

მისი ოჯახი მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1891 წლიდან შეისწავლიდა თეოლოგიას, მაგრამ მერე მიატოვა. გახდა ჯერ მექანიკოსი, მერე წიგნებით მოვაჭრე.

1912 წელს შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად და 1923 წელს მიიღო შვეიცარიის მოქალაქეობა. 1946 წელს მიენიჭა გოეთეს პრემია, იმავე წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. 1954 წელს დაჯილდოვდა პრუსიის ღირსების ორდენით (Pour le Mérite), ხელოვნების დარგში დამსახურებისათვის.1955 წელს კი მიიღო გერმანელ წიგნითმოვაჭრეთა მშვიდობის საერთაშორისო პრემია, მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

ჰერმან ჰესე გარდაიცვალა 1962 წლის 9 აგვისტოს.

დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ მის მოთხრობა-ზღაპარს „პოეტი“, რომელიც თარგმნა თამარ დვალიშვილმა. აღნიშნული ნაწარმოები, რეზო ყარალაშვილის მიერ თარგმნილი ადრე შევთავაზეთ ჩვენს მკითხველს. შეპირებისამებრ, თამარ დვალიშვილისეულ თარგმანსაც ვაქვეყნებთ, ორივე კარგია. ეს ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა 1914 წელს, შვეიცარიულ ჟურნალში ,,Mein Heimatland” სახელწოდებით ,,გზა ხელოვნებისაკენ”.

ჰერმან ჰესე წარმოგვიდგენს პოეზიისათვის დაბადებული ადამიანის ცხოვრებას. მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა სრულყოფილებას ხელოვნებაში, თუ მხოლოდ ხელოვნებით იცხოვრებს, თუ ყველაფერს ხელოვნებას შესწირავს. სამაგიეროდ მისი ნაწარმოებები ზეიმი იქნება მსმენელისათვის.

პოეტი

(თარგმნა თამარ დვალიშვილმა)

უძველესი დროიდან მოდის თქმულება ჩინელი პოეტის ჰან ფოოკის შესახებ, რომელიც თავის ახალგაზრდობაში შეპყრობილი იყო უჩვეულო ჟინით, შეესწავლა და სრულყოფილებისათვის მიეღწია ყოველივე იმაში, რაც კი პოეტურ ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან იგი მაშინ ჯერ კიდევ თავის სამშობლოში ყვითელ მდინარესთან ცხოვრობდა, საკუთარი და მშობლების სურვილით დანიშნული იყო პატიოსანი ოჯახის ქალიშვილზე და ქორწილის დროც დაეთქვათ ერთ კეთილისმომასწავებელ დღეს.

ჰან ფოოკი იმ დროისათვის ოცი წლისა იქნებოდა და იგი იყო მშვენიერი და მოკრძალებული ახალგაზრდა, მასთან ურთიერთობა სიამოვნების მომგვრელი იყო, ის განსწავლული იყო მეცნიერებებში და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, რამდენიმე უბადლო ლექსის წყალობით ცნობილი იყო მისი სამშობლოს ლიტერატორთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი იგი არ ყოფილა, მას ჰქონდა საკმარისი ქონება, რასაც კიდევ უფრო გაზრდიდა საცოლის მზითევი, რომელიც ყველაფერთან ერთად ძალზე ლამაზი და კეთილშობილიც იყო და თითქოს მის ბედნიერებასაც აღარაფერი აკლდა. თუმცა კმაყოფილებამდე ჯერ კიდევ დიდი ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი, რადგანაც გული მისი აღსავსე იყო სრულქმნილ პოეტად გახდომისაკენ დაუოკებელი სწრაფვით.
ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც მდინარის ნაპირას სინათლის დღესასწაულს ზეიმობდნენ, ჰან ფოოკი ეულად დახეტიალებდა მდინარის გაღმა. ის ხეს მიყრდნობოდა და წყლის სარკეში ჩაჰყურებდა ათასობით მოკიაფე და მოციმციმე შუქურას, უყურებდა, თუ როგორ ესალმებოდნენ ნავებსა და ტივებზე ერთმანეთს ქალები და კაცები და ახალგაზრდა გოგონები და თუ როგორ მიაგავდნენ საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილნი ულამაზეს ყვავილებს, იგი ყურს უგდებდა გაჩირაღდნებული წყლის მიმტკნარებულ დუდუნს, სანთურების რხევას, უსმენდა მომღერალთა სიმღერას და ფლეიტისტების სულშიჩამწვდომ ტონებს, და ყოველივე ამის მიღმა ის გაჰყურებდა ტაძრის თაღივით დაკიდებული მოლურჯო ღამის სუნთქვას. ამ სილამაზის მხილველი ნებას მიყოლილი მარტოსული ყმაწვილის გული კი დაუოკებლად ძგერდა და ძგერდა. მას გული მიუწევდა იქეთა ნაპირისაკენ, სურდა, სხვებთან ერთად განეცადა ყოველივე და თავისი საცოლისა და მეგობრების გარემოცვაში დამტკბარიყო დღესასწაულით, თუმცა კიდევ უფრო ძლიერი იყო სურვილი მაყურებლის თვალით აღექვა და სრულქმნილ ლექსებში აღებეჭდა ცილურჯე ცისა, წყალზე მოციმციმე შუქები, დამსწრეთა მხიარულება და მდინარისკენ გადახრილ ხეზე მიყრდნობილი მარტოსული მხილველის ჭმუნვა გულისა.

იგი გრძნობდა, რომ ვერანაირი დღესასწაული, ამა ქვეყნის ვერანაირი მხიარულება ვერასოდეს შეძლებდა მისი გულისათვის შვების მინიჭებას, გრძნობდა, რომ ის ამქვეყნიური სიცოცხლის ფერხულში მუდამ მარტოსულ და მიუსაფარ მაყურებლად დარჩებოდა, იგი გრძნობდა, რომ, სხვა მრავალ სულთა შორის სული მისი იმგვარად იყო შექმნილი, რომ მას ერთდროულად უნდა შეეგრძნო ამა ქვეყნის მშვენიერება და ყარიბის იდუმალი სწრაფვები. ამ ფიქრებმა სევდა მოჰგვარა მას, ის ჩაფიქრდა საკუთარ ბედზე და მიხვდა, ჭეშმარიტი ბედნიერებასა და სრულ ნეტარებას მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიოს, როცა სამყაროს სრულქმნილად არეკლავს თავის ლექსებში, როცა ამ ანარეკლებში სამყარო თავად იკიაფებს და მარადიულობას ეზიარება.

ჰან ფოოკმა ვერც კი მოასწრო გაცნობიერება, ფხიზელი იყო იგი თუ ზმანებას მოეცვა, როდესაც მისი სმენა ნაზმა ჩამიჩუმმა შეარხია და გვერდით იასამნისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი მოხუცი დაინახა. ის წამოდგა და უცნობს მოხუცისა და ღირსეული ადამიანის საკადრისი სალამი უძღვნა, უცნობმა კი გაიღიმა და თქვა რამდენიმე ლექსი, რომლებშიც ყველაფერი იყო ასახული, რაზეც კი იგი ფიქრობდა და რასაც განიცდიდა, ეს მაღალი პოეტური ხელოვნებით ნასაზრდოები ლექსები იმდენად მშვენიერი და სრულქმნილი იყო, რომ ჭაბუკს გაოცებისაგან სუნთქვა შეეკრა.

- ოი, ვინ ხარ შენ, რომელსაც ძალგიძს ჩემს სულში ჩახედვა და წარმოთქვამ ლექსებს, რომელთა ბადალიც მე არც ერთი ჩემი მასწავლებლისაგან არ მსმენია? - წამოიძახა მან და მუხლი მოიდრიკა.
უცნობმა კვლავაც გაიღიმა ზეკაცის ღიმილით და მიუგო:

- თუ გსურს გახდე პოეტი, წამოდი ჩემთან. ჩემი ქოხი ჩრდილო-დასავლეთ მთებში, დიდი მდინარის საწყისებთან დგას. ჩემი სახელია სრულქმნილი სიტყვის ოსტატი.

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მოხუცმა ხის ჩრდილს მიაშურა და მაშინვე გაუჩინდარდა. ჰან ფოოკს, რომელიც ამაოდ ეძებდა გაუჩინარებულ მოხუცს, მტკიცედ სჯეროდა, რომ ყოველივე ეს დაღლილობის სიზმარი იყო. იგი გაემართა ნავებისაკენ და შეუერთდა დღესასწაულს, მაგრამ საუბრებისა და ფლეიტის ხმათა მიღმა გამუდმებით ესმოდა მოხუცის იდუმალებით მოცული ხმა და თითქოს სული მისი გაჰყოლოდა მოხუცის ნაკვალევს, რადგანაც ის მარტოსული მეოცნებე იყო მხიარულებაში ჩაფლულთა შორის, რომელთა აღტკინებაც მის გულს უსიამოდ ედებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ჰან ფოოკის მამამ ნათესავებისა და მეგობრების მოპატიჟება გადაწყვიტა, რათა დაენიშნა ქორწილის დღე. თუმცა საქმრომ უარი განაცხადა ამაზე და თქვა:

- მომიტევე მამა, თუკი მე იმ მორჩილებას ვარღვევ, რომლის მოვალეც შვილია მშობლის წინაშე. შენ იცი, თუ რაოდენ დიადია ჩემთვის პოეტურ ხელოვნებაში სრულყოფილების მიღწევის სურვილი.
და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები აქებენ ჩემს ლექსებს, მე მაინც ვგრძნობ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია სრულქმნილებისაკენ მიმავალ გზაზე. ამიტომაც გთხოვ, მომცე დრო განმარტოებისა და პოეტური ხელოვნების ღრმად შესწავლისათვის, რადგან მგონია, რომ სახლ-კარისა და ოჯახის მოვლა დამაშორებს ჩემს მიზანს. ახლა, როდესაც ახალგაზრდა ვარ და ამასთან სხვა მოვალეობებისაგან თავისუფალი, მსურს კიდევ რამდენიმე ხანს პოეზიით ვიცხოვრო, რომელმაც მე სიხარული და დიდება უნდა მომიტანოს.

ამ სიტყვებმა მამა გააოგნა და მან შვილს მიუგო:

- ვგრძნობ, რომ ხელოვნება შენთვის ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად, რადგანაც შენ მის გამო მზადა ხარ საკუთარი ქორწინებაც კი გადადო. ან იქნებ შენსა და შენს საცოლეს შორის რაიმე მოხდა? თუკი ასეა მითხარი, იქნებ დაგეხმარო, იქნებ შეგარიგოთ ან თუ გსურს, იქნებ სხვა საცოლეც მოგიძებნო.
შვილმა დაიფიცა, რომ მას ძველებურად უყვარს და ყოველთვის ეყვარება თავისი საცოლე და რომ მათ შორის არაფერი მომხდარა. ამასთანავე მან მამას უამბო სინათლის დღესასწაულზე სიზმრად ნანახი დიადი ოსტატის შესახებ, რომლის მოწაფედ გახდომაც მისთვის ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება იქნებოდა.

- კარგი, - მიუგო მამამ – მომიცია შენთვის კიდევ ერთი წელი. დაე იყოს ეს სიზმარი შენი გზის მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც იქნებ თვით მაღალმა ღმერთმა მოგივლინა.

- ვინ იცის?! იქნებ ორი წელიც კი იყოს საჭირო, - ყოყმანით მიუგო ჰან ფოოკმა.

დანაღვლიანებულმა მამამ შვილს გზა დაულოცა. ჰან ფოოკმა გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა საცოლეს და გაეშურა.

ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ის მიადგა მდინარის სათავეს, რომლის სიახლოვესაც ეულად იდგა ბამბუკის ქოხი, ქოხის წინ კი მოწნული ჩალის ხალიჩაზე მოხუცი კაცი დამჯდარიყო, რომლიც ჰან ფოოკმა მდინარის პირას ხეზე მიყრდნობილი იხილა. მოხუცი იჯდა და უკრავდა ბარბითს, ქოხისკენ კრძალვით მიმავალი სტუმრის დანახვაზე მოხუცი არ წამომდგარა და სალამი არ შეუგებებია სტუმრისათვის, მან მხოლოდ გაიღიმა და თლილი თითები სიმებზე აათამაშა.

ჯადოსნური მუსიკა ვერცხლისფერი ღრუბელივით მოეფინა არემარეს, მონუსხულ და მოხიბლულ ჭაბუკს ყველაფერი გადაავიწყდა, იგი მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც სრულქმნილი სიტყვის ოსტატმა ბარბითი გვერდზე გადადო და ქოხში შევიდა. ჰან ფოოკი მოხუცს კრძალვით ფეხდაფეხ გაჰყვა და დარჩა მასთან, როგორც მისი მსახური და მოწაფე.

გავიდა ერთი თვე, ჰან ფოოკისათვის ღირსება დაკარგა ყველა იმ სიმღერამ, რომელიც მას აქამდე შეექმნა და საბოლოოდ განდევნა ისინი თავისი გონებიდან. გადიოდა დრო და მასთან ერთად ჰან ფოოკმა მეხსიერებიდან ამოძირკვა ყველა სიმღერა, რომელიც მისი მასწავლებლებისგან ჰქონდა ნასწავლი. ოსტატი მას თითქმის არ ელაპარაკებოდა, ის მოწაფეს მდუმარედ ასწავლიდა ბარბითზე დაკვრის ხელოვნებას მანამ, სანამ მოწაფის არსება მთლიანად არ განიმსჭვალა მუსიკით. ერთხელ ჰან ფოოკმა შექმნა ლექსი, რომელიც თავად ძალიან მოსწონდა და რომელშიც შემოდგომის ცაზე ორი ფრინველის ფრენა იყო აღწერილი. მან ვერ გაბედა ლექსის ოსტატისათვის ჩვენება და ერთ საღამოს ქოხის სიახლოვეს წაიმღერა ის.

სიმღერა ოსტატის ყურისთვის მიუწვდომელი არ დარჩენილა, თუმცაღა სიტყვაც არ დაუძრავს ამის შესახებ, მან მხოლოდ ჩუმად დაუკრა თავის ბარბითზე და, მიუხედავად იმისა, რომ გაგანია ზაფხული იყო, ჰაერს უცებ სიგრილე შეეპარა, ლეგა ღრუბლებმა მიწისკენ იწყო დაშვება და ძლიერი ქარი ამოვარდა, თალხისფერ ცაზე მომთაბარული ვნებით შეპყრობილი ორი ყანჩა გააფრთრებით შემოჰკრავდა ფრთებს და ყოველივე ეს გაცილებით ცხოველად და ღრმად იდგამდა გულის სიღრმეში ფესვებს. მოსწავლეს ნაღველი დაეუფლა, იგი დადუმდა და ამაოების განცდამ შეიპყრო. ჰან ფოოკის ყოველ ცდას მოხუცი ამგვარად პასუხობდა, ერთი წლის შემდეგ ჰან ფოოკი თითქმის სრულყოფილად დაეუფლა ბარბითზე დაკვრის ხელოვნებას, ხოლო პოეტური ხელოვნება კი მას სულ უფრო მიუწვდომლად და აღმატებულად ესახებოდა.

გავიდა კიდევ ერთი წელი, მოწაფის გულში ახლობლების, საცოლისა და სამშობლოს ნახვის დაუოკებელმა სურვილმა დაისადგურა და მან ოსტატისაგან შინ წასვლის ნება ითხოვა. ოსტატმა ღიმილით დაუქნია თავი და უთხრა:

- შენ თავისუფალი ხარ და შეგიძლია წახვიდე, სადაც მოისურვებ. შეგიძლია დაბრუნდე ან შეგიძლია სულაც დაივიწყო აქეთკენ მომავალი გზა, როგორც გენებოს.

მოწაფე გაუდგა გზას, იგი დაუღალავად და შეუსვენებლად მიიწევდა წინ მანამ, სანამ ერთხელაც გარიჟრაჟისას მშობლიურ ნაპირს არ მიადგა და თაღივით მოხრილი ხიდის იქეთ მშობლიური ქალაქი არ დაინახა.

იგი უჩუმრად შეიპარა მამის ბაღში, ფანჯრიდან მძინარე მამის სუნთქვა შემოესმა, შემდეგ ასევე უჩუმრად მიადგა საცოლის ბაღსაც, მხსლის ხის კენწეროზე ავიდა, საიდანაც საცოლის ოთახში შეიხედა და დაინახა, თუ როგორ იდგა და ივარცხნიდა ქალი თმებს. და ჰან ფოოკმა შეადარა ყოველივე ცხადში ნანახი სამშობლოს მონატრებისას ოცნებებში დახატულ სურათებს და იგი მიხვდა, პოეზიისათვის იყო დაბადებული და მთელი სისავსით შეიგრძნო, რომ პოეტის ოცნებებში ჩაბუდებული მშვენიერებისა და ნეტარების ყოფიერების გარემოცვაში ძიება სრულიად ამაოა. იგი ჩამოვიდა ხიდან, უკანმოუხედავად დატოვა ბაღი, გადაკვეთა მშობლიური ქალაქისაკენ მიმავალი ხიდი და დაბრუნდა მთებში ჩაფლულ სავანეში. და უკან დაბრუნებულს, როგორც ოდესღაც, ოსტატი კვლავ ქოხის წინ მოწნულ ხალიჩაზე მჯდომი ბარბითით ხელში დახვდა. მოხუცმა ახლაც მისალმების ნაცვლად წარმოთქვა ლექსები ხელოვნებით მონიჭებულ ნეტარებაზე, რომელთა სიღრმემ და კეთილხმოვნებამაც ჭაბუკის თვალთ ცრემლნი დაადინა.

ჰან ფოოკი დარჩა სრულქმნილი სიტყვის ოსტატთან, რომელიც მას ამიერიდან სათურზე დაკვრის ხელოვნებას აზიარებდა და დროც გაზაფხულის თოვლივით სწრაფად ილეოდა. ამის შემდგომ ჰან ფოოკი კიდევ ორჯერ მოექცა სამშობლოს მონატრების დაუოკებელი განცდის ტყვეობაში.

პირველად იგი ღამით ჩუმად გაიქცა, მაგრამ ღამის ნიავმა უკანასკნელ მოსახვევში დააწია ქოხის კარზე დაკიდებული სათურის ხმა, რომელიც მას უკან მოუხმობდა და ჰან ფოოკს არ ეყო ძალა, წინ აღდგომოდა ამ ძახილს და იგი დაბრუნდა. მეორედ კი მან იხილა სიზმარი, თითქოს იგი თავის ბაღში ხეს რგავდა, გვერდით ედგა ცოლი და შვილები კი ხეს რძითა და ღვინით რწყავდნენ.

გამოფხიზლებულს მოეჩვენა, რომ ოთახში მთვარე ჩაღვრილიყო, გულდამძიმებულმა მიმოიხედა და გვერდით დაინახა, თუ როგორ არხევდა სუნთქვა მშვიდ ძილს მიცემული მოხუცის ჭაღარა წვერს.

ჭაბუკი ერთბაშად შეიპყრო მოხუცისადმი უკიდეგანო სიძულვილმა და მას ეჩვენებოდა, რომ ამ მოხუცმა ნამსხვრევებად აქცია მისი სიცოცხლე და მზაკვრულად ხელიდან გამოსტაცა მომავალი. იგი მზად იყო მოხუცს თავს დასცემოდა და მოეკლა იგი. მოხუცმა უცებ თვალები გაახილა, მის ბაგეებს ნაზმა, ნაღვლიანმა ღიმილმა გადაურბინა, რამაც ფარ-ხმალი აჰყარა ჭაბუკს.

- გახსოვდეს ჰან ფოოკ, - უთხრა მოხუცმა ხმადაბლა, - შენ თავისუფალი ხარ და შეგიძლია აკეთო, რასაც მოისურვებ.

შენ შეგიძლია დაბრუნდე სამშობლოში და დარგო ხეები, შენ შეგიძლია გძულდე და მომკლა კიდეც, ეს ბევრს არაფერს შეცვლის.

- ოჰ, როგორ შეიძლება შენ მე მძულდე ოსტატო! – აღმოხდა ღრმა სინანულით შეპყრობილ პოეტს – ეს იგივეა, რომ მძულდეს თვით მაღალი ღმერთი!

ჰან ფოოკი დარჩა მოხუცთან, მან შეისწავლა სათურზე დაკვრა, შემდგომ დაეუფლა ფლეიტაზე დაკვრის ხელოვნებას, მოგვიანებით კი ოსტატის მითითებით მან დაიწყო ლექსების შეთხზვა, და იგი თანდათანობით ეზიარებოდა იდუმალ ხელოვნებას, რომელიც თავისი უბრალოებითა და სინატიფით მსმენელის გულს წყლის ზედაპირზე გადავლილი ნაზი ნიავივით ელამუნება. იგი უმღეროდა მზის ამონათებას, სიტყვებში აქსოვდა, თუ როგორი კრძალვით იკრებს იგი ძალას მთის წვერზე შემდგარი, აღწერდა წყალში ჩრდილივით მოძრავი მდუმარე თევზების ჩამიჩუმს ან გაზაფხულის ნიავით მოსილი ნორჩი ბალახის რხევას.
 
და მსმენელისათვის ეს არ იყო მხოლოდ მზის ამოკიაფება, თევზების თამაში და ნორჩი ბალახის ჩურჩული, თითქოს ცა და დედამიწა სრულქმნილი მუსიკის ჰარმონიაში იღვრებოდა და ყოველივე ეს სიხარულითა თუ ტკივილით მსმენელის არსებაში სიყვარულისა და სიძულვილის განცდებს აცოცხლებდა – ბავშვს თამაშზე, ჭაბუკს საყვარელ არსებაზე, ხოლო მოხუცს კი სიკვდილზე ჩააფიქრებდა.

ჰან ფოოკმა უკვე აღარც კი უწყოდა, თუ რამდენი წელიწადი გაატარა დიდი მდინარის სათავესთან ოსტატის ქოხში. ხშირად ეჩვენებოდა, რომ მხოლოდ გუშინ დადგა ფეხი ამ სავანეში და სიმების რხევით შეეგება მას მოხუცი, ხშირად კი ეგონა, რომ მის ზურგს უკან დიდმა დრომ და მრავალმა თაობებმა განლიეს გზა, ჩაიფერფლნენ და შეუერთდნენ არარაობას.

ერთ დილით ძველ ქოხში გამოღვიძებულმა პოეტმა შენიშნა, რომ მარტო იყო, იგი დიდხანს ამაოდ ეძებდა და უხმობდა ოსტატს.

თითქოს ერთ ღამეში კარს უცებ შემოდგომა მოსდგომოდა, ძველი ქოხის კედლები ცივი ქარის ტყვეობაში მოქცეულიყო, მთის ქიმებს მაღლა ცას მძლევარ ფრინველთა გუნდი შესეოდა, თუმცაღა მათი გადაფრენის დრო ჯერ არ დამდგარიყო.

ჰან ფოოკმა აიღო თავისი პატარა ბარბითი, დაეშვა დაღმა სამშობლოსაკენ. ყველა შემხვედრი მას მოხუცისა და ღირსეული ადამიანის საკადრის სალამს უძღვნიდა და როდესაც იგი თავის მშობლიურ ქალაქს მიადგა, მას ცოცხალი აღარ დახვდა არც მამა, არც თავისი საცოლე და ნათესავები, მათ სახლებში უკვე სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. საღამოს კი მდინარეზე სინათლის დღესასწაული გაიმართა, პოეტი ჰან ფოოკი მდინარის გაღმა ჩაბნელებულ ნაპირზე ბებერ ხეს მიყრდნობოდა და როდესაც მან თავის პატარა ბარბითზე დაკვრა დაიწყო, ქალებს ნეტარების ოხვრა აღმოხდათ და მოჯადოებულნი და მონუსხულნი გაჰყურებდნენ ღამის უსასრულობას, ყმაწვილკაცები კი უჩინარ მომღერალს ძახილით უხმობდნენ და ამ ძახილში ამოთქვამდნენ გულის სიღრმიდან ამოხეთქილ სიტყვებს, რომ მათ არასოდეს მოესმინათ ბარბითის ამგვარი კვნესება. ჰან ფოოკი კი იღიმებოდა. იგი მდუმარედ ჩაჰყურებდა მდინარის სარკეზე მონანავე ათასობით შუქურას. და მას უჭირდა ერთმანეთისაგან განესხვავებინა ანარეკლები და ნამდვილი შუქები, ისევე როგორც თავის სულში ვერანაირ განსხვავებას ვერ პოულობდა ამ დღესასწაულსა და იმ პირველ დღესასწაულს შორის, როდესაც სიჭაბუკეში მისი სმენა უცნობი ოსტატის იდუმალებით მოცულმა სიტყვებმა შეარხია.

 

 

 

1. სამხრეთჩინურ დიალექტზე ,,ცხოვრების ბედნიერებას” ნიშნავს. ამ სახელს უპირატესად თავის შვილებს მოსახლეობის დაბალი ფენის წარმომადგენლები არქმევდნენ იმ იმედით, რომ სახელი ახალშობილისათვის ამქვეყნიური კეთილდღეობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის მომასწავებელი იქნებოდა.
2. ძველიჩინური ტრადიციის თანახმად, ზოგიერთი ასტროლოგიური და კალენდარული ფაქტორების შეთანხმება კეთილ ან ავბედით ზეგავლენას ახდენდა ადამიანსა და მის ბედზე. ამიტომაც, ქორწილი, ჩვეულებრივ, ინიშნებოდა ,,კეთილისმომასწავებელ დღეს”.
3.

სინათლის დღესასწაული – აქ საუბარია ,,შუაგული შემოდგომის დღესასწაულზე”, რომელსაც ასევე ,,მთვარის დღესასწაულსაც” უწოდებენ და რომელსაც ჩინეთში ჩინური მთვარის კალენდრით წელიწადის მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს აღნიშნავენ. ტრადიციის თანახმად ამ დღესასწაულზე ბავშვები, რომელთაც ქალებსა და პოეტებთან ერთად ეძღვნებათ ეს დღესასწაული, ანთებენ სანთლებს. ,,შუაგული შემოდგომის დღესასწაული” ჰესეს ასევე აღწერილი აქვს თავის ლექსში ,,სინგაპურელი ჩინელების ღამის დღესასწაული”, რომელიც შესულია კრებულში ,,ინდური შთაბეჭდილებები” (1913).
4. ,,დავიწყებისა” და ,,წარსულის გონებიდან ამოძირკვის” მოტივი მომდინარეობს ძველი ჩინური ლიტერატურიდან და იგი დაკავშირებულია გარე სამყაროსაგან განწმედასთან და ამასთან იგი სულიერი განახლების წინაპირობას წარმოადგენს.
5. დუმილის მოტივი ძალზე ტიპიურია ადრეული ჩინური ლიტერატურისათვის: ცისა და დედამიწის უსიტყვო თანაქმედება შეუძლებელია გადმოიცეს სიტყვებით.

ამიტომაც უმჯობესია ეს მოვლენები შინაგანად იქნას აღქმული და არ შევეცადოთ მათი სიტყვებით გადმოცემას.
8. აღნიშნული ეპიზოდი ჰესეს აღებული აქვს ლე-ცზის ნაწარმოებიდან, სადაც მოთხრობილია სიუ-ტანის შესახებ, რომელმაც ჩათვალა, რომ სწავლა დაასრულა და გადაწყვიტა მასწავლებლისაგან წამოსვლა. მასწავლებელმა იგი არ შეაჩერა, მაგრამ მოსწავლის წასვლისას მან დაუკრა ელეგია. მუსკის ხმაზე ხეებმა რხევა იწყო, ცაზე მოლივლივე ღრუბლები თითქოს გაჩერდა. სიუ-ტანი უსიტყვოდ დაუბრუნდა მასწავლებელს და საბოლოოდ უარი თქვა შინ წასვლაზე..