7 წლის „მომავალი დიქტატორისთვის“, საყვარელი საჩუქარი იარაღია…

  20:13:47     30-06-2012

მედვედევის მიერ ლუკაშენკოს შვილისთვის ნაჩუქარმა ოქროს პისტოლეტმა, რომელმაც ვენესუელაში უგო ჩავესთან გამართული შეხვედრების დროსაც მიიქცია ყურადღება, ბელორუსი ბლოგერები აალაპარაკა. ფოტოებზე, რომლებიც ეკვადორშია გადაღებული, აღბეჭდილია, რომ 7 წლის კოლია ლუკაშენკო „სრული წესის დაცვით“ არის გამოწყობილი.

ლუკაშენკოს უმცროსი შვილის ასე „დაპიარება“ ბელორუსებს ანერვიულებს. ბლოგერები უკვე  პრეზიდენტის მიერ მომავალ მემკვიდრედ გამოცხადებული პატარა კოლიას ხასიათის თვისებებს განიხილავენ, რომელზეც, პრინციპში, ბევრიც არაფერია ცნობილი. თუმცა ცნობილია რამდენიმე შემთხევა, რომლებიც თავის დროზეც აჟიოტაჟის საგანი გახდა.

კოლიას იარაღისადმი სიყვარული კი საერთოდაც, მამა დაადასტურა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, როცა განაცხადა, რომ ყველაზე კარგ საჩუქრად მისი მესამე ვაჟი იარაღს მიიჩნევს.

ცნობილია კოლიას იარაღთან დამოკიდებულების ერთი შემთხვევაც, რომელიც მაშინ მოხდა, როცა ლუკაშენკომ შვილი მორიგ უცხოურ „მივლინებაში“ წაიყვანა. თვითმხილველებისგან გავრცელდა ამბავი, რომ ბიჭუნას თავად სურდა თვითმფრინავის კარის დაკეტვა, ხოლო როცა სტიუარდესა შეეწინააღმდეგა, კოლიამ მას ხელზე უკბინა და დაემუქრა: როცა მინისტრი გავხდები, დაგხვრეტ...

კოლიას უხასიათობას და არა კომფორტს მიაწერენ იმასაც, რომ ბავშვი სკოლაში არ დადის და კერძო პედაგოგებთან ამზადებენ. 2011 წელს მისთვის სპეციალურად ააშენეს სკოლა, რომელიც მილიონი დოლარი დაჯდა. მალე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდი ხასიათის გამო ბიჭუნა სკოლიდან გამოიყვანეს და რეპეტიტორები სახლში უქირავეს.

ყველაზე მეტი აღშფოთება და შეშფოთება კი იმან გამოიწვია, როცა 2011 წელს, მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომლის ორგანიზებასა და განხორციელებაში ბრალდებულები წელს დახვრიტეს, ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 წლის კოლია მაშინვე შემთხვევის ადგილზე მიიყვანა, სადაც სისხლის გუბეები, ტანსაცმლის  ნაფლეთები და სისხლიანი ქსოვილები ჯერ ისევ მიმობნეული იყო...